in

საშინელებათა ჟანრის მწერლობიდან ქოფირაითერობამდე – ლაშა შრუტე მილორავას ტრანსგრესიული ისტორია

„შიში არის ადამიანის ყველაზე გულწრფელი მდგომარეობა. შიშის გაყალბება არ შეიძლება, ან გეშინია, ან არ გეშინია“, – DDB Betterfly-ს ქოფირაითერ – ლაშა შრუტე მილორავას ტრანსგრესიული ისტორია წიგნებიდან იწყება. თანატოლებთან ბევრი თამაშის ნაცვლად, შრუტემ სამყაროს შესახებ ინფორმაციის მისაღებად წიგნების კითხვა არჩია. გადაწყვიტა, რომ სკოლის და ოჯახის ნაცვლად, თვითონ უნდა ეზრუნა საკუთარ განვითარებაზე. მისი თვითგამოხატვა და ლიტერატურული მოღვაწეობა 16 წლის ასაკში, ჯინაზე დაწერილი საშინელებათა ჟანრის წიგნით დაიწყო. მას შემედგ, კიდევ ორი წიგნი გამოსცა, მათ შორის, ერთი ტრანსგრესიული რომანი, 15 საუკეთესო მოთხრობაშიც მოხვდა, კინო რეცენზიებიც წერა, მხოლოდ წელიწადნახევარი ისწავლა უნივერსიტეტში და დიდხნიანი ცურვის შემდეგ, მისთვის ყველაზე საინტერესო, სარეკლამო სფეროში, ქოფირაითერის კოსტიუმით ამოყვინთა.

ერთმა რამემ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. 2015 წელს, ზაფხულში ვიყავი სამეგრელოში, მეგობრის დედამ გააკეთა ყიყლიყოები, თან მოიტანა მეგრული აჯიკა, ცხარე არ მიყვარს და ვფიქრობდი, მისი რჩევის მიხედვით მეჭამა ყიყლიყო აჯიკით, თუ მის გარეშე. საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ აჯიკით მეჭამა და წავსულიყავი სიახლისკენ, რომელიც აქამდე უცხო იყო ჩემთვის, მინდოდა რაღაც ახალი განმეცადა, თან შიშის გრძნობაც მქონდა, რადგან ცხარეზე შესაძლოა ალერგია დამწყებოდა, მაგრამ იმდენად კარგი პრომოუშენი გაუკეთეს აჯიკას, რომ ვთქვი – Let’s Try, გავსინჯე და მაშინ მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი, ყველაზე კარგი გადაწყვეტილებები იყოს ნაკარნახევი და ან სიახლის ძიებისკენ მიმართული. კარგი გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს არსებულს მორგება, იქ დარჩენა და განვითარების გაგრძელება, სადაც ხარ. რეკლამის მიმართულებით როგორც კი დავიწყე მუშაობა, უცებ იმხელა სტრესი წამოვიდა, რომ ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ, მინდოდა თუ არა აქ ყოფნა. თუმცა, გადავწყვიტე, რომ არ უნდა შეეშალა ჩემთვის ხელი უბრალო სტრესსა თუ ოვერთაიმებს. მოვრგებოდი ამ სფეროს, რადგან ამის გარდა, ასე კარგად არაფერი გამომდის.

ქოფირაითერი – ლაშა შრუტე მილორავა,  ილუსტრატორი – თაკო აბრამია

არც სკოლას, არც გარემოს არ შეუწყვია ჩემთვის ხელი ჩამოვყალიბებულიყავი ისეთად, როგორიც ახლა ვარ.  ჩემს თავზე მე ვზრუნავდი, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ სკოლა და უნივერსიტეტი ვერ მაძლევდა იმას, რაც მე მინდოდა. ვკითხულობდი წიგნებს, ვუყურებდი კინოს და შესაბამისად, არც სკოლაში და არც თსუ-ში არ ვიყავი წარმატებული მოსწავლე/სტუდენტი, მაგრამ, ჩემს თავთან კმაყოფილი ვიყავი. ბავშვობაში მაგალითად, არ მიყვარდა მულტფილმები და ფილმები, მიყვარდა მათ შორის სარეკლამო პაუზები. მულტფილმი როცა იწყებოდა, შევდიოდი ოთახში და როგორც კი მესმოდა „ბონიბონის“ ან „ტოფიტას“ რეკლამა, გამოვრბოდი ტელევიზორთან.

გარდატეხის ასაკში დაიწყო ცნობისმოყვარეობის პიკი, პირველად დავფიქრდი, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა ჩემამდე არ იყო საკმარისი და მინდოდა უფრო მეტი გამეგო. გავიხსენი ინფორმაციისთვის. 14-15 წლის ასაკში დაიწყო გაცხრილვა, მივხვდი, რომ რაღაცეები ნაკლებად მაინტერესებდა და ლიტერატურას უფრო დიდი როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ვიდრე, სხვა რამეს. დავიწყე წერა.  

