11
Sep
2019

რას გულისხმობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ და როგორი რეაგირებაა საჭირო ამიერიდან?

11 Sep 2019

პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებული ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

 

კანონის მიხედვით, მას, ვისაც 20 ან ნაკლები პირი ჰყავს დასაქმებული, შეუძლია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის როლი თავად მოირგოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი აკრედიტირებული პროგრამა აქვს გავლილი. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე პირი ჰყავს დასაქმებული, ვალდებულია, ერთი შრომის სპეციალისტი მაინც ჰყავდეს დაქირავებული. ხოლო, 100-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შემთხვევაში კი, დამსაქმებელმა შრომის უსაფრთხოების სამსახური უნდა შექმნას არანაკლებ ორი უსაფრთხოების სპეციალისტით.

კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” პირველი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე. ეს ასევე ეხება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებს.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს, თუ სად უნდა მოვიძიოთ ზემოთ აღნიშნული სპეციალისტები ან თავად სად უნდა გავიაროთ სპეციალური პროგრამა, Marketer.ge საკონსულტაციო კომპანია HS Consulting-ს გაესაუბრა:

M: თუ დამსაქმებელს 20-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, მაშინ თავად უნდა ჰქონდეს გავლილი სერტიფიცირებული პროგრამა – სად შეიძლება ამ პროგრამის გავლა დამსაქმებლისთვის და რას მოიცავს, ძირითადად, ეს პროგრამა? 

სერტიფიცირებული პროგრამის გავლა სავალდებულოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ ორგანიზაციებში. სასწავლო პროგრამა მოიცავს საბაზისო ცოდნის მიღებას შრომის უსაფრთხოებაში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სასწავლო პროგრამის გავლა არ არის საკმარისი მაღალკვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ჩამოყალიბებისთვის, რადგან 130 საათის გავლის შემდეგ და მწირი პრაქტიკის პირობებში შეუძლებელია კურსდამთავრებულმა სრულფასოვნად შეძლოს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა განსაკუთრებით იმ პირებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ პრაქტიკული ბექგრაუნდი.

M: რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ კანდიდატის ადგილობრივ აკრედიტაციაზე, არამედ მის სამუშაო გამოცდილებაზე. ასევე, სასურველია, პიროვნებას გააჩნდეს  საერთაშორისო სერტიფიკატი, საერთაშორისო გამოცდილება ან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რადგან აღნიშნული სახის ორგანიზაციებისათვის შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებამდეც მნიშვნელოვანი იყო დასაქმებულთა უსაფრთხოება.

M: ზოგადად, რატომ არის კომპანიებისთვის ეს კანონი ვალდებულება?

კომპანიებს აკისრიათ მორალური სამართლებრივი და ეკონომიკური პასუხისმგებლობები, კერძოდ: დამსაქმებელმა არ შეიძლება, მიიღოს შემოსავალი ვინმეს ან ვინმეს ოჯახის უბედურების ხარჯზე, ასევე დამსაქმებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისას შესაძლებელია დაეკისროს სისხლის სამართლებრივი ან კანონით დადგენილი სხვა სახის პასუხისმგებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი ინცინდენტი, რომელიც ხდება ორგანიზაციაში, დაკავშირებულია  გარკვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებთან, რაც თავის მხრივ მოქმედებს როგორც კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე მის იმიჯსა და თანამშრომლების შრომის უნარიანობაზე.

M: რაში დაეხმარება კანონმდებლობა კომპანიას/ორგანიზაციას?

აღნიშნული კანონმდებლობა დაეხმარება ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ დასაქმებულებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დასაქმებულთა სამუშაო ნაყოფიერების გაზრდას. ეს კი პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციების ფინანსურ კეთილდღეობასთან.

M: როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს კანონი ნაყოფიერი? 

კანონის ნაყოფიერება დამოკიდებულია, თუ რამდენად ეფექტური იქნება აღსრულების მექანიზმი და რა დოზით გამოიყენებენ ორგანიზაციები შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას მათივე წარმატებისათვის.

განხილვა