კრეატიული სამყარო გამუდმებით ინსპირაციის ძიებაშია, რომელსაც ეძებს და პოულობს ყველგან, ნებისმიერ რაღაცაში. როგორც შემოქმედები გვეუბნებიან, ხშირად ეს რაღაც შეიძლება TV-შოუებიც კი იყოს, რომლებსაც დღეს ყველაზე პოპულარულ სტრიმინგპლატფორმებზე ვუყურებთ. ისინი ხშირად ასახავენ იმას, რაც მასობრივად ბევრ ადამიანს მოსწონს, რაც გვეხმარება ინსაითების დაჭერასა და იდეების გენერირებაში.
ჩვენ გავეცანით იმ შოუების სიას, რომლებსაც კრეატორები გვირჩევენ. ჩვენდა გასაკვირად, მათ შორისაა ძველი ტელეგადაცემებიც.
Breaking Bad – პერსონალური ბრენდის ძალა
ქიმიის მასწავლებლის ამ ისტორიას ყველა იცნობს, მაგრამ რით არის ის რელევანტური და საინტერესო კრეატორებისთვის? უოლტერ უაიტის პერსონაჟი ძალიან საინტერესოდ ვითარდება სერიალში: თავიდან ის შუახნის მასწავლებელია, მოკრძალებულად ჩაცმული, თუმცა, როგორც კი თავის საკულტო შავ ქუდს დაიხურავს, ლეგენდად იქცევა. მისი პერსონალური ბრენდინგი საგულდაგულოდ არის შემუშავებული. ის არის ერთდროულად საშიშიც, იდუმალი და დასამახსოვრებელიც.
The Simpsons: ერთ თამამ არჩევანს შეუძლია შეცვალოს ეს ყველაფერი
ის ყველაზე ხანგრძლივი ანიმაციური სიტკომია ისტორიაში, რომელიც სატირულად გვიხატავს აშშ-ის ცხოვრებას. ამ ანიმაციაში ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ, გამოიყენოთ ინსპირაციისთვის: შინაარსი, პერსონაჟები, ფერები…
Stranger Things – სერიოზულად მოეკიდეთ ნოსტალგიას
მოქმედება 1980-იანებში. ბავშვების ჯგუფი ინდიანას პატარა ქალაქში ხვდება ზებუნებრივ ძალებს, საიდუმლო სამთავრობო ექსპერიმენტებს და საშინელ ალტერნატიულ განზომილებას, რომელიც ცნობილია როგორც Upside Down.
ის ძალიან დეტალებზე ორიენტირებული სერიალია რეტროს ელემენტებით, რომლებიც მაშინაც კი გაგრძნობინებთ თავს წარსულში, თუ ის საერთოდ აღარ გახსოვდათ. ეს ეხმარებათ კრეატორებს, თავადაც შექმნან მსგავსად დეტალიზებული ნამუშევარი.
Life on Mars: შთაგონება შეიძლება მოვიდეს ყველაზე უცნაური ადგილებიდან
ეს არის ბრიტანული კრიმინალური დრამა, ირონიით სავსე, რომელიც კარგად ასახავს, როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუსაბამო ჟანრი, შინაარსი და მხატვრული ხერხი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თანამედროვე დეტექტივი სემ ტაილერი იღვიძებს 1973 წელს და ცდილობს, დაბრუნდეს აწყმოში.
სერიალში ბევრი ისეთი ფრაზაა, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ შთაგონებისთვის. მათ შორისაა დევიდ ბოუის ტექსტების ნაწყვეტებიც.
Buffy the Vampire Slayer: სიურპრიზი თქვენი საიდუმლო იარაღია
ზებუნებრივი ძალები, ცოტა ჰორორი და მოზარდების ცხოვრება – ამ სამმა ხაზმა ეს სერიალი საკულტოდ აქცია. ის მოგვითხრობს ბაფი სამერსის, საშუალო სკოლის მოსწავლის ამბავს, რომელსაც ვაპირებთან ბრძოლა აქვს განზრახული.
სერიალში მუსიკალური ეპიზოდებიცაა, რაც კრეატორებისთვის მიმზიდველ სატელევიზიო შოუდ აქცევს მას. თავის დროზე ეს ფილმი იყო ჩვეული სტანდარტებიდან გადახვევის ერთ-ერთი მაგალითი, რაც ხშირად წამყვანი მუზაა შთაგონებისთვის.
Squid Game: მოთმინება დაგიფასდება
Squid Game არის სამხრეთ კორეული დრამარომელშიც ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები თამაშობენ სასიკვდილო საბავშვო თამაშებს დიდი ფულადი პრიზის მოსაპოვებლად. მასში წარმოჩენილია უთანასწორობისა და კაპიტალიზმის ყველაზე მანკიერი მხარეები.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ტოპსერიალად ითვლება, თავიდან ასე არ იყო და მის რეჟისორს ლოდინი დასჭირდა, სანამ ფილმი თავის სათქმელს იტყოდა. ეს ერთ-ერთი შეხსენებაა კრეატორებისთვის, რომ ზოგჯერ მოთმინებაც გვმართებს.
24: ინოვაციამ აჯობა ორიგინალობას
აგენტ ჯეკ ბაუერს ტერორისტული საფრთხეების შეჩერება ევალება. ყოველი 24-ეპიზოდური სეზონი წარმოადგენს ერთ სრულ დღეს, ყოველი ეპიზოდი მოიცავს დღის მოვლენების ერთ საათს. ეს ინოვაციური ფორმატი მატებს სერიალს დაძაბულობას, ზრდის ჩართულობას, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ნებისმიერი პროდუქტისთვის მუდამ საჭირო ხესჩასაჭიდებია.
Elementary (USA) vs Sherlock (UK): მეტოქეობა შეიძლება იყოს შემოქმედებითი საწვავი
ის არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის ისტორიების თანამედროვე ადაპტაციაა. სახასიათო პერსონაჟებით, ელეგანტური, კინემატოგრაფიული ვიზუალით ის საკმაოდ მიმზიდველი ხდება მაყურებლისთვის. თუ როგორ შეიძლება გამოიყენო არსებული ისტორია შენს სასარგებლოდ, ეს ხრიკი კრეატორებს ეხმარებათ თავიანთ პროფესიაში, ამიტომ სიამოვნებით უყურებენ ამ სერიალს.
Lost: დაპირებულზე მეტი
Lost არის საიდუმლოებით მოცული დრამა თვითმფრინავის კატასტროფის დროს გადარჩენილების შესახებ, რომლებიც მიტოვებულნი არიან ერთი შეხედვით უკაცრიელ კუნძულზე. გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ისინი მრავალ საიდუმლოს აღმოაჩენენ, რომელთა გამოცნობასაც რეჟისორი და სცენარისტი მაყურებელს მიანდობენ.
ეს და კიდევ მრავალი საინტერესო სიუჟეტია სერიალში, რომელიც შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებმა სათავისოდ შეიძლება გამოიყენონ. გარდა ამისა, მის მაგალითზე შეიძლება ისწავლოთ, როგორ შექმნათ სწორი მოლოდინი თქვენს მაყურებელსა თუ მკითხველში, რადგან ვისაც ნანახი გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ Lost-ის ფინალით ბევრი გულშემატკივარი დარჩა იმედგაცრუებული. ამიტომ ჩვენ შეცდომებზეც ვისწავლოთ.