in ,

შოთა ჩინჩალაძე – “მთავარია შენი საქმე კარგად აკეთო, შენს წარმატებაზე კი, სხვები ილაპარაკებენ.”

შოთა ჩინჩალაძე  ბრენდ კონსულტანტია სარეკლამო სააგენტო LIVE Branding-ში. პარალელურად უნივერსიტეტებში ლექციებსაც კითხულობს. “მარკეტერი” მისი გამოცდილებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

shota chinchaladzeM: რა პროფესიის ხარ და როდის დაიწყო შენი კარიერა?

ვარ 26 წლის და ჩემი ისტორია თბილისის პირველ სამშობიაროში დაიწყო. ვსწავლობდი საავტორო სასწავლო კვლევით კომპლექს ”ბალავარში” და შემდეგ, CSB-ში მარკეტინგის მიმართულებით ჩავაბარე. პირველი ხელფასიანი სამსახური 15 წლისამ დავიწყე მოსკოვში და საწყობის მენეჯერი ვიყავი. პირველი პროფესიული სამსახური კი, MediClubGeorgia იყო და მას შემდეგ ამ სფეროს არ გავცილებივარ.

M: ამჟამად რას საქმიანობ?

ოთხი წლის წინ მოვედი LIVE Branding-ში და მას შემდეგ აქ ვმუშაობ. პარალელურად საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ მომსახურების მარკეტინგზე, ხოლო GAU-სა და GIPA-ში – ბრენდინგზე.

M: რას მოიცავს შენი პროფესია  – ბრენდ კონსულტანტი?

ეს გულისხმობს კომპანიებისა, თუ ბრენდებისთვის პლატფორმის შექმნას და ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, რაც ბრენდის მიზნებს შეესაბამება და უკეთესობისკენ გარდაქმნის. ასევე, მოიცავს საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებას და იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც ბრენდის გასაძლიერებლად და მძიმე კონკურენციის პირობებში საარსებოდაა საჭირო. ასევე, გულისხმობს შემოქმედებით საქმიანობასაც და სხვადასხვა კვლევების ჩატარებასაც.

M: შენი გაკეთებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდი?

ჩემი ყველა პროექტი ძალიან მიყვარს, როგორც მსახიობს უყვარს ყველა თავისი როლი. თუმცა, მაქვს გამორჩეულიც, მაგალითად, „მთიელის“ და „შავფაროსნების“ პროექტი, რომელიც „ნატახტართან“ ერთად გავაკეთეთ და ჩემი საამაყო #მევარმე16-ის კამპანია.

 

M: სარეკლამო ფესტივალებში თუ მიგიღია მონაწილეობა და როგორი გამოცდილებაა ეს შენთვის?

loudspeakersშარშან Eeurobest-ის ფესტივალის ადგილობრივ შეჯიბრში გავიმარჯვეთ. დავალება იყო LOUDSPEAKERS-ის საკომუნიკაციო პლატფორმისა შექმნა. წელს კანის ლომების ფესტივალზე გავაგზავნეთ #მევარმე16-ის კამპანია. ასეთ კონკურსებში მონაწილეობა კარგი გამოცდილებაა, რადგან საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალებას გაძლევს. იქ ძალიან ცოტა დრო გაქვს თავის წარმოსაჩენად და დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რას ურჩევდი შენს სფეროში მომუშავე სხვა ახალგაზრდებს?

განათლება არის უმნიშვნელოვანესი და არავინ შეცდეს იმ არგუმენტით, რომ ბილ გეიტსს სკოლაც არ დაუმთავრებია და ამდენს მიაღწია. რეალურად, ყველას ასე არ უმართლებს. პრაქტიკა და სხვისი გამოცდილების გაზიარება სწავლის ერთადერთი გზაა. ვურჩევდი, რომ იყვნენ ინდივიდუალურები, არ მიბაძონ სხვას და იყვნენ პროფესიონალები იმაში, რისი კეთებაც მოსწონთ. სააგენტოში გვაქვს ასეთი გამოთქმა: „ბრენდი ყოველთვის ისაა, რასაც სხვები ამბობენ, რომ არის“. მგონია, რომ ადამიანებზეც ასეა, მთავარია შენი საქმე კარგად აკეთო, შენს წარმატებაზე კი, სხვები ილაპარაკებენ.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვს?

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავავიწროვო ჩემი სამუშაო სფერო. ვფიქრობ, კონტექსტი და გარემო იმდენად ცვლადია, რომ ეს გეგმებიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, საბოლოო მიზანი, ვიყო პროფესიონალი ერთ კონკრეტულ სფეროში, არ იცვლება. ჩემი სურვილია ძალიან კარგ ბაზარზე ვმუშაობდე და იმედი მაქვს, ცოტა ხანში საქართველო ასეთი ბაზარი გახდება.

 



Pinterest-ის ცნობილი ღილაკი ინტერნეტიდან რეალურ სივრცეში ინაცვლებს

მერლინ მონრო და უილიამ დეფო Snickers-ის იუმორისტულ ბილბორდზე