Shutterstock-მა ჩვენთვის კარგად ნაცნობი წითელი ყუთი მეტად აბსტრაქტული და ამბიციური სიმბოლოთი შეცვალა. ორი ათწლეულის შემდეგ, კომპანიამ ბრენდის ახალი იდენტობა შექმნა, რაც მოიცავს განახლებულ ლოგოს, ფერთა პალიტრას და აქცენტს AI-სა თუ კონტენტის წარმოების ხელსაწყოებზე, რათა თანამედროვე სთორითელინგის სისწრაფისა და მასშტაბის საჭიროებები დააკმაყოფილოს.
ახლა Shutterstock საკუთარ თავს შემოქმედებითი მუშაობის უნივერსალურ ინგრედიენტად მიიჩნევს, რასაც მათი ახალი შეთავაზებების ნაკრები ამყარებს საფონდო ბიბლიოთეკით, სტუდიური სერვისებით, გენერაციული AI ხელსაწყოებით და GIPHY-ის სარეკლამო ქსელით.
ვიზუალურად ახალი იდენტობა ყველაფერს მეტად მკაფიოს ხდის. ტიპოგრაფია გამარტივებულია, ფერები კი საოფისე ინსტრუმენტებს მიმსგავსებული, იქნება ეს წებოვანი ქაღალდები თუ მარკერები. აქვე გვხვდება სხვადასხვა ფორმები, მათ შორის ჭარბობს წრეები, რითაც შემოქმედებით იდეასა და მის გავლენას ასახავენ. ამასთან, ახალი წესებიც არსებობს იმის შესახებ, თუ როდის უნდა დატოვოთ დიზაინი გაუფორმებელი…
ამგვარად, განახლება ახალ ტალღოვან მოტივზეა ორიენტირებული, ლოგოში მოქცეული o-ს შიგნით დახვეწილი ტალღის სახით, რაც ბრენდის დიზაინის ენაში ორი ძირითადი ფორმით ჩნდება: ჩვეულებრივი წრე, რომელსაც Catalyst-ს უწოდებენ და მისი ტალღოვანი ვერსია Impact-ის სახელით. პირველი თუ იდეის ნაპერწკალს წარმოადგენს, მეორე კონტენტის ეფექტის ასახვას ემსახურება.
ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური სისტემა ნარატივს დიზაინით გადმოსცემს, იდეიდან შედეგამდე, თანაც ძლიერ სიმბოლიკაზე დაყრდნობის გარეშე, რათა მოქნილობის შესაძლებლობაც დატოვოს.
ტიპოგრაფიაში კი sans serif-ს ვხვდებით, ხოლო ფერთა პალიტრა Shutterstock-ის ტრადიციული წითლიდან საკანცელარიო ფერებისკენ ინაცვლებს. ჩათვალეთ, რომ აქ ყველა ფერია, რომლებიც წებოვან ქაღალდებში გვხვდება. ასე კი შემოქმედებითი მუშაობის პრაქტიკულ ბუნებაზე მიგვანიშნებენ.
პროდუქტების მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, Shutterstock უკვე Unlimited Downloads-ის გამოწერას სთავაზობს მომხმარებლებს, რომელიც ინდივიდუალურ კრეატორებზე იქნება მორგებული, ბიზნესებისთვის განკუთვნილ Generative AI Pro-სთან ერთად. ეს უკანასკნელი მათ საშუალებას აძლევს, შექმნან ფოტორეალისტური ვიზუალები 4K-ში მოდელის რეკომენდაციის გამოყენებით, რომელიც ეყრდნობა Shutterstock-ის შიდა მონაცემებს და მესამე მხარის ტექნოლოგიურ პარტნიორებს, მათ შორის OpenAI-ს, Amazon-სა და Google-ს.
ყველაფერი TRUST-ის ჩარჩოს გარშემოა სტრუქტურირებული, რაც თეორიულად გენერირებული კონტენტის ეთიკურად და პრაქტიკულად გამოყენებაში გვეხმარება…
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ რებრენდინგი რამდენიმე თვეში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც Shutterstock-მა და Getty Images-მა გაერთიანებაზე ისაუბრეს…