in

როგორ დავძლიოთ შუაკარიერული კრიზისი

კარიერის დასაწყისში ყველას დაახლოებით ერთნაირი სცენარი გვაქვს წარმოდგენილი – 30 წლის ასაკში უკვე წარმატებული და ყველანაირად შემდგარი პიროვნება ვიქნებით, რომელმაც მიაღწია მიზნებს და ახლა მიღწეულით ტკბება.

თუმცა რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება. დამკვეთები და დამსაქმებლები სულ უფრო მომთხოვნები ხდებიან, ინფლაცია ამცირებს თქვენი ცხოვრების სტანდარტს, ხელოვნური ინტელექტი ანადგურებს სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს, ხოლო ჩვენს პროფესიაში ჩნდებიან ახალგაზრდა, ახალი სახეები.

ეს კრიზისი ყველა 30+ ასაკის ადამიანს ჰქონია და მისი დაძლევა რთული არაა, თუ სწორ სტრატეგიას აარჩევთ. 

დააფასეთ თქვენი ასაკი

როგორც წესი, მეტი წელი მეტ გამოცდილებას ნიშნავს, ამიტომ იმაზე კი ნუ იდარდებთ, რომ უკვე „ასაკში” ხართ, არამედ მიიღეთ თქვენი გამოცდილებიდან სარგებელი. გაიხსენეთ, რამდენი რამ არ იცოდით, როცა ძალიან ახალგაზრდა იყავით და პირველ ნაბიჯებს დგამდით, ახლა კი უკვე რამდენ სიტუაციაში შეგიძლიათ საქმის კეთება.

გარისკეთ!

შუახნის ასაკში რატომღაც ბევრი ანელებს ტემპს და იკეტება ერთ წრეში, მაშინ, როცა არაფერი ხდება ისეთი, რაც წინ არ გვიშვებს. მიიღეთ ახალი გამოწვევები, არ შეგაშინოთ უცხო გარემომ ან ისეთმა საქმემ, რომელიც აქამდე არ გაგიკეთებიათ, ნურც ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩებით. 

გამოცდილი კრეატორები გვირჩევენ, რომ ახალი ინსტრუმენტები ჩვენს ხელსაწყოდ ვაქციოთ, შევისწავლოთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება ჩვენს საქმეში.

შეიცვალეთ საქმიანობა

თუ გრძნობთ, რომ მოგბეზრდათ ის, რასაც აკეთებდით ათწლეულის განმავლობაში და სწორედ ამიტომ ხართ ჩაკეტილი, ვერ მიდიხართ წინ, გეტყვით, რომ 30+ ასაკი შესანიშნავი დროა კარიერის შესაცვლელად. ისტორიაში უამრავი გრაფიკოსდიზაინერისა თუ მარკეტერის გამოცდილებაა ჩაწერილი, რომლებმაც სწორედ ეს ასაკი გამოიყენეს ახალი მწვერვალების დასაპყრობად. არ ვგულისხმობთ იმას, რომ თუ მთელი ცხოვრება მარკეტერი იყავით, უცებ ექიმად გადაიქცევით, მომიჯნავე სფეროებში შეგიძლიათ, ფოკუსირდეთ ისეთ საქმეზე, რომელზეც გაქვთ გარკვეული ცოდნა და იცით, როგორ მუშაობს. მარკეტერები ამას შემოქმედებით სამყაროში ადაპტაციას უწოდებენ.

დააპრიორიტეტეთ თქვენი კეთილდღეობა

არის ასაკი, როცა ჩვენთვის არც დღეა და არც ღამე. სასურველი მიზნების მისაღწევად ღამეებსაც ვათენებთ და ზოგჯერ ჭამაც გვავიწყდება, შეგვიძლია, მთელი დღე მხოლოდ ყავაზე გადავატაროთ, თუმცა 30+ ასაკში ამ მიდგომის შეცვლას გვირჩევენ სპეციალისტები და გვეუბნებიან: „დააპრიორიტეტეთ თქვენი კეთილდღეობა”. გამოიძინეთ 8 საათი, იკვებეთ ბალანსირებულად, ივარჯიშეთ, დაუთმეთ დრო დასვენების დღეებს და ნუ აქცევთ მათ სამუშაო დღეებად. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა უწინარესია და დროთა განმავლობაში ცხოვრების არასწორი რეჟიმი აუცილებლად აისახება თქვენს პროდუქტიულობაზეც.

დაამყარეთ ახალი კავშირები

ახალი საკონტაქტო ბაზის შექმნა გვიანი არასოდეს არის. მოიძიეთ თქვენს პროფესიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, დაუმეგობრდით მათ ფეისბუკსა და ლინკდინზე, იარეთ კონფერენციებსა და ვორკშოპებზე, სადაც საშუალება მოგეცემათ, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გაცვალოთ მათთან კონტაქტები. მიეცით მათ თქვენი სავიზიტო ბარათი და გააცანით თქვენი შესაძლებლობები.

ენდეთ თქვენს გამოცდილებას

როცა მინიმუმ ათწლეული გაქვთ გატარებული ერთ ინდუსტრიაში, თქვენ არა მხოლოდ მისი ტექნიკური საკითხები იცით, არამედ ფლობთ შიდა ინსტინქტებსაც, რომლის წყალობითაც ინტუიციურ დონეზეც კი შეგიძლიათ, საქმეების განსაზღვრა და პროგნოზების დადება. შიშის გრძნობა აფერხებს ამ შესაძლებლობებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ენდოთ თქვენს გამოცდილებას. მრავალწლიანი პრაქტიკა გვეხმარება, უფრო მკვეთრი თვალით, ინსტინქტებითა და მეტი თავდაჯერებით განვახორციელოთ პროექტები. 

ბოლოს გეტყვით, რომ მუდამ გახსოვდეთ – საშუალო ასაკი კიდევ ერთი მიმდინარე ქვეთავია თქვენს შემოქმედებით მოგზაურობაში. მან კი არ უნდა ჩაგკეტოთ, არამედ პირიქით, ახალი კარი გაგიღოთ. თქვენ უკვე იცით ბევრი რამ, რაც არ იცის სხვამ და შეგიძლიათ, ამ ცოდნას ახალი უნარ-ჩვევები დააშენოთ, თქვენ განვითარებას განაგრძობთ და არა ახლა იწყებთ.

ქალებზე ძალადობის უხილავი ნიშნები YSL Beauty-ის პარიზულ რომანში

ლარი – ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, ევრო/დოლარის გამყარება და ნეიტრალური შიდა კომპონენტი – განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან