ახალი კვლევების თანახმად, თუ ძაღლის პატრონი დიეტას იცავს, დიდი ალბათობით, შინაური ცხოველიც “დიეტობენ”.
როდესაც საქმე მარცვლეულისგან თავისუფალ დიეტას ეხება, მეპატრონეები თავიანთი ძაღლებისთვის უფრო ნაკლები ოდენობით ყიდულობენ საკვებს, რომელიც მას შეიცავს. ამგვარი დიეტის მთავარი მიზანი გლუტენის შემცველ მარცვლეულებზე უარის თქმაა. თუმცა, ასევე, ხშირად ამბობენ უარს გლუტენისგან თავისუფალ მარცვლეულზეც, როგორიცაა, მაგალითად, ხმელი სიმინდი.
“ეს ცხადყოფს, რომ მრავალ ქმედებას, მათ შორის, დიეტურ ჩვევებს, გავლენა აქვს ძაღლების საკვების შერჩევაზე” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი სიდნი ბანტონი.
შინაური ცხოველების საკვების მოხმარების საერთაშორისო კვლევა პირველია ამ ტიპის გამოკვლევებში, რომლებიც იმის ახსნას ემსახურება, თუ რატომ მოქმედებს ადამიანის დიეტა მისი შინაური ცხოველის საკვებზეც. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლების პატრონები, რომლებიც გლუტენისგან თავისუფალ, ორგანულ ან მარცვლოვან დიეტაზე არიან, სავარაუდოდ, იგივე მახასიათებლებს ეძებენ ძაღლის საკვებშიც.
კვლევის ფარგლებში კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში 3 300 ადამიანი გამოიკითხა. მთავარი კითხვა, რაზეც მათ უნდა ეპასუხათ იყო ის, თუ სად იღებდნენ ინფორმაციას ძაღლის საკვების შესახებ, სად ყიდულობდნენ და არჩევანის გაკეთებისას რა წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს.
შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი უარს ამბობს მარცვლეულის შემცველ საკვებზე. პროცენტულად ეს ასე გამოიყურება – ყველაზე მაღლი მაჩვენებელი 30% გერმანიაში ფიქსირდება, 27% – აშშ-ში, 22% – კანადაში და მხოლოდ 8% – საფრანგეთში.
როგორც ცხოველების საკვების ექსპერტი, ქეით შოველერი აღნიშნავს, შინაური ცხოველების საკვების ინდუსტრიაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ტენდენციებს და იმას, თუ რა წარმოდგენები აქვთ ცხოველების პატრონებს ზოგადად საკვებთან მიმართებით. ამიტომ, მკვლევრებმა, რომლებიც ინოვაციებს ქმნიან ძაღლებისა თუ კატების საკვებში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სამომხმარებლო ტენდენციები და შექმნან საკვები, რომელიც ადამიანების “რწმენებს” შეესაბამება.
მეცნიერთა თანახმად, ის, რაც ჩვენი დიეტის ხელშემწყობ ფაქტორს ან უბრალოდ ცხოვრების წესს წარმოადგენს, შესაძლოა, ცხოველებისთვის საზიანო აღმოჩნდეს – მაგალითად, მეორადი მეტაბოლური დარღვევების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამას მოწმობს 2018 წელს აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ გაცემული მითითება, რომლის თანახმადაც მარცვლეულისგან თავისუფალი საკვები ძაღლებისთვის სახიფათოა.
და მაინც, ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ პირიქით, მარცვლეულის მიღებაა საზიანო… შესაბამისად, თავიანთ საყვარელ არსებას არ აძლევენ იმას, რაც საკუთარი თავისთვის არ სურთ. “ასე ფიქრს განაგრძნობენ იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მარცვლეულის საზიანოობას დაამტკიცებს. ალბათ, შინაური ცხოველების ინდუსტრიაში მარკეტინგის სტრატეგია დიდ გავლენას იქონიებს ამ დამოკიდებულებაზე” – ამბობენ მკვლევრები.
თავის მხრივ, ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია – იმის გაგებით, თუ რა პრინციპებს ეყრდნობიან ძაღლის მეპატრონეები საკვების შერჩევისას, მეცნიერები უკეთ შეძლებენ შესაბამისი ასპექტების წინ წამოწევასა თუ ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას.













