2
აგვ
2017

შოთა ჩინჩალაძე – #პირველისამსახური

2 აგვ 2017

ჩემსა და ნებისმიერი, საშუალო სტატისტიკური (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) მილიარდერის კარიერულ კიბეს შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ მე მილიარდერი არ ვარ, თორემ ჩემი სამუშაო ისტორიის დასაწყისიც “ბოთლების თრევას უკავშირდება”. 15 წლის ვიყავი, როდესაც მამასთან, მოსკოვში ჩავედი. მამას მეგობრები ქართული რესტორნების ქსელს ფლობდნენ, საიდანაც, მოულოდნელად, სასმელების საწყობის მენეჯერი წავიდა. ჰოდა, 15 წლის ღლაპმა პირველი სერიოზული შემოთავაზება (ან, როგორც ახლა უყვართ ხოლმე თქმა, “ოფერი”) მივიღე. პირველი ემოცია სამ ეტაპად შემიძლია დავყო: (1) როცა მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ და 50 კვადრატულ მეტრზე “გაშლილ” საკმაოდ ძვირიანი სასმელების საწყობს, რომლიდანაც 6 რესტორანი მარაგდებოდა, მე არავინ მანდობდა, (2) როცა არ დავიჯერე, რომ ამ საქმეში მარტო უნდა ვყოფილიყავი და (3) როცა ფაქტის წინაშე დავდექი, შეკვეთების პირველი ამონაწერი და დისტრიბუციის პირველი მანქანა მივიღე (სხვათაშორის ქართული ბრენდის, GWS-ის პროდუქცია მოიტანეს).

BOG PLUS

მოვალეობათა ნუსხა საკმაოდ გრძელი იყო: მევალებოდა სასმელების აღრიცხვა, ზედნადებების წერა, რესტორნების მომარაგებაზე ზრუნვა, საწყობის შესავსებად შეკვეთების გაკეთება და მიღებული საქონლის ზიდვა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდის ყველაზე დიდი გამოცდა საწყობში ჩამავალი კიბეები (რომელზეც საკმაოდ მძიმე ტვირთის ზიდვა მიწევდა და რომლის საფეხურებს შორის დაშორება არანაირ ლოგიკასა თუ პროგრესიას ემორჩილებოდა), ხოლო პირველი სერიოზული გამოწვევა შემთხვევით გატეხილი ჯიმ-ბიმის ბოთლი და მისი ნატეხების საგულდაგულოდ გადამალვა გახლდათ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში 150 დოლარს მიხდიდნენ და რაც მთავარია, სასმელებთან ასეთმა დაახლოებამ, შემდეგში გზა ბარმენობისკენ გამიკვალა.

საბოლოო ჯამში, ეს იყო ჩემი პირველი შეხება პასუხისმგებლობასა და ბიზნეს პროცესებთან, რამაც დიდწილად განსაზღვრა ჩემი კარიერული მომავალი, უარი მათქმევინა საერთაშორისო სამართალზე და ბიზნესისკენ მომიმართა ისრები. შემდეგ იყო “მედიქლაბ ჯორჯია”, პირველი სამსახური ჩემი პროფესიით, ადგილი სადაც მარკეტინგის პრაქტიკული მუშაობის ანა-ბანა ვისწავლე და რომელიც დღემდე სიგიჟემდე მიყვარს.

ამგვარად, აგერ უკვე მე-8 წელია მარკეტინგში ვმოღვაწეობ და დღეს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ლაივის აღმასრულებელი დირექტორი და უფროსი ბრენდ კონსულტანტი ვარ.

განხილვა