”შოკოლადის სახელოსნო” თბილისში 2009 წელს გაიხსნა. ცხელი შოკოლადი, ტრიუფელი, შოკოლადი ქიშმიშით და კიდევ სხვა სახის შოკოლადის ტკბილეული ხელით მზადდება.
”სულ 4 პარტნიორი ვართ. ESM-ში სწავლისას, ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ საქმის წამოწყება. სხვადასხვა ვარიანტები ”მოვსინჯეთ”. გვინდოდა ისეთი რამ, რაც ყველას გვეყვარებოდა და თან, იქნებოდა უნიკალური და არ შეგვხდებოდა ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
ასე გაჩნდა ”შოკოლადის სახელოსნო”. ჩვენთან ყველაფერი ხელით მზადდება. ამისთვის გვყავს ორი ადამიანი. შოკოლადი ბელგიიდან ჩამოგვაქვს, აქ კი დნება და სხვადასხვა პროდუქტი მზადდება, ყოველგვარი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე” – ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი ზაქარეიშვილი.
მზა პროდუქტის გარდა, ”შოკოლადის სახელოსნო” კერძო შეკვეთებზეც მუშაობს. სურვილისამებრ, სხვადასვა ფიგურას ან უკვე მზა პროდუქტზე წარწერას აკეთებენ. ამბობენ, რომ დაუმზადებიათ შოკოლადის ბალერინა, iPhon და სხვა. შესალებელია კორპორატიული შეკვეთების მიღებაც.
”იქიდან გამომდინარე, რომ შოკოლადი მაღალი ხარისხისაა, ფასიც შესაბამისია. თუმცა, ვცდილობთ ესეც დივერსიფიცირებული იყოს. ჩვენთან ძირითადად, წონით იყიდება პროდუქტი. მაგალითად, 100 გრამი – 3 ლარი. ვყიდით ნაკლებ წონასაც. მით უმეტეს, როცა ”ლანჩზე” მოდიან. შესაბამისად, ფასიც კლებულობს”-ამბობს ანი ზაქარეიშვილი.
იმის მიუხედავად, რომ ”შოკოლადის სახელოსნო” დაახლოებით, 4 წელია რაც არსებობს, ბევრმა მის შესახებ არ იცის. მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ თავიდან, პროდუქციას ”ონლაინ” ყიდდნენ, სხვადასხვა ჯგუფებისთვის პრეზენტაციებს აწყობდნენ და ინფორმაცია, ძირითადად, Word of Mouth პრინციპით ვრცელდებოდა.
აქტიურ სარეკლამო აქტივობებს არც ახლა გეგმავენ. თვლიან, რომ საკუთარი სეგმენტი ჰყავთ და მათთან კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, სოციალური ქსელებით ახორციელებენ.
”ეს არიან ადამიაები, ვისაც უყვარს მაღალი ხარისხის შოკოლადი, ან ვისაც სურს, მეგობარს, ახლობელს ორიგინალური საჩუქარი მიუძღვნას. რაც შეეხება, ”შოკოლადის სახელოსნოს”, ეს არ არის ქარხნული წარმოება, დიდი ბიზნესი, თუმცა, არც ჰობია, ნელ-ნელა ყალიბდება , როგორც ბიზნესი.
”შოკოლადის სახელოსნოში” ამბობენ, რომ, სამომავლოდ, სხვა ფილიალების გახსნაზეც ფიქრობენ. ოღონდ ეს მოთხოვნაზეა დამოკიდებული.