ლეგენდის თანახმად, დაკარგული ქალაქი, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს, ოდესღაც ჩრდილოეთ გერმანიის სანაპიროზე მდებარეობდა. ადამიანთა ცოდვების საპასუხოდ კი, ღმერთებმა იქ მაცხოვრებელთა დასჯა გადაწყვიტეს და ერთ ღამესაც, ძლიერი შტორმის შემდეგ, ქალაქი ჩრდილოეთის ზღვამ შთანთქა.
ტრადიციულად, ფოლკლორის მიხედვით, ცოდვებს შორის იყო ლოთობა, ღმერთის დავიწყება და სიმდიდრით გატაცება. თუმცა ლეგენდებსა და გადმოცემებს მეტისმეტად რომ არ ჩავუღრმავდეთ, იმ ფაქტზე ვისაუბროთ, რომლის წინაშეც თანამედროვე მეცნიერები და არქეოლოგები აღმოჩნდნენ. მართალია, ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ქალაქის არსებობას ეჭვისთვალით უყურებდა და უბრალო მითადაც ითვლებოდა, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში, „ჩრდილოეთის ატლანტიდის“ ნაშთები ვატოვის ზღვაში აღმოაჩინეს.
უფრო კონკრეტულად, კვლევისას კუნძულ ზიუდალფის გარშემო დაახლოებით 1,9 კმ სიგრძის შუა საუკუნეების მიწაყრილები აღმოაჩინეს. მათი შესწავლის საფუძველზე კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალაქის შთამნთქმელი შტორმი 1362 წელს უნდა მომხდარიყო. ცხადია, მონაცემები საფუძვლიანი კვლევისგან გამომდინარეობს. გეოფიზიკური მეთოდის, მაგნიტური გრადიომეტრიის, ელექტრომაგნიტური ინდუქციისა და სეისმოლოგიის მეშვეობით, ტალახიანი დაბლობების ქვეშ დასახლების ნაშთებიც აღმოაჩინეს — მათ შორისაა ნავსადგური, ეკლესიის საძირკველი და დრენაჟის სისტემა.
საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას გვპირდება.