ფრაზა „ნუ მიეყრდნობით“ არა მხოლოდ გამაფრთხილებელ, არამედ ემოციურ ასოციაციადაც იქცა მეტროსთან — როგორც ყოველთვის, ფუნქციურს სიმბოლური დანიშნულებაც მივანიჭეთ. ისე კი, თითქოს, შეუძლებელია, მსგავს ტრანსპორტში ყველანაირი ემოცია, შეგრძნება და ფიქრი ერთიანად არ აგეშალოს… ჩადიხარ მიწის ქვეშ და სადგურიდან სადგურამდე იცვლება ხალხი, განწყობები, განათებები — ამოსვლისას კი ყველაფერი იქვე რჩება.
ალბათ, სწორედ ასეთმა განწყობებმა „გაარომანტიკულა“ მეტრო და ყველა ადამიანისთვის შესაბამისი დატვირთვა შეიძინა. მაგალითად, ლუკა კორძახიასთვის, რომელმაც მეტროსადგურების შრიფტული ნაწილის პროექტი შექმნა, შთაგონება ასე გამოვლინდა: „შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შთაგონება მეტროსადგური დელისი იყო, სადაც დღემდეა შემორჩენილი აქ არსებული შრიფტული ნაწილი. მასზე დაკვირვებით გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს მთლიანი შრიფტი, ვინაიდან მსგავსი კუთხოვანი ფორმები ჩემთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. პარალელურად კი, უნივერსიტეტისთვის სადიპლომო ნამუშევრის იდეაზე ვფიქრობდი და ზუსტად ასე გაერთიანდა და შეიქმნა ეს პროექტი. დელისიდან დაწყებული რამდენიმე ასოთი განვითარდა პროექტი და შეიქმნა თბილისის ყველა მეტროსადგურის ხასიათის შესაბამისი შრიფტი“.
როგორც აღნიშნავს, ზოგადად ძველი სტილით და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის თბილისის ესთეტიკა მუდამ იზიდავდა — იქნებოდა ეს არქიტექტურა, პოსტერები, ტიპოგრაფია თუ სხვა. გამონაკლისი არც თბილისის მეტროსადგურებია, რაც ზოგადად ქალაქისთვის იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს კონკრეტული ისტორიები, თუ როგორ და რატომ აშენდა ესა თუ ის მეტროსადგური, რა დასახელებები დაერქვა თავდაპირველად და როგორ განვითარდა დღემდე. „სამწუხაროდ, მეტროსადგურების უმეტესობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. დროსთან ერთად ნელ-ნელა ზიანდება და იკარგება ის თავდაპირველი ესთეტიკა და ხასიათი რაც თითოეულ მათგან გააჩნია. ისიც მართალია, რომ ზოგ მეტროსადგურს რეაბილიტაცია უტარდება, თუმცა იმის მაგივრად რომ ის თავისებური ხასიათი, ისტორია და დიზაინი შენარჩუნდეს რაც თავდაპირველად არსებობდა, დღეს ამაზე არავინ ზრუნავს“.
M: როგორც პროექტის აღწერაში გაქვს მითითებული, ტიპოგრაფიის ორიენტირად XX საუკუნის პლაკატები აიღე…
თბილისის ისტორიის მსგავსად, ასევე დაინტერესებული ვარ მეოცე საუკუნის პოსტერებით, როგორც ქართული, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის. თუმცა განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის ქართული პოსტერები მხიბლავს, რადგან პირადად ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წლები ქართული შრიფტის ისტორიაში სწორედ ამ პერიოდშია — ძირითადად პოსტერების სახით, სადაც, ვფიქრობ, ქართული შრიფტის დიზაინი მნიშვნელოვან დონეზე იყო განვითარებული. მათი ფორმები, ხასიათი თუ არსებობის მიზანი.
ბუნებრივია, ეს პერიოდი არ არის ერთადერთი, სადაც მსგავსი გარდატეხა მოხდა. მთელ მსოფლიოში დიზაინის განვითარება და წინა პლანზე წამოწევა მეოცე საუკუნეში მოხდა და ამ დროს გაჩნდა ზუსტად მეტი მოთხოვნა პოსტერებზე, რეკლამებზე, აბრებზე, ეტიეკეტებზე და ა. შ., რამაც საბოლოოდ უფრო მეტად შეუწყო ხელი დიზაინის განვითარებას. ხოლო ქართულ მაგალითზე საბჭოთა პერიოდში ეს ყველაფერი თავისებურად მოხდა, განსხვავებული საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ეს კარგად ჩანს იმდროინდელ პოსტერებში, ბანერებსა თუ აფიშებში, რაც შრიფტის სახითაც იდეალურად გადმოიცემოდა — თითქოს ზუსტად ასრულებდა იმ დანიშნულებას, რომელიც ამა თუ იმ პოსტერის მიზანი იყო: გამოეხატა ნებისმიერი სახის გაფრთხილება, მოწოდება, ან უბრალოდ საჯარო ინფორმაცია.
M: შრიფტი რა სპეციფიკების მიხედვით დაამუშავე?
მეტროსადგურებისთვის შრიფტის მორგება ორი პრინციპით ხდებოდა: პირველი იყო პირდაპირი თვალსაჩინო ვიზუალი, რაც გულისხმობს სადგურებში დღემდე შემორჩენილი წარწერების გაციფრულებას და შემდგომ ანბანის ყველა ასოს შექმნას. მეორე შემთხვევა კი უფრო რთულ გზას წარმოადგენდა და უფრო ხშირიც იყო. გარკვეულ მეტროსადგურებში არც ყოფილა არანაირი შრიფტული ნაწილი, ან უბრალოდ შემორჩენილი აღარ იყო, რაშიც არქივი მეხმარებოდა და ძველი ფოტოების დახმარებით დგინდებოდა, სად რა არსებობდა თავდაპირველად — შედეგად, მთლიანი შრიფტები იქმნებოდა.
