თუკი Shiseido-ზე ფიქრობთ, სავარაუდოდ, წარმოიდგენთ კანის მოვლის ძვირფას პროდუქტებს, ელეგანტურ შეფუთვაში. ეს იაპონური ბრენდი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე Shiseido არის ინოვაციის, ხელოვნებისა და ესთეტიკისადმი ერთგულების სიმბოლო.
Shiseido, 1872 წელს, არინობუ ფუკუჰარამ დააფუძნა. თავდაპირველად, ეს დასავლური სტილის აფთიაქი გახლდათ, გინზაში – ტოკიოს ხალხმრავალ უბანში. ფუკუჰარა, გამოცდილი ფარმაცევტი იყო. მას არ აკმაყოფილებდა იაპონური მედიცინის ხარისხი და ჯანდაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. უჩვეულოდ მოგეჩვენებათ, თუმცა Shiseido-ს პირველი პროდუქტი კბილის პასტა იყო, ეს კი ძალიან განსხვავდება იმ ძვირფასი კოსმეტიკისგან, რითაც ის დღეს გახლავთ ცნობილი.
ბრენდისთვის გარდამტეხი მომენტი 1897 წელს დადგა, როდესაც Shiseido-მ კოსმეტიკის სამყაროში შეაბიჯა კანის დამარბილებელი ლოსიონით, სახელწოდებით Eudermine. ეს ინოვაციური პროდუქტი, თავისი შთამბეჭდავი ლალისფერი შეფუთვით, სწრაფად გახდა პოპულარული. ფუკუჰარას მეწარმეობრივმა სულისკვეთებამ უბიძგა გაეხსნა იაპონიაში გაზიანი წყლის პირველი შადრევანი Shiseido Parlour, რომელიც სოციალურ ცენტრად აქცია.
Shiseido-ს ინოვაციისადმი ერთგულება მთელი მისი ისტორიის მანძილზეა გამოხატული. 1917 წელს, Rainbow Face Powder-ის რევოლუციურმა კონცეფციამ ქალებს შესთავაზა ფერთა მრავალფეროვანი სპექტრი, კანის ტონთან შესაბამისად. 1930-იან წლებში წამოწყებული პროგრამა Miss Shiseido წინ უსწრებდა დროს და სილამაზეს განათლებასა და გართობასთან აერთიანებდა. ამ ინოვაციებმა განამტკიცა Shiseido-ს პოზიცია სილამაზის ინდუსტრიაში.
ხელოვნება და სილამაზე ყოველთვის იყო გადაჯაჭვული Shiseido-ში. კომპანიის დამფუძნებელი, შინზო ფუკუჰარა, გამოცდილი ფოტოგრაფი და ხელოვნების დიდი გულშემატკივარი იყო. მან დააარსა Shiseido Gallery, იაპონიის ხელოვნების გალერეა, რაც წარმოაჩენს ბრენდის ერთგულებას კულტურისა და ესთეტიკისადმი. ეს მხატვრული მემკვიდრეობა კვლავაც ახდენს გავლენას Shiseido-ს პროდუქტის დიზაინსა და მარკეტინგზე.
საოცარია Shiseido-ს გზა პატარა აფთიაქიდან გლობალურ სილამაზის გიგანტამდე. 120-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნით, ბრენდმა მომხმარებელთა გულები მთელ მსოფლიოში მოინადირა. მისი მუდმივი განვითარებისადმი ერთგულება სახის მოვლის რევოლუციური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროდუქტის ფორმულირების საფუძვლად იქცა.
გლობალური წარმატების მიუხედავად, Shiseido კვლავაც მკაფიოდ გამოხატავს იაპონურ კულტურასა და ტრადიციებს. ბრენდის ფილოსოფიის ბირთვია omotenashi-ის კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს გულწრფელ სტუმართმოყვარეობას. Shiseido განაგრძობს ევოლუციას, და ამავდროულად, თავისი მემკვიდრეობის ერთგულად რჩება.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.