in

„ყველა სიმღერა იმ მომენტის მდგომარეობას გამოხატავს, როცა დაიწერა” – შოთარი დარახველიძე

საინტერესოა, რომ თუკი საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოპულარული ბენდი გამოჩნდა, მის შემადგენლობაში შოკო (შოთარი) დარახველიძის სახელი თითქმის ყველგან ფიგურირებდა. მსმენელს ალბათ ყველაზე პირველი მაინც ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” გაახსენდება, თუმცა მასთან ერთად არის ისეთი ბენდები, როგორებიცაა: Circus Mircus და Psychonaut 4.

საინტერესოა ისიც, რომ ყველა ბენდი, სადაც დაუკრავს, ჟანრობრივად ერთნაირი არ არის. პირიქით, საკმაოდ განსხვავდება. ამას ჩვენი რესპონდენტი იმით ხსნის, რომ მისთვის მუსიკის სიყვარული ჟანრებად არ იყოფა – უკრავს ყველგან, სადაც მოსწონს და რაც მოსწონს.

მუსიკისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა და სურვილიც, რომ თავად დაეკრა, ამ დროიდან მოდის. ბავშვობაში ალბათ ბევრ ჩვენგანს უთამაშია მასწავლებლობანა, მომღერლობანა, ექიმობანა, ხოლო, როგორც შოკო იხსენებს, თავისი სათამაშო გიტარით ხშირად მართავდა „კონცერტებს”. ახლა კი სათამაშო არა, მაგრამ ნამდვილი გიტარით დგას სცენაზე და ქმნის მუსიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში სპონტანურად მოდის.

შოთარი დარახველიძე:

ვარდისფერი პლასტმასის სათამაშო გიტარა მქონდა და თავიდან იმით ვატარებდი კონცერტებს სარკის წინ. ინტერესი გადაიზარდა სიყვარულში, პლასტმასის გიტარა ჯერ ფანდურმა ჩაანაცვლა და უშუქობა გაგვიმრავალფეროვნა მეც და მთელ სამეზობლოსაც, მერე  ფანდური ნამდვილმა გიტარამ ჩაანაცვლა და ვართ ახლა ასე, მე და ჩემი გიტარები.

რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, არა მხოლოდ საწყის, არამედ ზოგადად ყველა ეტაპზეა რაღაც ბარიერები გადასალახი, მაგრამ თუ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ყოველთვის მოიძებნება გზა, გაუმკლავდე ყველაფერს და განაგრძო სვლა. ბევრჯერ მიფიქრია მუსიკის მიტოვება და „საქმით’’ დაკავება, სანამ არ შევეგუე მეც და ჩემი გარშემომყოფებიც იმ მოცემულობას, რომ ესაა ჩემი საქმე. 

უამრავ ბენდსა თუ პროექტში დამიკრავს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. Psychonaut 4, Circus Mircus, გამოუვალი მდგომარეობა, Vodka Vtraiom, Kairmorhken, Backwarmer…ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბენდოდ არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამაში ისაა, რომ მუსიკალურად არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს.

M: როგორია თქვენი მუსიკალური შემოქმედების პროცესი, რა გეხმარებათ ამ დროს, სად პოულობთ ინსპირაციას და რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციაზე მუშაობას?

მუსიკის დასაწერად  სპეციალურად არ ვჯდები. რიფები ან მელოდიები თავისით მოდის ჯემის დროს, ან უბრალოდ სახლში მარტო დაკვრისას, ან ისე, უცებ, მანქანაში, მაღაზიაში… შეიძლება მთელი დღე ვუკრავდე და არაფერი მომხვდეს ყურში, მაგრამ როგორც კი რაღაც ღირებული გაჟღერდება, მაშინვე იქცევს ის ყურადღებას, მეც მაშინვე ვიღებ ტელეფონს და ვიწერ. ასეთი რიფები, როგორც წესი, ალბომში ამოყოფს ხოლმე თავს სადმე. 

დროს რაც შეეხება, ერთ კომპოზიციაზე მუშაობის კონკრეტული დრო არ არსებობს. სამი წელიც დამჭირვებია და 15 წუთიც. 

ყველა სიმღერა იმ მომენტის მდგომარეობას გამოხატავს, როცა დაიწერა. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ასე, იმიტომ რომ უბრალოდ ასეა, თავისთავად. თუ მსმენელიც გააიგივებს თავს ამ ემოციებთან, ეს უკვე ბონუსია, მაგრამ არასდროს არის თვითმიზანი. 

M: რომელ სიმღერაზე/ალბომზე მუშაობა იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო?

ძალიან საინტერესო იყო Circus Mircus-ის Furore/Fiasco-ზე მუშაობა. კოტორაანთკარში გადავცხოვრდით ერთი თვით, წავიღეთ აპარატურა, ინსტრუმენტები, წავიყვანეთ ხმის ინჟინერი და იქვე დავწერ-ჩავწერეთ ალბომი. ბენდური თანაცხოვრებისა და მუშაობის დასავლური გამოცდილება იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველაზე კომფორტულად და ისე, როგორც სახლში, მაინც Psychonaut 4-ის ჩაწერებზე ვგრძნობ თავს, ჩვენი ბასისტის, ალექს მენაბდის სარდაფში, შესაბამისად, ყველა აქ ჩაწერილი ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მუსიკალურად, ასევე, ემოციურად.

M: რომელ ნამუშევარს თვლით თქვენთვის ყველაზე წარმატებულად/მნიშვნელოვნად და რატომ?

ალბათ Psychonaut 4-ის ბოლო ალბომია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. საკმაოდ ინტენსიური ტურინგი მოჰყვა ამ ალბომს და მსმენელის რაოდენობაც, შესაბამისად, გაიზარდა. ახალ ტერიტორიებზე გავედით: ჩინეთი, მექსიკა, ინგლისი და კიდევ სამომავლო ლაივების დაგეგმვის პროცესში ვართ. 

M: რას ფიქრობთ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში, თქვენი აზრით, რა სჭირდება მას მეტი განვითარებისთვის?

დღევანდელ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე, მაგალითად, 10-15 წლის წინ. ნიჭიერი მუსიკოსების დეფიციტს არასდროს განიცდიდა ჩვენი ქვეყანა, უბრალოდ ახლა უფრო მეტი საშუალებაა რაღაც აკეთო ამ სფეროში. განვითარებისთვის კი საჭიროა ყველამ თავისი საქმე აკეთოს, პირველივე სირთულეს არ დანებდეს და „საშაურმის გახსნაზე არ დაიწყოს ფიქრი”. 

M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვმუშაობთ P4-ის ახალ EP-ზე.  წლის ბოლომდე კიდევ ორი ტური იგეგმება დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში. 

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

დავუტოვებ ამ სიმღერას:


რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

Ralph Lauren – ჰალსტუხების კერვით დაწყებული ისტორია მოდის იმპერიამდე