ხოლო იმ სადგურების შემთხვევაში, სადაც საერთოდ არ იყო შრიფტული ნაწილები, მთავარი ხელჩასაჭიდი მეტროსადგურის ესთეტიკა იყო, რაშიც იგულისხმება ინტერიერის დიზაინი, ფერები, სიმბოლური დეტალები, ადგილმდებარეობა, დასახელება და ა.შ . მაგალითისთვის, ასეთ ერთ-ერთ სადგურს წარმოადგენდა „გურამიშვილი“, სადაც არანაირი შრიფტული ნაწილი არ არის და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ დასახელებიდან გამომდინარე მიმდინარეობდა შრიფტზე მუშაობა. გურამიშვილის წიგნები, მათი ყდები, ნებისმიერი რამ არქივში, რაც მას უკავშირდება, რათა კონკრეტული ხასიათი დამეჭირა და შემდგომ მეტროსადგურისთვის მომერგო. ასევე, მსგავსი პრინციპითაა შექმნილი მეტროსადგური წერეთელი, სარაჯიშვილი და რუსთაველი. მაგალითად, მარჯანიშვილის შემთხვევაში უფრო მეტად გამოყენებულია თეატრალური ფორმები, ხასიათი და ელემენტები, ვინაიდან სადგური ატარებს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის სახელს, რასაც ავტომატურად მივყავართ თეატრის ესთეტიკისკენ.
M: საინტერესოა, ფერთა პალიტრა რა პრინციპით შეარჩიე?
ზოგადად, ფერები ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ბრენდის იდენტობის. ამ შემთხვევაში კი მინდოდა კონკრეტული სადგურების ხასიათის ნაწილი გამხდარიყო ესა თუ ის ფერი. მოიძებნა ექვსი მთავარი ფერი, რომლებიც შემდგომ მეტროსადგურების ხასიათს მოერგო სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით. მაგალითად, სადგური „რუსთაველი“ გამოირჩევა თავისებური მუქი წითელი მარმარილოს ფერით, „წერეთელი“ კი მომწვანო ფერს ატარებს. ასევე, უამრავ მეტროსადგურში ჭარბობს ღია მოთეთრო მარმარილოს ფერი და მუქი კედლები. ფერების შერჩევის შემდეგ კი სხვადასხვა პრინციპით კონკრეტულ სადგურებს მოერგო. ხოლო „ვაჟა-ფშაველა“ უფრო მეტად გარემოსთან და ბუნებასთან შეიძლება დავაკავშიროთ და მივუსადაგოთ მწვანე.
M: ისე, შენი აზრით, რა აკლია ქართულ მეტროს დიზაინისა და ბრენდინგის თვალსაზრისით?
პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ თბილისის მეტროსადგურებს აკლია შენარჩუნება. ის ძველი ხასიათი, დიზაინი და ესთეტიკა საკმაოდ დაუფასებელია, ვინაიდან სადგურების უმეტესობა თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი, რასაც თანამედროვე ადამიანი ჯერ არ შეხებია რადგანაც ჯერ ამის საჭიროება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და გამართულობა მუდამ პირველ ადგილას უნდა იყოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ პარალელურად შესაძლებელია ვიზუალურ ნაწილზე ზრუნვა და იმ სიძველის შენარჩუნება, რაც ჩვენი ისტორიაა
არავინაა საბჭოთა რეჟიმის მომხრე, თუმცა რაც იმ პერიოდში კეთდებოდა და ძირითადად მაინც ქართველი არქიტექტორების, ინჟინრებისა და მხატვრების მიერ იქმნებოდა, ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. გარდა ისტორიის ესთეტიკური ვიზუალით შენარჩუნებისა, ვფიქრობ, თბილისის მეტროსადგურებს საკმაოდ მაღალი პოტენცია აქვს ტურისტების მისაზიდადაც კი, თუ ამისთვის შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება, როგორც რეაბილიტაციის მხრივ, ისე მარკეტინგულადაც.
საბოლოოდ, ამ პროექტის მიზანია, აღადგინოს ის შრიფტები, რომლებიც თბილისის კონკრეტულ მეტროსადგურებში დღესაც არსებობს და არ არსებობის შემთხვევაში შეიქმნას სრულიად ახალი შრიფტი ამა თუ იმ მეტროსადგურის ხასიათიდან გამომდინარე. ეს არის პროექტი, რომელიც არა მარტო ქართული შრიფტების შექმნასა და მათ გამრავალფეროვნებას ემსახურება, არამედ ისტორიული ნაწილების შენარჩუნებას, აღდგენასა და განახლებას. ჯერჯერობით მხოლოდ ციფრულ სამყაროში, თუმცა ყველაფერი აქედან შეიძლება დაწიყოს, რის შემდეგაც, შესაძლოა, მეტროსადგურებს პირვანდელი სახეც კი დაუბრუნდეს — არა მხოლოდ ტიპოგრაფიული კუთხით, არამედ სრულიად სადგურის ზედა და ქვედა ნაწილებით. ევროპული ქალაქები და მათი მეტროსადგურები ამის მკაფიო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წარსულის შენარჩუნება თანამედროვე სამყაროში.
პროექტი და შრიფტები სრულად იხილეთ ბმულზე.
ავტორი: ქეთია ბელქანია