ადრე თუ გვიან, შრიფტების განახლების დროც დგება. ამ საქმეში რომ დაგეხმაროთ, წამყვანი დიზაინერებისა და სააგენტოების ნამუშევრებს გადავხედეთ და თქვენთვის მათ შორის საუკეთესოების გაზიარება გადავწყვიტეთ. აქ ყველაფერს ნახავთ, დაწყებული ბავშვების ნაწერებით და გაგრძელებული მეოცე საუკუნის იტალიური დიზაინით შთაგონებული ნამუშევრებით. მოდით, დავიწყოთ:
1. Astra — Positype
ნეილ სამერორის მიერ შექმნილი შრიფტია, რომელიც დიზაინის მრავალ საჭიროებას პასუხობს. 286 ენაზეა ხელმისაწვდომი და განსაკუთრებით გამოგადგებათ ბრენდინგის პროექტებში. თანამედროვე და ელეგანტურია, საუკეთესო ვარიანტია დიზაინერებისთვის, რომელთაც ესთეტიკურად სასიამოვნო შრიფტები სურთ თავიანთი ნამუშევრებისთვის.
2. Sixten — NM Type
ნოელ პრეტორიუსი კი მხიარულ და ინოვაციურ შრიფტს გვთავაზობს, რომელიც 4 წლის ბავშვის ინტუიციური ჩანაწერებითაა შთაგონებული. ცოტა სიგიჟედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგი ცალსახად კარგია — ბავშვობის შემოქმედებითობას პროფესიონალურ დიზაინის ელემენტებთან აერთიანებს.
3. Argile Fusion — Art Grootfontein
სტეფან მატერნის ინოვაციური შრიფტების დუეტია, დახვეწილ გეომეტრიულ სერიფს (Argile Grotesk) მულტფილმის სტილთან (Argile Syrup) აერთიანებს. შესაბამისად, დინამიკური ტიპოგრაფიული კომპოზიციების შექმნას გთავაზობთ. ორი შრიფტის შერწყმა კი მრავალფეროვან შემოქმედებით შესაძლებლობებს უხსნის გზას, იქნება ეს ლოგოს დიზაინი, წიგნის ან ჟურნალის ყდა, პროდუქტის შეფუთვა თუ სარეკლამო კამპანიები.
4. Peasy — Delve Fonts
პიტერ ჩოს მიერ შექმნილი მეგობრული, თანამედროვე sans-serif შრიფტია, რომელიც მარტივად წაკითხვადია. კარგი იქნება როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატებისთვის. სასიამოვნოდ წასაკითხი გამოცდილება იდეალურს ხდის მას გრძელი კონტენტისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მრავალი ენის მხარდაჭერასაც გვთავაზობენ, იდეალურია გლობალური პროექტებისთვის.
5. Heltar — The Northern Block
ეს შრიფტი კი ჯონათან ჰილსს ეკუთვნის, ნეო-გროტესკულია და პატივს მიაგებს Helvetica-ს, ამავდროულად, საკუთარ იდენტობასაც აყალიბებს. კლასიკურ დიზაინის პრინციპებს ციფრულ ეპოქაში წარმოიდგენს და ასობგერებს ოპტიკური სიზუსტით ქმნის. კონტრასტსაც გვთავაზობს ფერებით, რითაც ერთდროულად რაღაც ნაცნობიცაა და თანამედროვეც.
ასოების თხელი მოყვანილობა იდეალურს ხდის მას თანამედროვე ტექნოლოგიური ბრენდებისა და ინტერფეისებისთვის, კარგი იქნება მოდისა და დიზაინის სექტორში მოღვაწე ბრენდებისთვისაც.
6. Rifugio — Apex Type Foundry
ალექს ჩავოტის ინსპირაცია კი 407 Bastone-ის სერიები და იტალიური 1950-1960-იანი წლების ტიპოგრაფია გახლდათ. იდეალურია პროექტებისთვის, რომელთაც პერსონალური შტრიხი გსურთ, შემატოთ. კარგი იქნება სტუმართმასპინძლობის, კვებისა და მოდის ინდუსტრიებში.
7. Pangea Condensed — Christoph Koeberlin
დაბოლოს, კრისტოფერ კოებერლინგის შრიფტი უკვე არსებული Pangea-ს ოჯახის ახალი წევრია. განსაკუთრებით რედაქტორებს გამოადგებათ, რომელთაც ჟურნალ-გაზეთებში სივრცის მაქსიმალურად გამოყენება სურთ. ბევრი ენის მხარდაჭერასაც გვთავაზობს, შესაბამისად, იდეალურია გლობალური პროექტებისთვის.