აბერდენის (Aberdeen) აეროპორტში შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ქარის ენერგოსადგურის სარეკლამო ბანერი სლოგანით „შოტლანდია – გასხვავებული ენერგიის ქვეყანა“. საკმარისია რამდენიმე დღე გაატაროთ ამ საოცარ მიწაზე და მიხვდებით, რომ აქ ყველგან და ყველაფერში მართლაც განსხვავებული ენერგია იგრძნობა და ეს მხოლოდ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამომუშავებას არ ეხება.
იმედი მაქვს, საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვინც მუდმივად ეძებენ საინტერესო თავგადასავლებს მსოფლიოს გარშემო. ცხადია, სათანადო შესაძლებლობების პირობებში. სწორედ მათ, და არა მარტო, ვურჩევ დაგეგმონ მოგზაურობა ჩრდილოეთ შოტლანდიაში, კონკრეტულად კი სფეისაიდის (Speyside) რეგიონში და ეწვიონ ვისკის დედაქალაქად წოდებულ დაფთაუნს (Dufftown), სადაც სპირტის გამომხდელი ყველაზე მეტი ქარხანაა აშენებული. საწარმოების უმრავლესობა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს.
თუ აქამდე შოტლანდიაში თქვენი მოგზაურობა ძირითადად ედინბურგით შემოიფარგლებოდა, გირჩევთ აუცილებლად დაგეგმოთ და გაემგზავროთ შოტლანდიის ჩრდილოეთში. ეს მხარე ძალიან ჰგავს საქართველოს, იმ განსხვავებით, რომ ტყის მასივები უფრო დიდ სივრცეზეა გადაჭიმული, ხოლო წიწვოვანი ტყე ყველგან ფოთლოვანშია შერეული. სხვა განსხვავებებზე, როგორიც არის სისუფთავე და სოფლის მეურნეობის განვითარების უმაღლესი დონე, აღარ ვისაუბრებ. არც იმაზე, რომ მდინარეებით უხვ რეგიონში თევზაობისთვის უზარმაზარი მოსაკრებელია გადასახდელი.
მოკლედ, თუ გსურთ ნამდვილი შოტლანდია იხილოთ, მცირედით შეცვალეთ მარშრუტი. თავდაპირველად, შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აბერდენში ჩაფრინდით – აქედან დაიწყეთ დაუვიწყარი მოგზაურობა და ედინბურგში დაასრულეთ.
სასტუმრო „ქრეიგილიქი“ (Craigellachie Hotel) აბერდენის აეროპორტიდან 75 წუთის სავალზეა. ამ სასტუმროში მე-19 საუკუნის არისტოკრატიული შოტლანდიის ისტორიის ნაწილად იგრძნობთ თავს. ნომრის გასაღებს მიიღებთ თუ არა, ცხადი გახდება, რომ თევზჭერის დიდი ისტორიის მქონე რეგიონში მოხვდით. სასტუმროს რესტორანიც, ცხადია, განთქმულია თევზის უგემრიელესი კერძებით და რა თქმა უნდა, ვისკის ბარით, სადაც მოხვედრის პატივი მხოლოდ სასტუმროს ვიზიტორებსა და კლუბის წევრებს აქვთ.
სასტუმროდან მანქანით 10 წუთის სავალზე მდებარეობს დაბა დაფტაუნი, სადაც დაიბადა და გაიზარდა უილიამ გრანტი და სადაც ვისკის ყველაზე მეტი – 6 ქარხანაა განთავსებული. „გლენფიდიქის“ ვისკის ქარხანა (Glenfiddich Distillery) – აქ კი იწყება ის, რის გამოც თავს უფლებას ვაძლევ, ასე თამამად გავუწიო რეკომენდაცია ჩრდილოეთ შოტლანდიაში მოგზაურობას. ვისკი-ტურის სამი ვარიანტიდან (შესაძლებლობის მიხედვით, უფასო, 10 და 75 ფუნტიანი) რომელიც უნდა აარჩიოთ, მაინც დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაბრუნდებით, თუმცა სრული პაკეტი საშუალებას მოგცემთ არა მარტო გაეცნოთ უილიამ გრანტის კომპანიის ისტორიას და დაათვალიეროთ წარმოების სრული პროცესი, არამედ თავად ჩამოასხათ ვისკი უძველესი მუხის კასრებიდან. თუმცა ტურს ქარხანაში და ვისკის დეგუსტაციას 10 ფუნტადაც შეძლებთ.
დეგუსტაცია ხუთი სახეობის „გლენფიდიქისგან“ შედგება: 12, 14, 18, 21, 25 წლის. შესაბამისად, ყველა თავისი უნიკალური არომატული თვისებებით, გემოთი, და რაც მთავარია, განწყობით. ზოგის დაჭაშნიკებას გვიანი შემოდგომის წვიმიან დღეს ამჯობინებენ, ზოგისას კი – ზაფხულის გრილ საღამოს. ვიზიტორთა ცენტრში კომპანია „უილიამ გრანტ ენდ სანს“-ის (William Grant & Sons) ისტორიის ძირითადი ფაქტები ფოტოებითა და ილუსტრაციებითაა გადმოცემული. მათ შორისაა უილიამ გრანტისა და მისი პირველი გუნდის შავ-თეთრი ფოტო, რომელიც ქარხნის დაარსებისას – 1887 წელს არის გადაღებული. „უილიამ გრანტ ენდ სანს“ იშვიათია ვისკის მწარმოებელ გლობალურ ბრენდებს შორის, რომელიც დღემდე ინარჩუნებს საოჯახო ბიზნესის სტატუსს. კომპანიის ყველა მმართველი, 1887 წლიდან დღემდე, უილიამ გრანტის შთამომავალია. დღეს კომპანიას
უკვე მეხუთე თაობა მართავს. რაც მთავარია, შენარჩუნებულია ის სულისკვეთება, რომელსაც სათავე უილიამ გრანტმა დაუდო – ამ ადამიანმა თავის ცოლთან და 9 შვილთან ერთად, აგურ-აგურ, საკუთარი ხელით შექმნა კომპანია, რომლის პროდუქციაც დღემდე აღაფრთოვანებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო.
„ბალვინი“ (Balvenie) – უილიამ გრანტის ოჯახის სახელგანთქმული ბრენდი, ერთადერთია, რომელიც დღემდე იმავე ტექნოლოგიით მზადდება, როგორითაც მე-19 საუკუნის დასასრულს, თავად უილიამ გრანტის დროს მზადდებოდა, და ეს ეხება წარმოების ყველა ეტაპს. განსაკუთრებით – ხორბლის გამოშრობისა და გადამუშავების ეტაპს. სწორედ „ბალვინის“ საცავში გელოდებათ 14-დან 40 წლამდე დაძველების მუხის კასრები, საიდანაც თქვენთვის სასურველი გემოსა და არომატის ვისკი საკუთარი ხელით, სპეციალურ 200-გრამიან ბოთლში შეგიძლიათ ჩამოასხათ.
წარმოების დათვალიერების შემდეგ ვისკის ექსპერტი სპეციალურ სადეგუსტაციო ოთახში გელოდებათ და აქ იწყება განუმეორებელი შთაბეჭდილება: ოთხი დასახელების ვისკი, შესაბამისად, 12, 14 ,18, 21 წლის დაძველებით, მაგიდაზეა და ელოდება თქვენ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ ვისკის გემოსა და არომატის აღქმა მეტად ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს. ვისთვის ბანანი, ვისთვის მსხალი და ვისთვის შემოდგომაა ის ასოციაცია, რომელსაც ვისკის დაჭაშნიკება აღძრავს მათში. ვისკი ხომ ყველაზე მეტად ინდივიდუალური სასმელია. არ არსებობს ვისკის დაგემოვნების „სწორი“ ან „არასწორი“ მეთოდი. ვინ წყალთან ერთად ამჯობინებს, ვინ ყინულით და ვინ – ყინულის გარეშე.
სწორედ რამდენიმე ასაკის ვისკის თანმიმდევრობით გასინჯვისას ხვდები წლების ძალას, რადგან ყოველ მომდევნო წელს მუხის კასრში დაძველებული სპირტი ახალ- ახალ არომატს და გემოს იძენს. თითოეულ არომატს მიღმა ვისკის შემქმნელთა უდიდესი მოთმინებაა: ისინი ხომ წლობით – 12, 15, 25 და ზოგჯერ 50 წელი ელიან დროს, როცა მათი შემოქმედების ნაყოფი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც თავდაპირველად ჩაიფიქრეს. ცნობისათვის: ვისკი ასაკის შესაბამისად მხოლოდ იმიტომ კი არ ღირს ძვირი, რომ უბრალოდ მეტი წლის ისტორია აქვს, არამედ იმიტომ, რომ ყოველწლიურად კარგავს მოცულობას. მაგალითისათვის, 25 წლის შემდეგ კასრში თავდაპირველი მოცულობის 40% აღარ დახვდებათ. რაც ცოტაა, მოგეხსენებათ, ძვირია. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე მუხის კასრების დამამზადებელ საამქროში სტუმრობა მოახდენს.
უილიამ გრანტის ოჯახი დღემდე ინარჩუნებს მუხის კასრების დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას და სხვადასხვა დასახელების ვისკის დაძველებას მხოლოდ საკუთარ საამქროში ხელნაკეთ მუხის კასრებს ანდობს. აქ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც 45 წელია მუხის კასრებს საკუთარი ხელით ამზადებს.
ვინ იცის – ვისკი, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, სწორედ მის მიერ წლების წინ ხელით დამზადებულ კასრშია დაძველებული…
ავტორი: გიორგი შარაშიძე
წყარო : ჟურნალი “ფოკუსი”