21
Aug
2018

შვებულება არ კმარა! ნინო ხაჭაპურიძის #აზრები

21 Aug 2018

M2


პირველი აზრი, რაც თავში მოგვდის ყველა დასაქმებულ ადამიანს, როდესაც სიტყვა დასვენებას გვიხსენებენ, შვებულებაა. შვებულებაზე კი მე პირადად ყოველთვის ეს საოცარი ვიდეო მახსენდება, ალბათ, ბევრს ნანახიც გაქვთ.

ამ ვიდეომ, თავის დროზე, დამაფიქრა, გამახსენა რამდენჯერ გამიმართლებია თავი მეგობრებთან, თუ რატომ არ მივდიოდი დასასვენებლად და მიმახვედრა, რომ პრობლემა ჩემში იყო. მართალია, იმ წამსვე შვებულებაში რეგულარულად გასვლა არ დამიწყია, მაგრამ პატარა შემოლაწუნებასავით იმოქმედა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი გახდა.

ყველა ვთანხმდებით, რომ დასვენება და კარგი შვებულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანების უმეტესობისთვის ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებისგან ერთჯერადი და ხანმოკლე თავის დაღწევის შესაძლებლობა. რეალურად კი, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, რომელშიც ყოველდღიურად მატულობს სტრესორების ოდენობა როგორც გლობალურ ისე ლოკალურ დონეზე – არც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, არც ჩვენი ქვეყნის სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა გვაძლევს მოდუნების საშუალებას, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, იგივე ხდება ჩვენს ოჯახებსა თუ სამსახურებში. თუმცა, ეს ყველაფერი ოცდამეერთე საუკუნეში ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ვერსად გავექცევით და შესაბამისად, მისი მართვის გზები უნდა მოვიძიოთ. რადგან ჩემი პროფესია ადამიანური რესურსის მართვაა, ჩემს გამოცდილებას და ცოდნას სამსახურეობრივ სტრესორებზე და მათთან ბრძოლაზე გაგიზიარებთ.

რა არის სტრესი? სტრესი არის ადამიანის ფსიქოლოგიური, ფიზიოულოგიური და ქცევითი რეაქცია ისეთ მდგომარეობაზე, როცა ის გრძნობს ბალანსის რღვევას, მასზე დაკისრებულ მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს შორის. სტრესის არსებობა თავისთავად უარყოფითი მოვლენა არაა, მას ადამიანის გადარჩენის მისია აკისრია და გარკვეულ გარემოებებში, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. თუმცა, ხანგრძლივ და განმეორებით სტრესს მივყავართ ე.წ. გადაწვამდე და ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა:

  • კვების და ძილის დარღვევები;
  • თავის და მუცლის ტკივილი;
  • მეხსიერების, გადაწყვეტილების მიღების და კონცენტრაციის უნარების დასუსტება;
  • ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება და სხვა მრავალი.

როგორ ვმართოთ სამსახურეობრივი სტრესი და დავიზღვიოთ თავი გადაწვისგან?

  • ისარგებლეთ ყოველდღიური შესვენებით, შეეცადეთ ეს დრო სამსახურის გარეთ გაატაროთ, სასურველია სწორი კვება ამ პერიოდში;
  • აუცილებლად გამოიყენეთ შვებულება – მაშინაც კი, როცა ფინანსური, თუ სხვა შეზღუდვების გამო, ისეთ დასვენებას ვერ გეგმავთ, როგორიც გსურთ, მაინც ისარგელბლეთ ამ დროით და თუნდაც მარტივი განტვირთვა მოიწყვეთ;
  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში არა მარტო ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არამედ ფსიქოლოგიური განტვირთვის და ტვინის „გათიშვის“ საუკეთესო შესაძლებლობაა;
  • თავი არ შეიზღუდოთ თუ კი სამსახურში რაიმე ფაქტორი თქვენ, ან და თქვენს კოლეგებს დისკომფორტს გიქმნით, განსაკუთრებით როცა უსამართლობას აწყდებით – მიმართეთ შესაბამისი რეაგირების ფორმებს და ვინმეს მაინც გაუზიარეთ თქვენი გულისტკივილი;
  • კვირაში ერთხელ მაინც დაკავდით იმ საქმით თუ გართობით, რომელიც განტვირთვის შესაძლებლობაა – მარტივად რომ ვთქვათ არ დაივიწყოთ თქვენი ახალგაზრდობის გატაცებები და სხვადასხვა ჰობი.

ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და ცოტა „ციური მასწვალებლის“ დარიგებებს გავს. მაგრამ ჯადოსნური ჯოხის ეფექტის მქონე რაიმე მეთოდი ჯერ არავის აღმოუჩენია და მთელი საიდუმლო მცირე ცვლილებებშია. ვაღიაროთ, რომ ეს მარტივი ქმედებები, ხშირად არც კი გვახსენდება, გვირჩევნია ისევ ვიბუზღუნოთ და სამყაროს უსამართლობას დავაბრალოთ ჩვენი გადაღლა, რადგან საკუთარი თავის ცვლილება ყველაზე რთული რამაა. ახლა უცბად, ლევ ტოლსტოის ნათქვამი გამახსენდა, რომ ყველას უნდა მსოფლიო შეცვალოს, მაგრამ არავინ ფიქრობს საკუთარი თავის შეცვლაზე. მოდით, გავბედოთ და დავიწყოთ ჩვენი ქცევის ცვლილებით და ეგებ სამყარომაც აგვიბას მხარი.

ნინო ხაჭაპურიძე – GPI, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

განხილვა