7
Oct
2019

ლევან ბახია: შიშის არ შიში

7 Oct 2019

მეორე სტატიის წერას ვიწყებ მარკეტერისთვის, ანუ იმას, რასაც თქვენ ახლა კითხულობთ და როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, მეც მეშინია. მეშინია იმისი, როგორ გამომივა, რა შთაბეჭდილებს მოახდენს ჩამი ნაფირალი თქვენზე, რას იტყვიან ჩემი ახლობლები როცა ამას წაიკითხავენ – განმსჯიან თუ მომიწონებენ.

სწორედ ამ თემაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ნააზრევი.

გაიხსენეთ ის მომენტი, როცა პირველად ახვედით მთის წვერზე და თხილამურებით აპირებთ დაშვებას.  გაიხსენეთ როგორ ირევა ერთმანეთში თოვლის ფანტელზე სრიალის და დაცემის შიში ერთდროულად. ან თუკი ფრენის გეშინიათ, გახსოვთ ის ღელვა რომელიც გიპყრობთ თვითმფრინავში ჩაჯდომისას და როგორ კონფლიქტში მოდის ეს ღელვა მოგზაურობის სურვილთან? ან იქნებ რომელიმე თქვენგანს იმის შიში გაქვთ ხოლმე, სახლიდან გამოსული, რამე ხომ არ დაგრჩათ შინ ჩართული…

როგორ დავძლიოთ ეს მდგომარეობა? გიფიქრიათ ამაზე? სამუდამოა ეს ყოფა და უნდა შევეგუოთ, თუ არსებობს რამე გზა, რომ ვისწავლოთ ჩვენ ჩვენს შიშებთან გამკლავება?

ფიქრით ექსპერიმენტში გამომყევით.

ორი ადამიანი წარმოვიდგინოთ – ორივე ველოსიპედზე. ოღონდ, არცერთმა იცის მისი ტარება.  სხვაობა ამ ორ ადამიანს შორის არის მხოლოდ ერთ რამეში – ერთს გადაწყვეტილი აქვს რომ ისწავლოს ტარება, ხოლო მეორეს ვაძალებთ და არ უნდა.

ახლა შევადაროთ.

ორივე შეიძლება დაეცეს, თავიდან ბალანსი ვერ დაიჭიროს, მაგრამ პირველი ნელ-ნელა ისწავლის, ხოლო მეორე პანიკაში იქნება და მისი უნარი, ატაროს ველოსიპედი – არ გაუმჯობესდება.

მეორეს მხრივ ველოსიპედის ტარებას თეორიულად ვერ ისწავლი. ადამიანს რომ უთხრა, ველოსიპედზე ტარება ისწავლეო, ან ცურვა, ან რამე მსგავსი, რა არის საჭირო, რომ მან ეს შესძლოს?  შეუძლია ადამიანს, ცურვა ცარიელ აუზში ისწავლოს? შეგვიძლია, თეორიულად ავუხსნათ ვინმეს, როგორ უნდა დაიჭიროს ბალანსი ველოსიპედზე? თუ ამისთვის ველოსიპედიზე ჯდომაა საჭირო? და მომენტი, როცა ველოსიპედიდან გადმოდიხარ და კედელზე მიაყუდებ, სწავლა ჩერდება. უფრო მეტიც, მომენტი, როცა ველოსიპედზე ზიხარ და ფეხს ჩამოდგამ, შეისვენებ, იმ წამებში უკვე აღარ სწავლობ. სწავლობ მხოლოდ მაშინ, როცა ატარებ.

მაგრამ თუ ველოსიპედზე ჯდომა აუცილებელი პირობაა ტარების სასწავლად, კიდევ რა არის საჭირო რომ ისწავლო? იმის გააზრება, რომ სწავლობ მხოლოდ მაშინ, როცა ის ხდება, რის სწავლასაც ცდილობ.

გამოდის, რომ ჩვენსა და ნებისმიერ უნარსა თუ ცოდნას შორის შიში დგას. და როცა შიში გეწვევა, კი არ უნდა გაექცე, არამედ მიიღო, რადგან მხოლოდ მაშინ, როცა გეშინია, შეგიძლია იპოვო გზა, როგორ აღარ გეშინოდეს. იმ პირობით, რომ გადაწყვეტილი გაქვს, ისწავლო როგორ აღარ გეშინოდეს.

იყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში როცა ნერვული აშლილობა, პანიკური შეტევები და მსგავსი პრობლემები ყოველგვარი სცენაზე გასვლის და თვითმფრინავში ჩაჯდომის გარეშე მემართებოდა.  ყველაზე მეტად რაც ამ მომენტებში მინდოდა ხოლმე, იყო რომ ეს ყოველივე დასრულებულიყო რაც შეიძლება მალე, არ ვიცოდი რა მექნა, სად დავმალულიყავი, როგორ გავქცეოდი.

მაშინ ჯერ არ ვიცოდი იმის შესახებ, რაზეც ახლა ვწერ, და ჯერაც ბოლომდე ვერ დაღვინდა ეს აზრი ჩემში, მაგრამ ვბედავ და თქვენ მაინც გიზიარებთ – თუ ნამდვილად მინდოდა მესწავლა გამკლავება ამ მდგომარეობისათან, კი არ უნდა დავმალვოდი და გავქცეოდი შეტევებს, არამედ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მესწავლა ამ მდგომარეობის მართვა.  ნერვული შეტევა რომ მემართებოდა, ეს ხომ სწორედ ის მომენტი იყო, როცა მასთან გამკლავების სწავლა შემეძლო.  როგორც კი გადამივლიდა, სწავლა სრულდებოდა, ისევე, როგორც ველოსიპედისტისთვის მთავრდება ბალანსის დაჭერის სწავლა, როცა ის ფეხს ჩამოდგამს მიწაზე.

თუ თქვენ სცენაზე ხართ, თვითმფრინავში ზიხართ ან რაიმეს ისეთს აკეთებთ რომელიც შიშს გგვრით, გაიხსენეთ რომ ძვირფასს წუთებს კარგავთ როცა არ უძღვნით ამ წუთებს, ამ ყველაზე რთულ წუთებს იმას, რომ გიხაროდეთ მისი სწავლის შანსი რომ მოგეცათ.

და თუკი თქვენ იტყვით რომ მსგავსი შიშები არ გაწუხებთ და აქ რაც წერია არაფერში გამოგადგებათ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.  იმიტომ, რომ შესაძლოა, ნებისმიერ ცოდნასა და თქვენ შორის გაუაზრებლად მსგავსი მექანიზმი დგას. შესაძლოა თქვენს კარიერულ და პროფესიულ ზრდასა, სიზარმაცის დაძლევასა და ჩვენს საერთო უკეთესს მომავალს შორისაც ეს შიში დგას.

ხომ არ მოვიდა დრო რომ „ველოსიპედით“ სეირნობა დავიწყოთ?

 

ლევან ბახია – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა