in

შვედეთი ინტროვერტებისთვის სპეციალურ ტურისტულ სააგენტოს ხსნის

შვებულება ყველასთვის ხალხმრავალ ქუჩებს, დატვირთულ პროგრამას და მთელი დღის განმავლობაში სოციალურ აქტივობებს არ ნიშნავს. სწორედ ამ იდეაზე ააგო Visit Sweden-მა ახალი კამპანია, რომელიც შვედეთს ინტროვერტი მოგზაურებისთვის განსაკუთრებით კომფორტულ მიმართულებად წარმოაჩენს.

M2

შვედეთის ტურიზმის საბჭომ The Introvert Travel Agency შექმნა, დროებითი ტურისტული სააგენტო, რომელიც იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც მოგზაურობისას სიმშვიდე, პირადი სივრცე და საკუთარი ტემპის არჩევა ურჩევნია. კამპანიის საფუძველი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევაც გახდა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 48% საკუთარ თავს ინტროვერტად მიიჩნევს.

The Introvert Travel Agency ლონდონში 28-31 ოქტომბერს იმუშავებს, კამპანია კი ბერლინსა და პარიზსაც მოიცავს.

Visit Sweden-მა სააგენტოს გასაცნობად იუმორისტული ვიდეოც შექმნა. მასში აშკარად დაძაბული ტურისტული აგენტი შვედეთს „ინტროვერტების სამოთხედ“ აღწერს და ქვეყნის რამდენიმე კულტურულ თავისებურებას სწორედ ამ პერსპექტივიდან გვაცნობს.

„შვედეთში პირადი სივრცე არჩევანი კი არა, ცხოვრების წესია“, – ამბობს ის. შემდეგ კი ამატებს: თუ მცირე საუბრები არ გიყვარს, პრობლემა არ არის, რადგან შვედებსაც დიდად არ უყვართ. ქვეყნის ბუნებაში თავისუფლად გადაადგილების ტრადიცია კი მოგზაურს საშუალებას აძლევს, ქალაქისა და სოციალური გარემოსგან მოშორებით დრო საკუთარ თავთან გაატაროს.

კამპანია ამავე დროს შვედეთის მარტოობას მხოლოდ იზოლაციასთან არ აკავშირებს. ვიდეოს ბოლოს აგენტი ტკბილეულს მიირთმევს და განმარტავს, რომ შვედებს სხვა ადამიანებთან დროის გატარებაც მოსწონთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ურთიერთობა გარკვეული ფორმითაა ორგანიზებული.

აქ ჩნდება fika, შვედური ტრადიცია, რომელიც ყავისა და ტკბილეულის თანხლებით მოკლე შესვენებას გულისხმობს. კამპანიისთვის fika კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სოციალიზაცია არჩევანი იყოს და არა ვალდებულება.

სწორედ ეს არის The Introvert Travel Agency-ის მთავარი გზავნილი. შვედეთში მოგზაურს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როდის უნდა ადამიანებთან ყოფნა და როდის მარტო დარჩენა. ამასთან, მარტო ყოფნა ავტომატურად არ აღიქმება როგორც მარტოობის ან სოციალური პრობლემის ნიშანი.

Visit Sweden-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუზანე ანდერსონის თქმით, ბევრ მოგზაურს საკმაოდ მარტივი რამ სურს: თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, როდის უნდა კომპანია და როდის არა. მისი თქმით, შვედეთი ასეთ სივრცეს დიდი ხანია სთავაზობს როგორც ბუნებაში, ისე ქალაქებსა და სოციალურ კულტურაში.

The Introvert Travel Agency Visit Sweden-ის იუმორისტული კამპანიების გაგრძელებაა. ტურიზმის საბჭო ხშირად იყენებს შვედეთთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და კულტურულ კლიშეებს და მათ ქვეყნის პოპულარიზაციის ინსტრუმენტად აქცევს.

ამ შემთხვევაში კამპანია სწორედ შვედების თავშეკავებულობისა და პირადი სივრცის სიყვარულის ცნობილ იმიჯს ეყრდნობა, თუმცა მის შეცვლას კი არ ცდილობს, პირდაპირ ტურისტულ უპირატესობად აქცევს. შედეგად, შვედეთი წარმოდგენილია ადგილად, სადაც მოგზაურობის მთავარი ღირებულება მუდმივი აქტიურობა კი არა, არჩევანია. შეგიძლია შეხვდე ადამიანებს, დალიო ყავა fika-ზე, შემდეგ კი ისევ საკუთარ სივრცეს დაუბრუნდე ისე, რომ ამას ვინმე უცნაურად არ შეხედავს.

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის – რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან

AI მარკეტინგს უფრო ეფექტიანს ხდის, მაგრამ არის ერთი „მაგრამ”