სამსახური ის ადგილია, სადაც ხშირად იმაზე დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე სახლში. ამ მოცემულობიდან გამომდინარე კი, ყოველდღიური უსაფრთხოების თუ დაცულობის განცდა უნდა გვქონდეს. სწორედ ამას ემსახურება „ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია“ (BSA) — ის კომპანიებს დასაქმებულებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი პირების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი რისკებისგან დაცვის სისტემის შემუშავებას სთავაზობს. სხვა სიტყვებით, BSA-ის მთავარი მიზანია, ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემების დანერგვაში დაეხმაროს.
ასოციაციამ ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო და აქტიურად შეუდგა შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას თუ დანერგვას. როგორც თავად აღნიშნავენ, კომპანია, მზად არის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრების დახმარებით, ნებისმიერი სახის კომპანიაში იზრუნოს შრომის უსაფრთხოების, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფენ საჭირო ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.
„BSA კომპანიის და თითოეული აქ დასაქმებული თანამშრომლის მიზანი არის ერთი, რომ ყველა კომპანიის დასაქმებულებისთვის შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დაცვას“, — ამბობს ანი შანშიაშვილი, ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაციის გაყიდვების ხელმძღვანელი.
M: ანი, ყველაზე დიდ გამოწვევად რას მიიჩნევთ საქართველოს ბაზარზე? კომპანიის არსებობის მანძილზე რამდენად მოახერხეთ მდგომარეობის დადებითი კუთხით შეცვლა?

რა თქმა უნდა, ეს სფერო, შრომის უსაფრთხოება, წარმოუდგენელია გამოწვევების გარეშე. ჩვენ ძალიან დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ და დღემდე აქტიურად ვახორციელებთ ჩვენს დამკვეთებთან სავალდებულო ტრენინგებს, რათა უსაფრთხო სამუშაო გარემო ჰქონდეთ. ყველაზე დიდ გამოწვევად დავასახელებ რეგიონებში ამ სფეროს მიმართ ინფორმაციის ნაკლებობას. სამწუხაროდ, დღემდე რთულ გამოწვევად რჩება ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი შრომის უსაფრთხოება; ასევე ის, რომ თითოეული თანამშრომლისთვის, რომელიც კომპანიას ჰყავს დასაქმებული, აუცილებლად უსაფრთხო სამუშაო გარემო უნდა იყოს შექმნილი.
მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ დროთა განმავლობაში, თუნდაც ნელი ტემპით, ცნობიერება იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობით. თანაც, BSA დღითიდღე ვითარდება — შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვიც ყოველდღიურად მატულობს. დღეისათვის 150-ზე მეტი მცირე თუ საშუალო ბიზნესის კომპანიაა ჩვენს დაქვემდებარებაში. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ BSA ყველა ტიპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
M: საინტერესოა, თავად როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური სამუშაო გარემო, სადაც ყველა ნორმა თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება?
ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ სამუშაო გარემოში, რომელიც ადაპტირებული და მორგებული უნდა იყოს თანამშრომელზე როგორც უსაფრთხოების, ისე კომფორტის მხრივაც. ყველასთვის ინდივიდუალურია გარემო, სადაც მუშაობს, თუმცა მთავარი და აუცილებელი პირობის განსაზღვრა ასე შეიძლება: თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იგრძნოს, რომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების თუ პროდუქტიულობის შესაქმნელად საჭირო პირობების შესაქმნელად ხარჯები არ დაიზოგება.
M: როგორია ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაციის სამომავლო გეგმები?
მოგეხსენებათ, შრომის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის. BSA კი უკვე სამი წელია, საქართველოს ბაზარზეა და შრომის უსაფრთხოების კუთხით უკვე დაამყარა მაღალი სტანდარტი. ჩვენ ყველა პარტნიორ კომპანიას ინდივიდუალურად ვუდგებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სამომავლოდ ისევ და ისევ შრომის უსაფრთხოების ტრენინგებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ცნობიერება არც ისე მაღალია. BSA აუცილებლად შეიტანს წვლილს დარგის განვითარებაში და ცნობიერების ამაღლებაში.
[R]













