in

როგორ გავიგოთ, ეფექტური იქნება თუ არა მოკლე სამუშაო დღე ჩვენი ორგანიზაციისთვის?

ბოლო წლებში, სამუშაო გრაფიკის ევოლუცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. კომპანიების ნაწილმა უკვე შემოიღო ოთხდღიანი სამუშაო კვირა, თუმცა, როგორც უახლესი კვლევები გვიჩვენებს, თანამშრომლებმა საკუთარი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს – ისინი უბრალოდ ადრე ასრულებენ სამუშაო დღეს.

რას გვიჩვენებს უახლესი კვლევები?

ActivTrak-ის ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, ამერიკელი თანამშრომლები დღეს საშუალოდ 16:39 საათზე ასრულებენ მუშაობას. საინტერესოა, რომ ისინი კვლავ 8 საათზე იწყებენ სამუშაოს, თუმცა სამუშაო დღის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა – საშუალოდ 8 საათი და 44 წუთი, რაც ორი წლის წინანდელთან შედარებით, 40+ წუთით ნაკლებია.

თანამედროვე სამუშაო დღე უფრო კომპლექსური გახდა: ჰიბრიდულად მომუშავე თანამშრომლებს ხშირად უფრო გრძელი სამუშაო დღე აქვთ, ხოლო უქმე დღეებში მუშაობა სულ უფრო გავრცელებული ხდება, განსაკუთრებით დიდ კომპანიებში.

ოთხდღიანი კვირა: ეფექტურობა თუ ახალი პრობლემა?

მიუხედავად იმისა, რომ Bolt-ისა და Kickstarter-ის მსგავს ტექნოლოგიურ კომპანიებში ოთხდღიანი სამუშაო კვირა პოპულარული გახდა, ეს მიდგომა ყველა სფეროსთვის არ არის გამოსადეგი. ბევრი ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს კვირაში ერთი სრული დღით გაჩერებას, ხოლო ცვლაში მომუშავეთათვის ასეთ ცვლილებას მცირე სარგებელი აქვს.

Front-ის აღმასრულებელი დირექტორი მათილდე კოლინი აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამუშაო დღეების რაოდენობის შემცირება ვერ გადაჭრის პრობლემას. პირიქით, ამან შეიძლება გაზარდოს სტრესი და გადაწვა, რადგან შეხვედრების ნაკლებ დღეებში გადანაწილება კიდევ უფრო ამცირებს ფოკუსირებული და შემოქმედებითი მუშაობისთვის საჭირო დროს.

მოქნილობა – რეალური გადაწყვეტა

კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ნაკლები სამუშაო საათები, არამედ მოქნილობა. შემთხვევითი არაა, რომ ოფისში დაბრუნებისას კომპანია  უმეტესად სწორედ იმიტომ აწყდება წინააღმდეგობას, რომ თანამშრომლებს არ სურთ იმ მოქნილობაზე უარის თქმა, რომელიც მათ პანდემიის დროს მიიღეს.

ამ პრობლემის საპასუხოდ, ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის Front-მა, დანერგა „მოქნილი პარასკევები“. როგორც კოლინი აღწერს, გუნდმა იგრძნო შვება, რომ ჰქონდა დღე, როდესაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მუშაობა, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ იყო მათ მიმართ. შეგიძლიათ იმუშაოთ ფოკუსირებულად, ან დრო გაატაროთ ოჯახთან, გაისეირნოთ ან ექიმთან წახვიდეთ – ყველაფერი ეს დანაშაულის გრძნობის გარეშე.

ხარისხი რაოდენობის ნაცვლად

ცნობილია, რომ თანამშრომლები ავტომატურად არ ხდებიან უფრო პროდუქტიულები მხოლოდ იმიტომ, რომ მეტს მუშაობენ. უფრო მოკლე სამუშაო დღის ან სამუშაო კვირის წარმატებით დანერგვა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებაში – კომპანიებმა უნდა დაიწყონ გამომუშავების და არა ნამუშევარი საათების შეფასება, ხოლო ზედმეტი შეხვედრები უნდა შემცირდეს.

იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ოთხდღიან სამუშაო კვირას ძალიან რადიკალურ ნაბიჯად მიიჩნევენ, თანამშრომლებისთვის საკუთარი სამუშაო საათების დაგეგმვის მოქნილობის მინიჭება შეიძლება გაცილებით უკეთესი და რეალისტური კომპრომისი აღმოჩნდეს.

როგორც ჩანს, სამუშაო კვირის მომავალი არ არის უბრალოდ ნაკლები დღეები – ეს არის უფრო მოქნილი, ადაპტირებადი და თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც აღიარებს, რომ პროდუქტიულობა არ იზომება საათებით, არამედ შედეგებით.

წყარო: Fastcompany

ეს არ არის სასტუმრო „აფიშას” სარეკლამო ვიდეო – ეს შენი მომავალი კადრია!

სიმელოტეს სამუდამოდ დავემშვიდობებით? — რევოლუციური აღმოჩენა