მიმდინარე წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამ „ჰაიპს“ კი საქართველოც არ ჩამორჩენია, რომლის უახლეს მაგალითზეც სტატიაში გიამბობთ — საუბარია SHRE Studio-ს მიერ შექმნილ დიზაინ გენერატორზე, სახელწოდებით SHRE.Space. ეს უკანასკნელი სულ რაღაც 1 წუთს ანდომებს საინსპირაციო რენდერის შექმნას, რაც მომხმარებლებს ეხმარება, მარტივი მოთხოვნების საფუძველზე და ყოველგვარი დიზაინ პროგრამების ცოდნის გარეშე, სასურველი ინტერიერის დიზაინი მიიღონ.
„იდეა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაგვიჩნდა, როცა AI-ის მიმართულებით ბევრი სიახლე დამკვიდრდა და საკმაოდ მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის გაკეთება შეგვეძლო. აქედან გამომდინარე, ბევრი სატესტო დავალება გავიარეთ ჩვენს სისტემასთან, საბოლოოდ კი სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილად ვაქციეთ“, — აღნიშნავს ცოტნე მაზმანიშვილი, SHRE Studio-ს თანადამფუძნებელი.

ამჟამად პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობს და ყველასთვის სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი მეტად დაიხვეწება. თუმცა SHRE.Space-ის შესაძლებლობები უკვე ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესოა — სხვადასხვა სტილისა და მახასიათებლის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად მორგებულ დიზაინებს ქმნის. მომხმარებლებს კი მხოლოდ რამდენიმე „კლიკის“ შესრულება უწევთ, როდესაც კონკრეტულ სტილს თუ შესაბამის განწყობას ირჩევენ. ასეთი მარტივად მოსახმარებელი პლატფორმით, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, თავისთვის საინტერესო დიზაინი შექმნას. შესაბამისად, კომპანიისთვის თუ დიზაინერისთვისაც გაცილებით ადვილი იქნება საორიენტაციო მითითებების მიცემა…
ბუნებრივია, მსგავსი სისტემების განვითარების პარალელურად, საზოგადოების დიდ ნაწილს ერთგვარი შიში დაეუფლა — ეშინიათ, რომ AI სისტემები ჩაანაცვლებთ. SHRE Studio-ში კი ამგვარი მოცემულობა, პირიქით, ტექნოლოგიებთან „დამეგობრების“ საშუალებად აღიქვეს, რათა არქიტექტურული სფერო მეტად განევითარებინათ. მით უმეტეს, აღნიშნულ პლატფორმაზე შექმნილ რენდერს შემდგომში აუცილებლად სჭირდება პროფესიონალის ჩართულობა, რათა ზუსტი ნახაზები და ზომები განისაზღვროს. „გამოდის, დიზაინი საინსპირაციოა, ვინაიდან არქიტექტურული პროექტებისთვის საჭირო პარამეტრებს ჯერჯერობით ვერ აღიქვამს AI. ამგვარი პრევიზუალიზაცია კი მომხმარებელს დაეხმარება, სწორი მოლოდინები, წარმოდგენები შეიქმნას. რეალურად, ეს ორივე მხარეს გაუადვილებს პროცესს: როგორც დამკვეთებს, ისე პროფესიონალებს“, — ამბობს ცოტნე მაზმანიშვილი.
ამასთანავე, ივა მაზმანიშვილი, SHRE Studio-ს თანადამფუძნებელი, განმარტავს, რომ პლატფორმაზე ვერბალური ნაწილის გარეშე დგება „კომუნიკაცია“ — შესაბამისად, ენობრივი ბარიერი არ არსებობს. „ჩვენი სისტემა Midjourney-ს ბაზაზე აიგო. ვებგვერდზე მოგროვებული და ჩვენ მიერ მიცემული ინფორმაცია ერთდროულად ჯამდება და ავტომატურად იწერება, რის შედეგადაც გენერაცია შესაძლებელი ხდება. მოხმარებლის ჩართულობა კი სულ რამდენიმე მახასიათებლის შერჩევაშია საჭირო“, — გვიხსნის ივა. ასევე, შრე.სფეისის ტექნიკური ნაწილის უკან დგანან პროექტის თანაავტორები, სოფთვეარ ინჟინრები ბერო ლომსაძე და აჩი ბახსოლიანი.
მთლიანობაში, SHRE.Space ადამიანებს დაეხმარება, განსხვავებული დიზაინის რენდერები შექმნან. ასე საკუთარ ფანტაზიებსაც გააცოცხლებენ და შთაგონებასაც მიიღებენ, რათა „სრულყოფილი“ ინტერიერი რეალურ გარემოში გადმოიტანონ.
ავტორი: ქეთია ბელქანია