in

FCB ARTGROUP TBILISI-ის შემოქმედებით გუნდს ლაშა შრუტე მილორავა უხელმძღვანელებს – სააგენტოს გეგმები 2025-ისთვის

FCB ARTGROUP TBILISI-ში სიახლეა. სააგენტოს შემოქმედებით გუნდს ლაშა შრუტე მილორავა გაუძღვება. გასული წლის შემდეგ, FCB ARTGROUP TBILISI განვითარების მორიგ ეტაპზე გადასვლასა და საერთაშორისო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას ახალი ძალებით განაგრძობს. გუნდი აქტიურად გეგმავს FCB ARTGROUP-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობას. მარკეტერთან ინტერვიუში FCB ARTGROUP TBILISI-ის ხელმძღვანელმა, ანი ზაქარეიშვილმა, ლაშა შრუტე მილორავასთან ერთად, სააგენტოს შედეგები და გაფართოების პერსპექტივა მიმოიხილა.

„2024 წელს, სხვადასხვა ტიპის მომსახურება გავუწიეთ 41 ბრენდს, ვიმუშავეთ 5 ბრენდირებისა და შეფუთვის პროექტზე, 15 ციფრულ კამპანიაზე ფოტო და ვიდეო-ფროდაქშენით, მრავალ ბრენდს შევუქმენით ცოცხალი კონტენტი და ახალი რეკორდები დავამყარეთ ბრენდებისთვის ტიკტოკზე და აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენი ქსელის ოფისებთან (მათ შორის გერმანია, თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) მათი დამკვეთებისთვის განხორციელებულ კამპანიებში.“, – გვიამბო ანი ზაქარეიშვილმა.

M: განვითარების რა ეტაპზეა სააგენტო ამ დროისათვის, რამაც გუნდში ახალი ადამიანების შემოერთებისკენ გიბიძგათ?

ანი ზაქარეიშვილი: გასული წლების მანძილზე, ბევრ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბრენდთან ვიმუშავეთ სხვადასხვა მასშტაბის კამპანიაზე. პატარა გუნდით დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გავზარდეთ გუნდის მოცულობაც და პროექტების მასშტაბიც. 

სააგენტოს შიდა კულტურა და გუნდი, ჩამოყალიბებული და ძალიან შეკრულია. დაგროვებული გამოცდილება და გუნდის წევრების შესაძლებლობები გვიჩვენებს, რომ მზად ვართ უფრო დიდი პასუხისმგებლობისთვის და უფრო მასშტაბური კამპანიებისთვის. ვფიქრობ, ძალიან დადებითი რეპუტაცია გვაქვს კრეატიულ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს შორისაც. ეს გვაძლევს საშუალებას უფრო თამამად და გამიზნულად გავზარდოთ არსებული გუნდი და მეტად პროაქტიულ ფაზაში გადავიდეთ. 

2025 წლის გეგმები და ძალისხმევა, ჩვენი სააგენტოსთვის, სწორედ  ამ მიმართულებით იქნება გაწეული – გუნდის გაფართოება და გამრავალფეროვნება, უფრო მასშტაბური და საინტერესო პროექტები.

M: როგორ გადაწყვიტეთ ლაშასთან თანამშრომლობა?

ანი ზაქარეიშვილი: ლაშას ბევრი წელია ვიცნობ, ერთ-ერთი წინა სააგენტოდან, სადაც თანამშრომლები ვიყავით. წლების მანძილზე, შორიდან ვგულშემატკივრობდი და ვაკვირდებოდი მის პროფესიულ განვითარებას და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სააგენტოსა და ლაშას მიზნები, ამბიციები და მისწრაფებები, ემთხვევა ერთმანეთს.

ყველაფერი წრიულია და ახლაც, ვფიქრობ, ყველაზე სწორი დროა, ხელახლა ერთ გუნდად შევუდგეთ საქმის კეთებას და გაერთიანებული ძალებით ვთქვათ ჩვენი სათქმელი ქართულ თუ რეგიონულ სარეკლამო ინდუსტრიაში.

M: როგორი იქნება მისი როლი სააგენტოში?