პირველი წიგნი დავწერე ჯინაზე, რადგან, ყველა მეუბნებოდა, რომ არ უნდა მეჩქარა, ჯერ დიდი ხანი უნდა მეწერა და 40 წლის ასაკში გამომეცა. წიგნი  2 დღეში დავწერე, 16 წლის ბიჭის ნაბოდიალები იყო, უბრალოდ, ბაკურ სულაკაურს მოეწონა, “რაღაც დაინახა ჩემში” და შემომთავაზა გამოგვეცა ეს წიგნი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და როგორც კი გამოვიდა, ეგრევე დავიწყე ახალ წიგნზე მუშაობა.  

ადრე უბრალოდ, იმიტომ ვწერდი, რომ როგორც ბავშვობაში ვამბობდი  – მეწერინება-მეთქი, რაც არასწორია. თუ გინდა რომ კარგად წერო, ჯერ რაღაც სათქმელი უნდა დაგიგროვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი მშრალი და ხელოვნური გამოვა. 2016-ში გამოვეცი ბოლო წიგნი, სატირა. ჩაკ პალანიკი  ყოველთვის საყვარელი ავტორი იყო და მინდოდა მის ჟანრში, ტრანსგრესივში მეცადა რამე.

უნივერსიტეტში  წელიწადნახევარი ვისწავლე. თავიდან, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცოდი სხვაგან სად ჩამებარებინა, ნახევარი წლის შემდეგ, შევიცვალე პროფილი, ვცადე ტელე-კინოხელოვნების მიმართულება და მესამე ჯერზე კი ფილოსოფიის მიმართულებით გადავწყვიტე წასვლა. 14 წლიდან მინდოდა მეპოვნა ჩემი თავი რამე კონკრეტულ მიმართულებაში და ვერ ვპოულობდი. მიშა ბახსოლიანის რეკომენდაციით, გასაუბრების გავლის შემდეგ, აღმოვჩნდი HOLMES&WATSON-ში, სარეკლამო სააგენტოში და ზუსტად მივხვდი რისი კეთება მინდოდა. რა სფეროშიც ძალიან მინდოდა და წესით უნდა გამომსვლოდა,  იყო რეკლამა და შესაბამისად, როგორც კი ვიპოვნე ჩემი თავი ამ სფეროში, მაშინვე გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში დროის ხარჯვა არ იყო გამართლებული.

მუშაობა როცა დავიწყე, მივხვდი, რომ აქამდე სადაც ვიყავი, იქიდან 100%-ით განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი და ძალიან დიდი შიში მქონდა იმის, რომ ვიღაცის თვალში არ გამოვჩნდებოდი საკმარისად ნიჭიერი ან კრეატიული და ყოველთვის, როცა იდეებზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი „რას იტყვის ჩემი კრეატიული დირექტორი“ გადმოსახედიდან და არა იმაზე, მე თვითონ მომწონდა თუ არა ეს იდეა. ამ სფეროში ასეა – სანამ შენ თვითონ არ გჯერა შენი იდეის, სხვას ვერაფერს მიყიდი. თავიდან, ვერ ვხვდებოდი, რომ პასუხისმგებლობა მქონდა, მინდოდა დამედო ისეთი იდეა, რომელზეც მეტყოდნენ, რომ კარგია და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ბრიფი თავის თავში უკვე პასუხისმგებლობა იყო, არამარტო იმის მიმართ, ვისაც უნდა წარუდგინო იდეა, არამედ, მომხმარებლის მიმართ. HOLMES&WATSON-ში დამაჯერეს, რომ მე შემეძლო ვყოფილიყავი კარგი კრეატივშიკი და ეს იყო კარგი სტიმული. როგორც კი გადავწყვიტე, რომ თვითონ ვიყავი ჩემი თავის მამოტივირებელი ძალა, ყველაფერი გამოვიდა. ის საქმე თუ გიყვარს, რასაც აკეთებ, სხვებს შენი გაკეთებული შეუყვარდებათ.

დიდი სამეგობრო წრით არ გამოვირჩევი, ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, მაგრამ ცოტა მეგობარი. ახლა, ამჟამად, ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ჩემი შეყვარებულია, რომელთანაც შემიძლია ჩემი იდეები განვიხილო და მივიღო საკმაოდ სწორი შენიშვნები.

M: ოღონდ კარგად მამყოფინა თუ ოღონდ კარგად გვამყოფინა?
გვამყოფინა, რაღაცეების ეგოისტურ დონეზე დაყვანა ყველას ცუდად გვიტრიალდება ხოლმე და ამის კარგი მაგალითია ბევრი ისტორიული ფიგურა.

M: არის თუ არა შენი საქმიანობა ზრუნვა კარგად გვამყოფინასთვის?
გარდა იმისა რომ შენი რეკლამით, იქნება ეს ვიდეო, პრინტი, აუთდორი თუ უბრალოდ ფეისბუქ პოსტი, ვიღაცების ხასიათსა და ქცევაზე შეგიძლია დადებითად იმოქმედო, ხშირად, რაღაც სოციალურ პასუხისმეგლობასაც იღებ შენ თავზე, ერთგვარი აქტივისტიც ხარ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს. მოკლედ, რეკლამას დიდი ძალა აქვს, რომელიც ბევრი მიმართულებით შეგიძლია გამოიყენო.

Spotify-მ 2017 წლის ყველაზე პოპულარულ მუსიკოსს სახალისო ვიდეორგოლი მიუძღვნა

სახის გამწმენდი ნიღბები “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟების გამოსახულებებით