„შუპუსუ“ ციფრული მარკეტინგის სააგენტო Alter Way -ს მიერ შექმნილი პირველი ქართული მარკეტინგული თამაშია. თამაშის დასაწყისს, თითოეული მოთამაშე მარკეტინგის დირექტორად იქცევა, მისი მისია კი შემოთავაზებულ სიტუაციებში ბიუჯეტს, ბრენდის ცნობადობასა და უფროსის კეთილგანწყობას შორის პრიორიტეტების სწორი შერჩევაა. თამაშის მიზანია, მარკეტინგის დირექტორმა შეინარჩუნოს პოზიცია, ამისათვის კი საჭიროა გააორმაგოს ბიუჯეტი, გადალახოს ბრენდის იმიჯის 51%-იანი ზღვარი და გააღიმოს ბოსი. როგორია თამაშის შექმნის მოტივები და რაში დაეხმარება ის მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს? – ამ კითხვებზე მარკეტერს Alter Way-ს სოციალური მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია გეგეშიძემ უპასუხა:
M: რა მიზნით შეიქმნა „შუპუსუ”, რაში დაეხმარება იგი მარკეტინგით დაინტერესებულ პირებს?
თამაშში ბევრია იუმორისტული ელემენტები, უტრირებული სიტუაციები, რაც შესაძლოა სამსახურეობრივ სიტუაციებში ხშირად ხვდებოდეს. მოთამაშის მიზანი ამ სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნაა ისე, რომ გაერთოს და მხიარული განწყობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნოს, ამავდროულად, უნდა აკონტროლოს თამაშის სამივე კომპონენტი – ბიუჯეტი, ბრენდის იმიჯი და ბოსის კეთილგანწყობა. შესაძლოა,ზოგჯერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს მოთამაშეს, რომელზეც ფიქრობს, რომ ზოგადად, არასწორია, თუმცა, კონკრეტული სიტუაცია ამას მოითხოვს. ასეთი შემთხვევებისგან ცხოვრებაშიც არავინაა დაზღვეული. ამ თამაშში ამის ხაზგასმაც გვინდოდა. ჩვენი აზრით, როდესაც ბევრ კლიენტთან მუშაობ, გეგმავ და ახორციელებ კამპანიებს, პარალელურად, მნიშვნელოვანია შენთვისაც შექმნა განსხვავებული, შენთვის საინტერესო აქტივობები, რომლებიც გადმოსცემს კომპანიის ხასიათს, მუშაობის სტილს და გაძლევს მეტ თავისუფლებას. გვგონია, რომ ეს თამაში დააინტერესებს როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე, მარკეტინგით დაინტერესებულ აუდიტორიასაც. სწორედ ეს მიზნები ქონდა ამ თამაშის შექმნას.
M: რატომ სახელი „შუპუსუ“?
გარდა იმისა, რომ თამაშში უხვადაა რეალური ცხოვრებიდან აღებული სიტუაციები, მასში ასევე მრავლადაა სახალისო და სატირული ელემენტები. სახელიც ამ პრინციპების მიხედვით შეირჩა – „შუპუსუ“ შპს-ს გაშარჟებული ვარიანტია.
M: როგორია თამაშის პროცესი და რა პრინციპის მიხედვით იღებენ შეკითხვებს მოთამაშეები?
თამაში იწყება იმით, რომ მოთამაშე ინიშნება „შუპუსუ“-ს მარკეტინგის დირექტორად. თამაში მას, სამსახურის ირგვლივ, სთვაზობს სხვადასხვა სიტუაციას, რომლებიც ისე უნდა მოაგვაროს, რომ ბრენდის ცნობადობა და უფროსის კეთილგანწყობა არ დაკარგოს, ამავდროულად უნდა კონტროლდებოდეს ბიუჯეტიც. სწორედ ეს სამი ფაქტორი გადაწყვეტს შეინარჩუნებს თუ არა მოთამაშე, თამაშის ბოლომდე, მარკეტინგის დირექტორის პოზიციას. განმეორებითი თამაშისას კითხვების ნაწილი მეორდება. გარდა ამისა, არის კითხვები, რომლებიც მოდის პასუხებისგან გამომდინარე, ანუ, გენერირდება მოთამაშის პასუხების მიხედვით.
M: ვისთვისაა განკუთვნილი „შუპუსუ“?
თამაში საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მცირე სამუშაო გამოცდილება მაინც აქვთ მარკეტინგის სფეროში და განსაკუთრებით მათთვის, ვინც კონკრეტულ სიტუაციაში თავს ამოიცნობს. თამაში ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, კითხვები მხიარულია, თუმცა, ყოველი გადაწყვეტილების მიღება დაფიქრებას მოითხოვს.
M: როგორია თამაში „შუპუსუთი“ გამოწვეული Alter Way-ს მოლოდინები?
„ალტერვეისთვის” პირველი ასეთი პროექტია Digital Storytelling, რომელსაც საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა დროის მცირე მონაკვეთში და ახლაც, ვიმედოვნებთ, რომ მარკეტინგული თამაშიც საინტერესო იქნება ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ბოლო 2 დღის სტატისტიკური მონაცემებით, 927 მოთამაშიდან მხოლოდ 84-მა აჯობა კონკურენტ მარკეტერს, ისიც რამდენიმე ცდის ფასად.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/alterway.ge/videos/1435681989880462/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[R]