3
May
2019

სიარულში ფულს გადაგიხდიან… – ქართული აპლიკაცია “სიაპი”

3 May 2019

Startauperi
Startauperi


რამდენჯერ გითქვამთ ან გსმენიათ ფრაზა “დრო რომ მქონდეს ბევრს ვივლიდი”? შემდეგ კი, ყოველდღიურ რუტინაში ჩართულს კვლავაც დაგვიწყნიათ, რა კარგია ფეხით გასეირნება. სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა, ამის ცოდნა არასაკმარისი მოტივაციაა თანამედროვე ადამიანებისთვის, რომ დღის მანძილზე სულ რამდენიმე წუთით მაინც დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას. ქართველმა მარკეტერებმა ამ პრობლემასთან ბრძოლა სტარტაპის საშუალებით გადაწყვიტეს. “სიაპი” (SiApp) მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლის ნაბიჯებს ითვლის და მათ სანაცვლოდ, მომხმარებელი სხვადასხვა სახის საჩუქარს ღებულობს. აპლიკაციის ვალუტაა “კოინი”. ყოველ 1000 ნაბიჯზე მომხმარებელი 1 კოინს აგროვებს. იდეა ნიკოლოზ შინჯიკაშვილსა და რიზვან ტოხოსაშვილს მოუვიდათ:

 

“ყველა ჩვენგანს გვინდა მივიღოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი ან სერვისი და ამავდროულად, გავაკეთოთ ეკონომია და დავზოგოთ ჩვენი ფინანსები. აქედან გამომდინარე დავაკავშირეთ ეს ფაქტი ჩვენს აპლიკაციასთან და ერთ-ერთ მთავარ მოტივატორად ვაქციეთ ის ფაქტი, რომ მომხმარებელს სიარულის სანაცვლოდ შეუძლია მატერიალური შეღავათებიც მიიღოს, ანუ აპლიკაციის გამოყენებით ორ მნიშვნელოვან ფაქტორს იუმჯობესებს, ჯანმრთელობას და მატერიალური დანახარჯის შემცირებას.”

 

 

M: უფრო ვრცლად, როგორ მუშაობს აპლიკაცია?

SiApp-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ ხელი შეუწყოს აპლიკაციის მომხმარებლებს გაზარდონ მათი ფიზიკური აქტივობა და მეტად გადაადგილდნენ ფეხით, ან დაიწყონ ვარჯიში. არაერთი ნაშრომია წარმოდგენული იმის თაობაზე რომ, სიარული ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და დადებით გავლენას ახდენს, როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ და სულიერ შესაძლებობებზე.

მომხმარებელს დაგროვილი კოინებით შეუძლია მიიღოს სხვადასხვა სახის სერვისი და მომსახურება ფასდაკლებით ან სრულად უფასოდ, მხოლოდ მისი გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე. პროდუქტის მიღება მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციაში განთავსებულ შიდა მარკეტში. რაც უფრო მეტ ნაბიჯს დააფიქსირებთ მით მეტი კოინის დაგროვების საშუალება გექნებათ და შესაბამისად იმ ბენეფიტებს, რომლებსაც აპლიკაცია შემოგთავაზებთ უფრო მეტს და მალე მიიღებთ.

M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?

როდესაც მომხმარებელი იღებს მის მიერ შერჩეულ პროდუქტს ან სერვისს, აპლიკაცია იღებს მინიმალურ საკომისიოს იმ პარტნიორი კომპანიებისგან, რომლის მომსახურებაც გამოიყენებს ჩვენი მომხმარებელი. ასევე აპლიკაციაში განთავსებულ მარკეტში (სადაც განთავსებულია შეთავაზებები მომხმარებლებისთვის) პარტნიორ კომპანიებს ექნებათ საშუალება განათავსოთ რეკლამები მათი სურვილის შესაბამისად. ამ ეტაპზე, ორიენტირებულები ვართ პროდუქტის განვითარებაზე, რადგან გვინდა ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტი შევთავაზოთ ამ მიმართულებით, თუმცა სამომავლოდ მთლიან მოგებას რაც შეეხება სხვადასხვა ბაზრის ათვისების შემთხვევაში მოგებაც შესაბამისი ექნება აპლიკაციას.