ანი ზაქარეიშვილი: ლაშას კრეატიულ კამპანიებზე მუშაობის მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილება და საერთაშორისო სააგენტოს წვდომა და კონტაქტები, იდეალური კომბინაციაა საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში მასშტაბური კამპანიების განსახორციელებლად. ლაშა, როგორც კრეატიული დირექტორი, წარუძღვება შემოქმედებით გუნდს და ვფიქრობ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს FCB ARTGROUP TBILISI-ის განვითარებაშიც.

M: რა გეგმები გაქვთ 2025 წლისთვის?

ანი ზაქარეიშვილი: 2025 წელს, ვაპირებთ ვიყოთ უფრო პროაქტიული და უფრო ხმამაღალი. შევიმუშავეთ HR პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, FCB-ის სხვადასხვა ოფისთან დავნერგეთ მოკლევადიანი პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავაჩქაროთ კადრების ზრდისა და განვითარების პროცესი და სააგენტომ ქსელის ფარგლებში უფრო შეკრულად და ერთ გუნდად ვიმუშაოთ.

წელს გეგმაში ასევე გვაქვს, რომ უფრო გავააქტიუროთ კრეატიულ კამპანიებზე, ვიდეო ფროდაქშენებზე და ბრენდირებაზე მუშაობა რეგიონის სხვა ოფისებთან და ამ ყველაფერს გვინდა მეტად მასშტაბური სახე მივცეთ.

M: ლაშა, რით იყო შენთვის საინტერესო FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობა?

ლაშა შრუტე მილორავა: როცა FCB-დან შემოთავაზება მივიღე, პირველი, რამაც ყველაზე მეტად მიმიზიდა – სააგენტოს საერთაშორისო დიაპაზონია. ჩემთვის ეს პირველი სააგენტოა, რომელიც არა მხოლოდ ფურცელზე რჩება გლობალური ნეთვორქის წევრად, არამედ საქმეშიც აქტიურად იყენებს სხვადასხვა ხელსაწყოსა და გაიდლაინს, ხელმისაწვდომს საერთაშორისო ქსელისთვის. 

ასევე, აქტიურად იმართება ყოველკვირეული რეგიონული შეხვედრები, რომლებზეც სხვადასხვა ფილიალის გენერალური მენეჯერები და კრეატიული დირექტორები ვიკრიბებით, ერთმანეთს ვუზიარებთ სიახლეებს პოტენციურ თუ არსებულ დამკვეთებსა და პროექტებზე, განვიხილავთ წლის მთავარი გეგმებისკენ ეტაპობრივად გადადგმულ ნაბიჯებს და საჭიროების შემთხვევაში – ვმუშაობთ ერთმანეთთან კოლაბორაციით.

M: გვიამბე შენს ახალ როლზე – რას მოიცავს და როგორ ხედავ სააგენტოს განვითარებას შენთან ერთად?

ლაშა შრუტე მილორავა: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, FCB ARTGROUP TBILISI-ს არაერთი წარმატებული კამპანია დაუგროვდა. ძირითადი ორიენტირი, წელს, სააგენტოს სამუშაო არეალის გაფართოება და კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი ციფრული, თუ ინტეგრირებული კამპანიის აღსრულება იქნება, ისევე როგორც – ფართომასშტაბიან ვიდეო-ფროდაქშენში ჩართვა საქართველოში და მის გარეთ. გეგმაშია გუნდის გაფართოებაც.

M: როგორია გეგმები და მოლოდინები ახალ როლში?

ლაშა შრუტე მილორავა: გარდა სააგენტოს ახალ პოლიგონზე გასვლისა, წელს, როგორც ადგილობრივად საქართველოში, ასევე – რეგიონულ ქსელში ორი მთავარი ამოცანა გვაქვს დასახული: 

  1. ვიმუშაოთ უფრო აქტიურად საფესტივალო კამპანიების მიმართულებით და 
  2. მეტი ეფექტურობისთვის დავნერგოთ „ერთი გუნდის“ პრინციპი, რაც ქსელში არსებულ სააგენტოებს შორის ტალანტისა და იდეების მიმოცვლას გულისხმობს, ერთმანეთთან კავშირების კიდევ უფრო გასამყარებლად და პროფესიული განვითარებისთვის.

„ჯინის ფლოტი“ — ლიმიტირებული კოლექცია საზღვაო დროშების შთაგონებით შეიქმნა

გაბორ მატე ქართული აუდიტორიისთვის ვებინარს ჩაატარებს – გაიგეთ, რა გელით