7
Oct
2019

“შინდისი” – როგორ იქმნებოდა საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი

7 Oct 2019

ალბათ, ყველამ ვიტირეთ დარბაზში. მხატვრულმა ფილმმა “შინდისი” ძალიან ადვილად გაიკვლია გზა ჩვენს მოუშუშებელ იარებამდე. შესაძლოა იმიტომაც, რომ ესაა შეულამაზებლად, რომანტიზებისა და გადაჭარბებული დრამატიზების გარეშე ნაჩვენები ნამდვილი ამბავი გმირებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის ქარცეცხლში მოხვდნენ. ფილმი, წელს, ოსკარის მოსაპოვებლად გააგზავნეს, საქართველოს სახელით, ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში. თუმცა, “შინდისის” გარშემო გაზრდილი ინტერესი მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის გამო არ ყოფილა. არანაკლებ საინტერესოა მისი, როგორც ნამუშევრის ღირებულება. დღეს, სწორედ ამაზე გვინდა გიამბოთ.

 

“შინდისი” მთლიანად საქართველოშია შექმნილი. მის წარმოებაში თავისუფალი კინოსტუდია და საპროდუსერო სტუდია 20 Steps Productions იყვნენ ჩართულები. იდეის ავტორი და პროდუსერი ედმონდ მინაშვილია, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი აქვს შექმნილი. ედმონდ მინაშვილისთვის ეს ფილმი პირად ტრაგედიასთან არის კავშირში. მას შემდეგ, რაც მისი ბავშვობის მეგობარი შინდისის ბრძოლას შეეწირა, ავტორმა განიზრახა ამ ამბის შესახებ ყველას სცოდნოდა.

 

“შინდისის” რეჟისორად დიმიტრი ცინცაძე აირჩიეს. გუნდის შეფასებით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ხმის რეჟისურაზე ბესო კაჭარავამ, კინოკომპოზიციაზე კი, ასე ორგანულად რომ ერწყმის სიუჟეტს, ზვიად მღებრიშვილმა იმუშავა. სცენარი ირაკლი სოლომანაშვილს ეკუთვნის. ოპერატორობა კონსტანტინე ესაძემ გასწია. პროდუსერის შეფასებით, დამდმელი მხატვრის, თეო ბარამიძის დამსახურებაა, რომ მცირე რესურსების პირობებში, ფილმი დამაჯერებლობას ინარჩუნებს. კოსტიუმების დიზაინზე ქეთევან კალანდაძემ იზრუნა. მთავარ როლებში კი არიან: გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე.

ვოვა კაჭარავა, პროდუსერი: “მსგავსი ფილმების გადაღება საკმაოდ რთული ამოცანაა, განსაკუთრებით როცა უახლოეს და ასეთ მტკივნეულ თემას ეხება. ბევრიც ვიფიქრე, სანამ ხელს მოვკიდებდი მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ თავდაუზოგავი შრომით, ჩვენი გამოცდილებით და ჩვენს ხელთ არსებული სახსრებით შევძლებდით ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავი ეკრანზე შესაფერისად აღგვებეჭდა. ამაში სახელმწიფოს, კავკასიის კინოსერვისის და art-things-ის ტექნიკური მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იყო.

ერთ-ერთი ძირითადი სირთულე სწორედ ბატალური სცენების გადაღება იყო, რადგან ამის გამოცდილება, დღეს, საქართველოში არ გაგვაჩნია. ამიტომ წარმოების დაწყებამდე გავიარეთ კონსულტაცია და ჩავატარეთ სატესტო გადაღებები რათა მიგვეღწია მაქსიმალური შედეგისთვის, რომ ცოტათი მაინც გადმოგვეცა ის საშინელება რასაც თავგანწირული ომი ჰქვია.

ბევრ წინასწარ გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ სირთულეს შეეჩეხა გადაღებების პროცესი მაგრამ ყველაფერი საერთო სულისკვეთებით და მონდომებით ასე თუ ისე დავძლიეთ, სამსახიობო დასისა თუ გადამღები ჯგუფის ერთსულოვნება ნამდვილად ვერ იქნებოდა ასეთი რომ არა ეს მნიშვნელოვანი, ყველასთვის საყურადსაღებო თემა, რომელიც ყველას ერთნაირად გვტკივა.”

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატალური სცენები. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი საომარი სცენაა, რომელზეც ოპერატორმა მინდია ესაძემ იმუშავა.

მინდია ესაძე, ოპერატორი: “მთვარი სათქმელი იყო გახსენება უგულოდ და უსამართლოდ მივიწყებული ამბისა საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ვფიქრობ, ფილმმა სრულყოფილად გადმოსცა თავდაპირველი ჩანაფიქრი. სრული კონცენტრაციის შემთხვევაში, ოპერატორისთვის, მნიშვნელობა არ აქვს სცენა საომარია თუ არა. პროფესიონალი ოპერატორისთვის ერთნაირია პასუხისმგებლობა ნებისმიერი გადაღებისას. უბრალოდ, საომარი სცენების გადაღებისას, კადრის სხვა და სხვა კომპნენტების, კამერის ან საოპერატორო ტექნიკის, მსახიობების ან მასიური სცენების მსახიობების კოორდინირებულ მოქმედებას, ემატება პიროტექნიკა და სპეცეფექტები.”

ფილმის მონტაჟიც რთული პროცესი გამოდგა, რომ მას არც დაეკარგა ჯგუფის მუხლჩაუხრელი ნაშრომი და ამასთან გაემძაფრებინა, ხაზი გაესვა და საბოლოო, დასრულებული სახე მიეცა ამბისთვის.

ლევან კუხაშვილი, მემონტაჟე: “კინო თანამედროვეობის ჟამთ აღმწერელია ერთგვარად, ფილმის მთავარი გამოწვევა იყო სწორედ გადმოეცა 21 საუკუნეში ომი და აგრესია, ჩვენი ვითომ კეთილმოსურნე მეზობლის. ამავე დროს, ცალმხრივი არ ყოფილიყო ზუსტად და თანმიმდევრობით აესახა მოვლენები.
მასალა, რითიც ვიმუშავეთ მოიცავდა 27 გადაღებადღეს, აქედან მხოლოდ 10 დღე იყო ბატალური სცენებისთვის დათმობილი, ეს არის ძალინ ცოტა სამონტაჟო მაგიდაზე სამუშაოდ, როდესაც გინდა ბატალური სცენა, მინიმუმ, 20 წუთს გრძელდებოდეს, რთულია სწორად გააკეთო საბრძოლო სცენა 10 დღეში გადაღებული მასალით, მოითხოვს დიდ ყურადღებას – გასროლის და მოძრაობის მიმართულება სწორად იყოს, რეალიზმი არ დაიკარგოს და ამავე დროს, ემოცია იდოს ყველა კადრში, გადმოგვცეს თავგანწირვა, რასაც იმ მომენტში ჩვენი გმირები განიცდიდნენ. მიხარია და ბედნიერი ვარ რომ მომიწია ფილმზე მუშაობა, ისტორიის ნაწილად ყოფნა ჟამთ აღმწერლობაში ჩემი ხელწერის შეტანა.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა