მენტალური ჯანმრთელობის სფეროში შიშსა და შფოთვას ხშირად პათოლოგიად მიიჩნევენ, თუმცა ზოგჯერ, შესაძლოა, ძალიანაც დაგვეხმაროს… როცა გვეშინია, მეტად ფხიზლად ვართ, მეტად კონცენტრირებულნი, სწრაფადაც ვაზროვნებთ და უკეთაც შეგვიძლია რაღაცების გახსენება. ეს ენერგია და ფოკუსირების უნარი კი შეიძლება პროდუქტიულად გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ ძალიან თავისუფლად ვგრძნობთ თავს ან ძალიან ვნერვიულობთ საჯაროდ საუბრის წინ, იდეალურები ვერ ვიქნებით. საუკეთესო შედეგის მისაღებად საკმარისად უნდა ვნერვიულობდეთ იმისათვის, რომ მენტალურ ენერგია დავაგროვოთ და საუბარზე ვფოკუსირდეთ.
შიშის ენერგია რაღაცების გაჭიანურებაშიც გვიშლის ხელს და პრიორიტეტს ანიჭებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამან, შესაძლოა, ახალი უნარების შესწავლისკენ გვიბიძგოს, რათა გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხშირად კი ერთი შიში მეორე შიშის დაძლევაშიც გვეხმარება — ახალგაზრდობასთან დამშვიდობების, ბედნიერების, პროდუქტიული ასაკისა თუ სხვა შესაძლებლობის დაკარგვის შიშმა შეიძლება მარტოობისა და დაშორების შიშის დაგაძლევინოთ.
ეს გრძნობა სახალისოცაა ხოლმე და ასე რომ არ იყოს, არც ამდენი საშიში ფილმი თუ წიგნი იარსებებდა… ხოლო ისეთი გამოცდილებები, როგორებიცაა სქაი დაივინგი და სხვა ექსტრემალური აქტივობები, გვეხმარება, რუტინიდან გამოვიდეთ და განვიტვირთოთ. აქ კი მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი კონტროლირებად გარემოში ხდება.
როგორ ვმართოთ შიში?
- შიში სიგნალია: არ დააიგნოროთ, დააკვირდით, რა გაშინებთ და რა დოზითაა ეს რეალური. ასე ავტომატური შიში შემცირდება…
- მიიღეთ მეტად ობიექტური პერსპექტივა თქვენი შიშების შესახებ სხვებისთვის კითხვების დასმით. ეს დაგეხმარებათ, საშიშ სიტუაციას მეტად ლოგიკური პერსპექტივიდან შეხედოთ.
- დააკვირდით თქვენს წარსულს: დააკვირდით, რამდენად ხშირად აფასებთ მოსალოდნელ რისკებსა და უარყოფით შედეგებს, შემდეგ კი როცა რაღაცის შეგეშინდებათ, გამოიყენეთ თქვენი ტვინის წინა ნაწილი, რათა თქვენივე შფოთვა დაარეგულიროთ.
- არ აარიდოთ თავი თქვენს შიშებს: ყოველთვის, როცა თავს არიდებთ სიტუაციას და ცუდი არაფერი ხდება, თქვენი ტვინი ამყარებს რწმენას, რომ თუ ამ სიტუაციას თავს აარიდებთ, კარგად იქნებით. ამის ნაცვლად კი, ჩაერთეთ იმაში, რაც გაშინებთ და იქამდე დარჩით, სანამ თქვენი ტვინი არ მიგანიშნებთ, რომ უსაფრთხოდ ხართ.
- გადაერთეთ პოზიტივზე, როცა მიხვდებით, რომ რაღაც გაშინებთ. ეცადეთ გაახსენოთ საკუთარ თავს პოზიტიური ასპექტები, თქვენი უნარები თუ წარსული გამოცდილებები.
- აითვისეთ ახალი უნარები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციასთან გასამკლავებლად გჭირდებათ. ეს კონტროლის შეგრძნებას მოგცემთ, რაც შიშის ძალიან კარგი ანტიდოტია.
- ივარჯიშეთ: ეს შფოთის შემცირებას შეუწყობს ხელს, 10 წუთით გასეირნებაც კი შედეგიანია.
- გააკეთეთ რაღაც სახალისო და ცოტათი საშიში: ეს შიშების წარმოსახვაში დაგეხმარებათ…
- თუ შიში ძალიან გსტრესავთ ან სოციალურ ფუნქციონირებაში გიშლით ხელს, მაშინ პროფესიონალს მიმართეთ…