არც ისე მარტივია იმის გარკვევა, თანამედროვე ქართულში შემოსული უცხო ტერმინები ახალი ცნების აღმნიშვნელია თუ ძველ, კარგად ნაცნობ საგანს დაარქვეს სხვა ენების მიბაძვით. თუმცა ამაში ტერმინოლოგიური ბაზის არსებობა გვეხმარება, რომელშიც სულ ახლახან ჩაიწერა, რომ „შლოპანცი“ კი არა, შლაპუნები უნდა გამოვიყენოთ. ეს იდეა ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა შემოგვთავაზა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი აკაკის სიტყვებს ვკითხულობთ: „შლაპუნა (შლაპუნასი) — რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე.“
ქართულ ენაში შლაპუნების გაცოცხლებაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ საქმიანობაზე მიგვითითებს, რომელიც 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის, თუმცა მაინც ინარჩუნებს კვლევით მიმართულებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ლია ქაროსანიძეს, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს გავესაუბრეთ.
„ენაში საუკუნეების განმავლობაში შემოდიოდა და ახლაც შემოდის უამრავი ახალი სიტყვა. ეს პროცესი რთული სამართავი იყო ყოველთვის და დღესაც ასეა, ცხადია, თუმცა ბევრი რამ სამეცნიერო საზოგადოების მიდგომაზეა დამოკიდებული. ტერმინოლოგიის ისტორიაში შესანიშნავად ჩანს, როდის გვეცალა და როდის არა იმისთვის, რომ ქართული სიტყვები ადვილად არ დაგვეთმო. რატომ გვაქვს ენაში ამდენი აღმოსავლური სიტყვა? იმიტომ, რომ იმდროინდელი საზოგადოება ვერ გაუმკლავდა უცხო სიტყვების ნაკადს…“, — გვეუბნება ლია ქაროსანიძე.
ახლა კი უშუალოდ კითხვებზე გადავინაცვლოთ, რათა მეტი გავიგოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტის საქმიანობის, ბარბარიზმებისა და შლაპუნების მსგავსი სიტყვების შესახებ.
M: ამჯერად რუსული ენიდან შემოსული „შლოპანცის“ ქართული შესატყვისი შემოგვთავაზეთ. მოგვიყევით, მსგავსი სიტყვებისა და ენაში მათი დამკვიდრების პროცესზე…
სიტყვის მოძიება და მერე დამკვიდრება არ არის ადვილი საქმე. თქვენ თავიდანვე მკითხეთ, როგორ ახერხებთ ახალი სიტყვის მიღებასო. რთულად, ძალიან რთულად, თუმცა ისიც შესამჩნევია, რომ ბოლო ხანს ცოტათი შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და ქართულ სიტყვებს იმდენად აღარ დასცინის, მანამდე კი, გასაკვირია და უცნაური, მაგრამ ასეც იყო… ქართული ტერმინთბანკის მასალებზე დაყრდნობით უკვე რამდენიმე სიტყვა დამკვიდრდა თანამედროვე ქართულში,
მაღაზიებში გამოჩნდა რაჭული სიტყვა ბამბულა რუსული „დუტის“ შესატყვისად. იმედი მაქვს, მაღაზიებშივე გამოჩნდება ქუნთა, რომელიც „პუფის“აღმნიშვნელად დავადასტურეთ ხევსურულში. რაც შეეხება შლაპუნას, ის ენათმეცნიერ ანა ჭაბაშვილის შემოთავაზებაა.
ჩემი კოლეგები უკვე რამდენიმე ათეული წელია, უწყვეტად მუშაობენ ტერმინოლოგიაზე. ენათმეცნიერების ინსტიტუტი შეძლებისდაგვარად ინარჩუნებს იმ ძველ ტრადიციულ ტერმინოლოგიურ მიდგომებს, ჯერ კიდევ ძველმა ქართველმა მთარგმნელებმა რომ განსაზღვრეს ქრისტიანობის შემოსვლისთანავე, ამავე დროს თანამშრომლობს ევროპის ცნობილ ტერმინოლოგიურ საზოგადოებებთან.

M: რას გვეტყვით ბარბარიზმებზე და როგორ ებრძვის მას ენათმეცნიერების ინსტიტუტი?
