30
Aug
2018

რატომ გვრცხვენია შვებულების?! – სოფო ბალავაძის #აზრები

30 Aug 2018

M2
M2


შვებულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, ჩემი აზრით, შვებულებაში გასვლის შერცხვენაა. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში და ეხება როგორც ხელმძღვანელებს, ისე დაქვემდებარებულებს.

ის, რომ შვებულების ცნება ტყუილად არ არსებობს, ბევრი ახსნა არ სჭირდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანებს სჭირდებათ სტრესისგან განტვირთვა, რომელსაც სამსახურში იღებენ. მაშინ რატომ არის, რომ შვებულებით სარგებლობა ჭირს?

არცთუ ისე იშვიათად, შვებულებაში გასვლა რთულდება იმიტომ, რომ, რასაც ქვია, თანამშრომელს ესიკვდილება აიღოს ხელმძღვანელისგან შვებულებაში გასვლის ნებართვა. წინასწარ იცის, როგორც შემოხედავს მოკერილი სახით და კრიჭა შეკრულს ძლივს დაცდება: „თუ ასე ძალიან გჭირდება…“ ხოლო შვებულებიდან გამოსულს, როგორ დახვდება რამე მსგავსით: „სანამ შენ არ იყავი, იმდენი პროექტი დავიწყეთ…“ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი თავად არასოდეს გადის შვებულებაში.

ხშირად, შვებულებით თავად დაქვემდებარებული არ სარგებლობს, რაც არაერთი მიზეზითაა გამოწვეული: ერიდება კოლეგებისთვის მისი საქმის დატოვება; ეშინია, რომ შვებულებიდან გამოსულს ბევრი სამუშაო დახვდება; მაინც ვერ ისვენებს – სულ სამსახურზე ფიქრობს, შიშობს რა, რომ მის არყოფნაში საქმე გაფუჭდება; ჰგონია, რომ ვინც შვებულებით არ სარგებლობს, საქმისადმი მეტად თავდადებული თანამშრომელი ჩანს და უფრო დაფასდება, ამიტომ საკუთარ თავს ჯიუტად უმტკიცებს, რომ განტვირთვა არ სჭირდება.

სოფო ბალავაძე – „ვიონი საქართველო“, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

ყველა ჩამოთვლილ მიზეზს, როგორც ხელმძღვანელის, ისე დაქვემდებარებულის მხარეს, ერთობლიობაში შვებულების შერცხვენა შეგვიძლია ვუწოდოთ და ის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საქციელის უკან ცუდი მენეჯერული უნარები და არასწორი სამუშაო პრაქტიკა იმალება. ჩნდება კითხვა – რა შეიძლება ვიღონოთ შვებულების გაქიქების წინააღმდეგ?

მე ვფიქრობ, ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, რომ შვებულების შერცხვენა მავნებელი პრაქტიკაა. შვებულებაში არ გასვლა რამდენიმე წელი მიყოლებით, იწვევს გამოფიტვას, პროდუქტიულობის დაცემასა და დემოტივაციას. ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას, მაინც ხელმძღვანელს, ანუ ლიდერს დავაწესებდი – მისი ვალდებულებაა ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება და მისდა თავად კარგი მაგალითის მიცემა. ლიდერი ყოველთვის უნდა იწყებდეს საკუთარ თავზე მუშაობით და გინდაც მტკიცედ სჯეროდეს იმის, რომ განტვრითვა არ სჭირდება, თანამშრომლების გულისთვის უნდა იღებდეს შვებულებას. სხვა თუ არაფერი, მნიშვნელოვანია, დაქვემდებარებულებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა და მიეჩვიონ მუშაობას იმ პირობებში, როდესაც ხელმძღვანელი ადგილზე არ არის. მე ნათლად მახსოვს პერიოდი ჩემს პრაქტიკაში, როდესაც, რასაც ქვია, გაწამებული მყავდა თანამშრომლები – შვებულებაში კი გავდიოდი, მაგრამ ლამის ყოველდღიურ ანგარიშგებას ვთხოვდი; ანუ, არც თავად ვწყდებოდი სამუშაო პროცესს, რაც იმას ნიშნავდა რომ დასვენებული არ ვიქნებოდი დაბრუნებისას და არც თანამშრომლებს ვაძლევდი საშუალებას დამოუკიდებლად ემუშავათ. გარკვეული დროის მერე მივხვდი, რას ვაშავებდი და შვებულების დროს არც ჩემს თავს და არც მათ ვაწუხებდი.

დაქვემდებარებულებს ვურჩევდი, არ დაუშვან შეცდომა და არ დაიწყონ სამსახური შეგონებით, რომ შვებულება არ დასჭირდებათ. თუ თავიდანვე დააფიქსირებთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენს განკარგულებაში იყოს მოცემული 24 დღე, უფრო გაგიადვილდებათ შემდგომ სარგებლობა. ისიც გახსოვდეთ, რომ კუთვნილი შვებულება ბენეფიტია და თქვენი ფულია, რომელსაც „მაგიდაზე ტოვებთ“, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა დღესდღეობით ოფისში ფიზიკურად ყოფნაზე იყოს მიბმული შესრულება, მაშინ როდესაც, ხშირ შემთხვევაში, მუშაობა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.

განხილვა