in

შესაძლოა, შინაური ცხოველის ყოლამ დემენციის რისკები შეამციროს

თითქმის 8000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ შინაური ცხოველის ყოლამ, შესაძლოა, მენტალური ჯანმრთელობის დაქვეითებისგან დაგიცვათ. ეს კი იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, დემენციის წინაპირობად მიიჩნევა. საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანელების მიგნება ამერიკელების კვლევას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, შინაური ცხოველის ყოლამ 65 წელს ზემოთ მყოფი მარტო მცხოვრები ადამიანების ტვინი დაბერებისგან შეიძლება, დაიცვას.

მარტოობა და დემენცია ორი გლობალური პრობლემაა — 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 57 მილიონ ადამიანს ჰქონდა დემენციის დიაგნოზი. ამჟამინდელი პროგნოზით, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 175 მილიონს მიაღწევს. რაც შეეხება მარტოობას, ეს მაჩვენებლებიც გლობალურად იზრდება და ასაკში დემენციის განვითარების მაღალ რისკებს უკავშირდება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ადამიანებმა სოციალურად იზოლირებულად შეიძლება იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, მარტო ცხოვრობენ თუ არა. 

რაც შეეხება შინაური ცხოველის ყოლას, ისინი კომპანიონებად გვევლინებიან, შედეგად, ასაკოვანი ადამიანებიც ფიზიკურად მეტად აქტიურები არიან, მეტად საუბრობენ და ცდილობენ მეზობლებთან დაკავშირებას, ვიდრე ისინი, ვინც მარტო, ცხოველების გარეშე, ცხოვრობენ. უნდა ვაღიაროთ, ეს პანდემიის დროსაც მეტად აშკარა გახდა ჩვენთვის… თუმცა, რამდენად შეუძლია, შინაური ცხოველის ყოლას ასაკთან დაკავშირებული მენტალური შესაძლებლობების დაქვეითება შეაფერხოს, სიღრმისეულად შესწავლილი აქამდე არ ყოფილა.

English Longitudinal Study of Aging-ის (ELSA) კვლევის ფარგლებში იანჟი ლიმ, თავის გუნდთან ერთად, 7945 ბრიტანელი შეისწავლა, რომელთა ასაკიც 50 წელს აღემატებოდა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომლებიც მარტო, მაგრამ შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრობდნენ, კოგნიტიური უნარების კლების უფრო დაბალი მაჩვენებლები აღენიშნებოდათ ვერბალური შემეცნების, მეხსიერებისა და მეტყველების საკითხებში. მიუხედავად ამისა, ცხოველებს არანაირი ეფექტი ჰქონდათ იმ ხანდაზმულებზე, რომლებიც სხვებთან ერთად ცხოვრობდნენ…

„ჩვენი შედეგები გვაწვდის უფრო ძლიერ მტკიცებულებებსა და დეტალურ ინსაითებს შინაური ცხოველის ყოლის სარგებელზე ვერბალური მეხსიერებისა თუ მეტყველების კუთხით იმ ხანდაზმულებში, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. ხოლო, თუ კლინიკური ცდები მომავალში ჩვენს მიგნებებს დაადასტურებს, გამოდის, შინაური ცხოველის ყოლა კოგნიტიური დისონანსის შენელებასა და დემენციის პრევენციაში დაგვეხმარება“, — განმარტავენ მკვლევრები.

როგორ გამოვიყენოთ FaceTime ანდროიდზე?

Balché Liquor — მაიას ცივილიზაციის „ბრენდირებული აღორძინება“