ალფა დაზღვევა ახალ წელს სიახლით იწყებს — პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას ამიერიდან შოთა ბეზარაშვილი იკავებს. მარკეტინგის მიმართულებით დაგროვილ მრავალწლიან გამოცდილებას ახლა სწორედ აღნიშნული კომპანიისკენ მიმართავს.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ალფას გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ალფა დაზღვევას დიდი ამბიციები და გეგმები აქვს სამომავლოდ, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ განვახორციელოთ ახალი, განსხვავებული და წარმატებული პროექტები. მჯერა, ჩვენი კომპანიის დიდი წარმატება იმ მანძილზეა, რომელსაც გუნდური და ინოვაციური მეთოდებით მარტივად მივუახლოვდებით“, — აღნიშნავს შოთა ბეზარაშვილი, ალფა დაზღვევის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
საგულისხმოა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში შოთას ძირითადი საქმიანობა სწორედ მარკეტინგის სფეროს უკავშირდებოდა. ამავდროულად, ერთი კონკრეტული მიმართულებით არ ყოფილა შემოფარგლული, რაც მის გამოცდილებას გაცილებით მრავალფეროვანს ხდის.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ყველაფერი 2010-11 წლებში დაიწყო, როცა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია დაიკავა. ამის შემდეგ ეთნოგრაფიული მუზეუმის მმართველის მოადგილე იყო მარკეტინგისა და პროექტების მიმართულებით. გარდა ამისა, At.ge-სა და Forbes.ge-ზე კონტენტის მწერალი/ბლოგერის როლიც შეითავსა, რასაც „მე-17 სართულის“ კონტენტ პროდიუსერობა მოჰყვა. ბოლოს კი, ზემოხსენებულ სიახლემდე, სილქ ბანკის მარკეტინგის კოორდინატორი იყო.
„ვფიქრობ, განსხვავებულ სფეროებში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, უკეთ წარმოვიდგინო არსებული სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და მოთხოვნები“, — ამბობს შოთა.
[R]