ბარბარიზმების მოძალება და გაუმართავი ენა მხოლოდ განათლებული საზოგადოების სისუსტის მაჩვენებელია. ბარბარიზმებზე პირველად სულხან-საბა ორბელიანი ალაპარაკდა, თავის ლექსიკონში სათითაოდ განიხილა უცხოენოვანი სიტყვები და იქვე ქართული შესატყვისებიც გაახსენა ქართველ საზოგადოებას. თანამედროვე ქართულისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ჟურნალისტის გოგა ჩანადირის მიერ 2016 წელს დაწყებული მოძრაობა ინგლისურენოვანი ბარბარიზმების წინააღმდეგ, რადგან მანამდე მხოლოდ რუსული სიტყვები მიიჩნეოდა ბარბარიზმებად…
რამდენიმე წლის წინ ქართული სიტყვების გაცოცხლება დავიწყეთ — ვიყენებთ ქართულ ტერმინთბანკს, რომელშიც, გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ დარგობრივი ლექსიკონების ნორმალიზაციაზე, ანუ რამდენიმე ტერმინიდან ერთის არჩევასა და დაკანონებაზე, ვამუშავებთ დიალექტურ ლექსიკონებსა და ძველ ქართულ მასალას თემატურ ჯგუფებად: სამოსი, საკვები, ფეხსაცმელი, ქსოვილები და სხვ. ეს მასალა საშუალებას გვაძლევს, ადვილად მოვიძიოთ შესატყვისი ტერმინები უმდიდრეს ქართულ ენაში, ის აერთიანებს იმერულ, გურულ, კახურ, მეგრულ-სვანურ თუ სხვა სალექსიკონო მასალას. ქართულ ტერმინთბანკში უკვე გადატანილი გვაქვს ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონების ყველა გამოცემა, მათ შორისაა საბჭოთა ხელისუფლების მიერ აკრძალული ე. წ. პურისტული ლექსიკონი, რომელშიც ძალიან ბევრი საინტერესო სიტყვაა შემონახული. ვგეგმავთ მათ გაცოცხლებასაც.
სხვა წლების ლექსიკონებში ვერსად ნახავთ ვენტილატორისა და ვენტილაციის ქართულ შესატყვისებს, მხოლოდ 1920 წლის ლექსიკონშია სანიავო და ნიავება.
მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონის ახალი რედაქციის მომზადებისას ამ მასალას სრულად ვითვალისწინებთ. ცხადია, ქართული ტერმინთბანკის ინტერნეტში გამოქვეყნება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ტერმინოლოგიის განვითარებას, თუმცა ჯერჯერობით ეს საქმე მწირი რესურსებით ვითარდება, სრულფასოვანი ქართული ტერმინთბანკის შესაქმნელად და სამართავად სხვაგვარი მხარდაჭერაა საჭირო.
M: ხშირად ბარბარიზმები უფრო მარტივად გამოითქმის, ვიდრე მათი ქართული შესატყვისები… რას გვეტყოდით ამ თემაზე? რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ბარბარიზმების თავიდან ასაცილებლად?
საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ: ტერმინოლოგია იქმნება მომავალი თაობებისთვის. გასაგებია, რომ ყველა ახალი სიტყვა უცხოა და უჩვეულო, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ სჯობს, ქართულ სიტყვებს შევაჩვიოთ ყური, ვიდრე უცხოს. სიტყვის დამკვიდრებას დრო და მოთმინება სჭირდება. ამის შესახებ წერდნენ ილია ჭავჭავაძე, ვუკოლ ბერიძე და სხვები, ამ ისტორიას მოსწავლეები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ.
M: რას ნიშნავს ქართული სიტყვების გაცოცხლება ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის?
ენათმეცნიერების ინსტიტუტს მრავალი ტერმინოლოგიური ლექსიკონი აქვს შექმნილი ყველა დარგში: ავიაცია, საზღვაო, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა, გეოგრაფია, ნავთობი, ეკონომიკა, სახელმწიფო მართვა და სხვა. ამ მასალის ერთ ბაზაში თავმოყრა, გაანალიზება და ახალი დარგობრივი ლექსიკონების შეთავაზება საზოგადოებისთვის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დაკარგა ტერმინოლოგიის მართვის ფუნქცია, რასაც მოჰყვა კიდევ პარალელური და შეუთანხმებელი მუშაობა, ევროპულ ტერმინოლოგიურ სტანდარტებზე გადასვლის ნაცვლად საქართველო დღემდე ტერმინოლოგიურ ქაოსშია. იმედია, ამ სირთულეებს გადავლახავთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ტერმინოლოგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული ტერმინთბანკი — ტერმინოლოგიური ლექსიკონების საერთო ბაზა.
M: კიდევ ხომ არ არის რაიმე, რის გაზიარებასაც მარკეტერის მკითხველისთვის ისურვებდით?
ქართულ ტერმინთბანკს ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად საზოგადოებაც ქმნის. მას მხარს უჭერს ყველა დაინტერესებული პირი. თქვენი საშუალებით ვთხოვდი ყველას, ვისაც ეს შეუძლია, რომ მისცენ მომავალ ფილოლოგებს, პროგრამისტებს, სხვადასხვა დარგის სტუდენტებს ტერმინოლოგიურ მასალებზე მუშაობის საშუალება. როგორც ცნობილია, მრავალი ახალგაზრდა თვითონ იხდის სწავლის საფასურს. გარკვეული ფონდის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებოდათ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართვის საშუალება, ამით კი ახალგაზრდები თავიანთი წვლილს შეიტანენ ქართული ტერმინთბანკის განვითარებაში და ამავე დროს გაიზრდებიან მომავალი ტერმინოლოგები, პროგრამისტები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას ქართული ენის მომავალზე ციფრულ ეპოქაში.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი