in

როგორ გადავწყვიტო, თუ ბრენდის შექმნა მინდა?

პირველი ნაბიჯი ბაზარზე იმ დანაკლისის აღმოჩნაა, რომლის შევსებაც თავად მოგანიჭებს სიამოვნებას. ეს ორმხირივი პროცესია: ერთი მხრივ ის უნდა იპოვო რა გიყვარს და რას დაუთმობდი მთელს შენს ცხოვრებას და მეორე მხრივ აღმოაჩინო, რა აკლიათ ადამიანებს, რა არის ბაზრის დაუკმაყოფილებელი რაციონალური ან ემოციური საჭიროება, გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ახლებურად შეგიძლია მოაგვარო.

შემდეგი ნაბიჯები მეტნაკლებად სტანდარტულია:

  •  კარგად გამოძიება, უკვე ხომ არ არსებობს ის პროდუქტი ან მომსახურება, რომლის იდეაც თავად მოგივიდა
  • აღმოჩენილი პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა
  • ამ პროდუქტისა და მომსახურების იდეის დახვეწა მანამ, სანამ უნიკალურობას არ მიაღწევს
  • ამ პროდუქტისა და მომსახურების დატვირთვა შინაარსით
  • ბრენდის ჩანასახის დიზაინი
  • შენი ახალი ბრენდის ვერბალური და ვიზუალური ხელწერის შექმნა
  • ბაზარზე გამოსვლა და მოთმინება: ეს დიდი მოგზაურობის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია

რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როდესაც ამ საქმითაა დაკავებული:

  • თანამედროვე ბრენდის აშენება შეუძლებელია ნამდვილი განსხვავებულობის გარეშე – დაივიწყე სიტყვა „უკეთესი“ და იფიქრე მხოლოდ „სხვანაირზე“
  • შეინარჩუნე ფოკუსი – ბიზნესის კეთება ბევრი ცდუნებისგან შედგება და ამ ცდუნებებზე აყოლამ შენი ჩანაფიქრიდან არ უნდა გადაგახვევინოს
  • შეინარჩუნე ადამიანობა – თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობისას მუდმივად იმაზე იფიქრე, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანები არიან
  • არაფერია გრძელვადიან ურთიერთობებზე უკეთესი – გაწირე ერთჯერადი ტრანზაქციები და დაკარგე ფული ერთჯერადად, თუ ხვდები, რომ ასე მოქცევით გრძელ ვადაში პატივისცემას და ერთგულებას დაიმსახურებ
  • მოთმინება იქონიე – ბრენდი ერთ და ორ წელში არ შენდება. ნდობის მოპოვებას და მის გამართლებას, მყარი რეპუტაციის შენებას დიდი დრო სჭირდება

ის, რაც არ უნდა გააკეთო არავითარ შემთხვევაში:

  • არ ჩათვალო, რომ ყველაფერს თავად გააკეთებ – პური მეპურემ უნდა აცხოს. ჰკითხე რჩევები და დაიხმარე პროფესიონალები იმ საქმეში, სადაც გამოცდილება არ გაქვს
  • ცოტა მომხმარებლით დაიწყე – ნუ ჩათვლი რომ ყველასთვის ხარ. დაიწყე პატარა ტომის შენებით და მათში ნდობის მოპოვებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძე გაზრდა.
  • არ უღალატო შენს ტომს და ღირებულებებს – ნდობის დაკარგვა, მის მოპოვებაზე ბევრად მარტივია
  • არასდროს შეწყვიტო განვითარება – რეალური ინოვაციები ყოველ დღე და ყოველ წამს შეიძლება აკეთო

 

შოთა ჩინჩალაძე – სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი.

ნახატი, ბაბუს რჩევა და მზეზე ცხოვრება – „გადაწყვეტილების მიღებისას ვცდილობ, ის 4-5 წლის ბავშვი გავხდე“ – გვანცა ჩიჯავაძე

მომენტი, როცა მთვარე ძალიან ახლოსაა – ნახეთ BMW-ს ვიდეორგოლი!