M: როგორც ვიცი, საერთაშორისო ბაზარზე უკვე არის ანალოგიური აპლიკაცია და რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ, ეფექტურადაც მუშაობს. რა სჭირდება “სიაპს”, რომ გაამართლოს?

დიახ, არსებობს რამდენიმე თემატურად მსგავსი აპლიკაცია, რომლებიც მოტივაციას აძლევენ მათ მომხმარებლებს ფეხით გადაადგილებისთვის. როგორც აღნიშნეთ, მსგავსი აპლიკაცია საკმაოდ კარგად მუშაობს და მოთხოვნაც დიდია მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს, რადგან 2 თვეა, რაც გავუშვით, როგორც iOS, ასევე Android სისტემისთვის და ამ ეტაპზე, 2000-მდე მომხმარებელი გვყავს. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი და ყოველდღიურად იყენებენ აპლიკაციას. ჩვენი სამიზნე ბაზარი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული წილის ათვისების შემდეგ, ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ჩვენი გათვლებით, წლის ბოლოს, ეს უკვე შესაძლებელი იქნება.

M: სახელი “სიაპი” რას ნიშნავს?

როდესაც იდეა გაჩნდა და ჩამოყალიბდა ძირითადი კონცეფცია, დავიწყეთ ფიქრი, რა დაგვერქვა აპლიკაციისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ სახელი მარტივი და აპლიკაციასთან თემატურად დაკავშირებული ყოფილიყო. გვქონდა ბევრი ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ SiApp-ზე შევჩერდით. აპლიკაციის ძირითადი პრინციპი ნაბიჯებზეა აწყობილი, ჩვენ მისი განხორციელება ორი გზით შეგვიძლია, სიარულით ან სირბილით, ორივე სიტყვას პირველი ორი ასო საერთო აქვს, ამიტომ ძალიან მარტივად დავუკავშირეთ ეს ფაქტი აპლიკაციის სახელს.

M: ვინ ქმნის SiApp-ს?

SiApp-ის გუნდი შედგება სამი ადამიანისგან. თავდაპირველად, იდეასა და კონცეფციაზე მუშაობა დავიწყეთ ორმა, მე და რიზვანმა. როდესაც ძირითად საკითხებზე ჩამოვყალიბდით, დაგვჭირდა დეველოპერი. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ გაგვიმართლა, რადგან შევხვდით დიმიტრი ყურაშვილს. დიმიტრი პროგრამული ინჟინერი გახლავთ, რომელიც 15 წელია ამ მიმართულებებზე მუშაობს საერთაშორისო კომპანიებში. რიზვანი პროფესიით იურისტია, SiApp-ზე მუშაობის დაწყებამდე, მონაწილეობას იღებდა რამდენიმე სტარტაპ-კამპანიაში. მე კი პროფესიით მარკეტერი ვარ. მაქვს ექვსწლიანი გამოცდილება მარკეტინში, გაყიდვებსა და პროექტების მართვაში. ასევე ვმუშაობდი რამდენიმე სტარტაპზე ბოლო სამი წლის განმავლობაში.

M: სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვგეგმავთ აპლიკაციის დიზაინის გაუმჯობესებას. ასევე, რამდენიმე ფუნქციის დამატებას, მაგალითად: მანძილის მაჩვენებელი, წინა დღეების სტატისტიკა, მომხმარებლების საერთო რეიტინგი და ყოველდღიური გამოწვევები.

მალე შესაძლებელი იქნება კონკრეტული მიმართულების შერჩევა აპლიკაციაში განსათავსებელი პროდუქტებისა და სერვისებისთვის. კონკრეტულად კი დაკავშირებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასთან, მაგალითად, შეთავაზებები სპორტდარბაზების აბონიმენტებსა და საკვებ დანამატებზე, საცურაო აუზებზე, სპორტულ კლუბებზე და აქტივობებზე, სპა-სალონებზე, დაზღვევის პაკეტებზე და მსგავს მიმართულებებზე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა