10
Feb
2020

რატომ უნდა გვქონდეს, სულ მცირე, ორი განსხვავებული პროფესია

10 Feb 2020

ალბათ, ბევრს გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიებს დრამატულად განსხვავებულ საქმიანობებს უთავსებენ. მაგალითად, ადვოკატი, რომელიც განახლებად ენერგიებზე მუშაობს, ან აპლიკაციის დეველოპერი, რომელიც ნოველებს წერს… ანდაც, გამომცემელი, რომელიც ლანდშაფტის დიზაინერობაზე ოცნებობს. შეიძლება, იფიქროთ, რომ ერთდროულად, რამდენიმე პროფესიის ქონა ქაოსს გამოიწვევს და რეალურად, ხარისხიანად წარმოდგენილი ვერცერთ სფეროში ვერ იქნებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა გამოსავალი მიმდინარე სამსახურის დანებებასა და თქვენთვის უფრო საინტერესოს კეთებაზე გადასვლაში არაა. ნიუ-იორკ ტაიმსისა და ულ სტრიტ ჟურნალის ბესტსელერი ავტორი, ქაბირ სეგალი მიიჩნევს, რომ ერთად რამდენიმე საქმის კეთება და თითოეულზე აღებული პასუხისმგებლობა საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აღმოგაჩენინებთ.

მისი გამოცდილება ასეთია:

4 პროფესია მაქვს: კორპორატიული სტრატეგი ვარ, ერთ-ერთ კომპანიაში რეზერვის ოფიცერი, რამდენიმე წიგნის ავტორი და პროდიუსერი. ორი კითხვა, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად მისვამენ, ასე ჟღერს: „რამდენი გძინავს?“ და „როგორ პოულობ დროს ყველაფრის მოსასწრებად?“ – ჩემი პასუხია: „ბევრი“ და „მე დროს თავად ვიქმნი“.

და თუ ამის ნაცვლად მკითხავდნენ: „რატომ გაქვს ამდენი კარიერა?“ – ჩემი პასუხი საკმაოდ მარტივი იქნებოდა: „ბევრ სამსახურში მუშაობა უფრო ბედნიერსა და პროდუქტიულს მხდის“, თუ როგორ, ამ ინფორმაციას ქვემოთ გიზიარებთ:

სუბსიდირება უნარების განვითარებაში
პროდიუსერის კარიერის შექმნა ჩემი კორპორატიული სამსახურის ანაზღაურებით შევძელი. როცა არანაირი ჩანაწერი არ მქონდა, შეუძლებელი იყო, ვინმე დამეინტერესებინა. უბრალოდ, მე მქონდა ვნება ჯაზსა და კლასიკურ მუსიკასთან და სწორედ მათი სიყვარულის გამო, მოხალისეობრივად დავიწყე ჩემთვის ახალ ინდუსტრიაში გამოცდილების მიღება. შედეგად, უნარები განვივითარე, რომელიც პროდიუსინგში მჭირდებოდა. კარგი პროდიუსერი ისაა, ვინც კრეატიული ხედვის შექმნა იცის, შესაბამისი პერსონალის დაქირავება, გრაფიკის შედგენა, შემოსავლის გაზრდა და პროდუქტის შექმნა. რამდენიმე ალბომის ჩაწერისა და გრემის შემდეგ, ჩამწერმა ლეიბლებმა და მუსიკოსებმა იმაზე ფიქრი დაიწყეს, ჩემთან როგორ ეთანამშრომლათ.

სესიების ჩაწერის დროს, მე ჩემს კორპორატიულ კლიენტებს ვპატიჟებდი. მათთვის, მხოლოდ ოფისში მუშაობის გამოცდილება რომ ჰქონდათ, კულისებში შეხედვა და მომღერლებსა და მუსიკოსებთან ურთიერთობა ამაღელვებელი იყო. კუბაში რომ ვიყავი, ალბომის ჩაწერის დროს, ჩემი ერთ-ერთი კლიენტი მუსიკოსების ცეკვას აკვირდებოდა, როცა აღმოხდა: „იმ ადამიანების გარშემო არასდროს ვყოფილვარ, ვინც სამსახურში ასეთი ბედნიერია“.

ჩემი კლიენტები ასე ფენომენალურ გამოცდილებას იღებდნენ და ესეც მაძლევდა მოტივაციას, საქმიანობა გამეგრძელებინა. და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ორივე კარიერული გამოცდილება, არამხოლოდ ჩემთვის, სასარგებლო იყო.

მეგობრები სხვადასხვა წრიდან
როცა უოლ სტრიტში ვმუშაობდი, საწყის ეტაპზე ჩემი სანაცნობო წრე შემოსაზღვრული იყო მხოლოდ ფინანსური სერვისების სექტორში დასაქმებული ადამიანებით: ბანკირები, ვაჭრები, ანალიტიკოსები, ეკონომისტები და ჩვენს ბაზარზე არსებულ სიტუაციებზე ერთი და იგივე აზრი გვიჩნდებოდა ხოლმე. არადა, ჩვენი კლიენტები ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ეძებენ: „დამანახე საწინააღმდეგო პერსპექტივა“.

სწორედ ამიტომ, ჩემი სხვადასხვა კარიერული გამოცდილება და შესაბამისად, სხვადასხვა პროფესიული წრის წევრობა არაერთხელ დამეხმარა, საკითხი განსხვავებული პერსპექტივით აღმექვა და კლიენტის კმაყოფილებისთვის მიმეღწია.

ნამდვილი ინოვაციები
როცა განსხვავებულ სამსახურებში მუშაობ, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილებების კომბინირებით, პარალელების გავლებით, უფრო საინტერესო იდეებამდე და შესაბამისად, შედეგებამდე მიხვიდე.

ქარიშხალი კატრინას გამო, ახალ ორლეანს არაერთი მუსიკოსი ტოვებს. მე შეიძლებოდა, მათ დასახმარებლად არამოგებიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია შემექმნა, თუმცა ამ პრობლემიდან უფრო მდგრადი გამოსავალი ვიპოვე: ადამიანებს ნიუ-იორკში წვეულებებისთვის მუსიკოსების ჩართულობა სჭირდებათ. ისინი ამ მომსახურებას ჩემს ვებგვერდზე იღებენ. მათ ეძებენ და შემდეგ უკავშირდებიან. გარდა ამისა, სპეციალური  მუსიკოსებისთვის ახალი ორლეანიდან, რომლისთვისაც მათ შემოწირულობის გაღება შეუძლიათ. ძალიან ხშირად ამის მსურველები ჩემი კორპორატიული კლიენტები არიან და საბოლოოდ, მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო წრე შეიკრა: იმის გამო, რომ ბანკში ვმუშაობ, მე განსხვავებული ტიპის ორგანიზაცია შევქმენი, რომელიც, თავის მხრივ, საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა.

როცა თქვენს ცნობისმოყვარეობას ბოლომდე მიჰყვებით და მას თქვენს კარიერად აქცევთ, ეს ძალიან დიდ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. საკუთარ გამოცდილებაზე მიღებული დასკვნა კი ასეთია: ერთზე მეტ სამსახურში მუშაობით, უფრო ხარისხიან და საინტერესო პროდუქტებს შექმნით.

წყარო: HBR



განხილვა