in

რატომ მოგვდის საუკეთესო იდეები შხაპის დროს?

მეცნიერებს სავარაუდო პასუხი აქვთ

ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ახსნა ნაკლებად თუ მოეძებნება — დიდი იდეები სწორედ შხაპის ქვეშ მოდის. თუმცა მაინც, რატომ აჩენს ცხელი და ორთქლიანი გარემო საინტერესო აზრებს?

M2
M2

მეცნიერები უკვე წლებია შხაპის ეფექტზე საუბრობენ და იმაზე, თუ რატომ ხდება ეს ასე. ამჯერად კი ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლითაც ყველაზე ბუნდოვან საკითხებს მოჰფინეს ნათელი. უახლეს ექსპერიმენტს ზაკ ირვინგი ხელმძღვანელობდა და ის ამბობდა, რომ დავალებაზე მუდმივი კონცენტრაცია, შესაძლოა, შემოქმედებითობის მტერი იყოს. 

იმის ნაცვლად, რომ პრობლემაზე იფიქროთ, სანამ იგი მოგვარდება, კვლევები გვთავაზობს, რომ ჯობს, დაისვენოთ და სხვა საქმე წამოიწყოთ, რომელიც ნაკლებად ინტენსიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორიცაა, მაგალითად, შხაპის მიღება. ეს გარემო გონებას ხეტიალის საშუალებას აძლევს, მიზნისა და მიმართულების გარეშე, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. თუ მკვლევრებს დავუჯერებთ, რაც უფრო ინტენსიურად დახეტიალებს თქვენი აზრები, მით უფრო სავარაუდოა, რომ რაღაც ჭკვიანური მოგაფიქრდეთ. 

მეორე მხრივ კი, მოსაწყენი დავალება საკმარისად არ ზღუდავს თქვენს აზრებს, რათა შემოქმედებითი იდეები მოიფიქროთ. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტად გაქვთ გაფანტული ყურადღება და საწყის პრობლემაზე ფიქრს განაგრძობთ. 

ვთქვათ, პრობლემა გაქვთ, რას აკეთებთ? ალბათ, არა ისეთ მოსაწყენ რაღაცას, როგორიც საღებავის გაშრობის ყურება შეიძლება იყოს. სანაცვლოდ, თქვენ საკუთარ თავს ასაქმებთ, მაგალითად, გადიხართ სასეირნოდ, იწყებთ ბაღის საქმეების კეთებას ან იღებთ შხაპს. ყველა ეს აქტივობა ზომიერად მიმზიდველია, — განმარტავს ირვინგი.

წარსულში ჩატარებულ კვლევებს კი არაერთგვაროვანი შედეგები ჰქონდა, რაზეც ირვინგი ფიქრობს, რომ ეს ექსპერიმენტული დიზაინის ნაკლის გამო ხდება. ბევრმა კვლევამ გონება და მოწყენილობა ერთმანეთში აურია, როცა სინამდვილეში უჩვეულო იდეების წარმოქმნა თავისუფალ და ფოკუსირებულ აზროვნებას შორის, შესაძლოა, დახვეწილ ბალანსს მოითხოვდეს. ადრე ზომავდნენ იმას, თუ რამდენად გაფანტულები იყვნენ მონაწილეები, ახლა კი იმას, თუ როგორ დახეტიალებს ჩვენი გონება. 

მოდით, უკვე ის ექსპერიმენტები განვიხილოთ, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. პირველ ექსპერიმენტში 222 ადამიანი მონაწილეობდა, მათი უმეტესობა კი ქალი იყო. თავდაპირველად მათ 90 წამი მისცეს, რათა აგურისა და ქაღალდის სამაგრისთვის რაც შეიძლება მეტი გამოყენების გზა მოეძებნათ. შემდეგ ისინი 2 ჯგუფად გაყვეს, პირველს დაავალეს, ეყურებინათ 3-წუთიანი ფრაგმენტისთვის ფილმიდან “როცა ჰარი შეხვდა სალის”, მეორეს კი კაცების სცენა სამრეცხაოში. შემდეგ ამ სიუჟეტებზე 45 წამში უფრო მეტი იდეის დამატება თხოვეს. პასუხების კრეატიულობა კი იდეათა რაოდენობით, სიახლითა და ორიგინალობაზე დაყრდნობით შეაფასეს. 

ბოლოს მონაწილეებმა იმის შესახებაც განაცხადეს, თუ რამდენად დახეტიალებდა მათი გონება ვიდეობის ყურების დროს. გონების ხეტიალი კი პოზიტიურად იყო დაკავშირებული შემოქმედებით პასუხებთან. 

აზროვნების სხვადასხვა ტიპი იწვევს კრეატიულ ინკუბაციას საინტერესო და მოსაწყენი ამოცანების დროს. მაშინ, როცა საინტერესო დავალებებს უფრო პროდუქტიულ გონების ხეტიალამდე მივყავართ, მოსაწყენი ამოცანებიც სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანს, გადაერთოს ფოკუსირებულ პერიოდებს შორის, — აცხადებენ მკვლევრები.

მეორე ექსპერიმენტიც პირველის მსგავსი იყო, თუმცა ამჯერად მასში 118 ადამიანი მონაწილეობდა. პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ვიდეოს ყურების შემდეგ თავდაპირველ დავალებას დაკვირვებოდნენ, მეორეს კი ამის ბუნდოვანი მითითება მისცეს. ბოლოს კი თქვეს, რამდენად საინტერესო იყო ვიდეოები მათთვის. 

აქ შედეგებიც პირველი ექსპერიმენტის მსგავსი იყო — ვარაუდობენ, რომ გონების ხეტიალი ახალი იდეების წარმოქმნას უწყობს ხელს, მაგრამ მხოლოდ ზომიერად მიმზიდველი აქტივობის დროს, რომელიც აზროვნებას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. 

საინტერესოა ისიც, რომ, როცა მონაწილეები თავდაპირველ დავალებას უბრუნდებოდნენ, მოსაწყენი ვიდეოს დროს მათ უფრო მეტი იდეა აფიქრდებოდათ, თუმცა ისინი არც ისე კრეატიული იყო. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მონაწილეები სამრეცხაოს სცენის დროს კვლავ საწყის დავალებაზე ფიქრობდნენ. მეორე მხრივ კი, ფილმის სცენა ყურადღების გაფანტვას უწყობდა ხელს, რაც მონაწილეებს ორივე ამოცანას შორის უფრო საინტერესო კავშირების დამყარების საშუალებას აძლევდა. 

შესაძლოა, კიდევ მეტი კვლევა იყოს ჩასატარებელი შხაპის ეფექტის რატომ კომპონენტის შესახებ, მაგრამ ეს ექსმერიმენტები გვაჩვენებს, თუ როგორ გვეხმარება შხაპის მიღება რეალურ სამყაროში შემოქმედებითი აზრების გამომუშავებაში.

რატომ სურს ვიკიპედიას ხმოვანი ლოგო?

როგორ გამოიყურება კონტენტის შემქმნელთა ეკონომიკური მაჩვენებელი