in

„10:45“ – ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთის“ ავტორებისგან!

კადრები გადასაღები მოედნიდან, Sibler Films-ის ადაპტაცია და სამომავლო გეგმები

 

ეს კადრები Sibler Films-ის ახალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღები მოედნიდანაა. სურათის მთავარი და ერთადერთი პერსონაჟი უბრალო გოგოა, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი ოცნებები: მოგზაურობა, დინამიური ცხოვრება. მას არ აკმაყოფილებს ჩაკეტილი ცხოვრება. აი, რატომ ვერ ახორციელებს ამ ყველაფერს, ზუსტად ამაზეა ფილმი – დაახლოებით, ასე აგვიხსნა რეჟისორმა და სცენარის ავტორმა გიორგი გოგიჩაიშვილმა „10:45“. დიახ, „10:45“ მისი სათაურია. და ვისაც ახლა Sibler Films-ის „8 წუთი“ გაგახსენდათ, სულ ტყუილად:

„ აქ „ფოკუსს“ არ ვაკეთებთ, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. აქ სულ სხვა დინამიკა და სხვანაირად მოულოდნელი ფინალია. ბუნებრივია, ჩვენს ხელწერას იცნობს ყველა, ვისაც კინო უყვარს და დეტალებს აკვირდება, მაგრამ ახალ „8 წუთს“ ნუ დაელოდება მაყურებელი, ეს არის „10:45“, აბსოლუტურად სხვა კინო“, – ამბობს გიორგი გოგიჩაიშვილი. 

პანდემიის პირობებში ფილმის გადაღება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე მარტივი საქმეა. 2020 წელი, პრინციპში, მათთვის ისეთივე რთული იყო, როგორც სხვა სტუდიების თუ ბიზნესისთვის – გაჩერდა ფილმის წარმოების და სარეკლამო პროექტები. მაგრამ ეს დრო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყენეს – Sibler Films 2021 წლის შემოდგომაზე, სრულმეტრაჟიანი ფილმის „ინგა“ გადაღებას იწყებს. ასევე იმუშავებენ სურათზე „ანატორი“. ამბობენ, რომ გადაღებებისთვის უკვე ყველაფერი მზად აქვთ. 

„ორივე პროექტი „ეროვნული კინოცენტრის“ კონკურსის გამარჯვებულია და მათი დაფინანსებით განხორციელდება“, – ამბობს Sibler Films-ის აღმასრულებელი პროდიუსერი გეგა ხმალაძე.

გეგა ხმალაძე, Sibler Films-ის აღმასრულებელი პროდიუსერი

კიდევ ერთი პროექტი, რომელზე მუშაობაც პანდემიის პირობებში დაიწყეს, ინტერნეტ ტელევიზიაა.

„ეს ტელევიზია იქნება ახალგაზრდებისთვის. კულტურა, მეცნიერება, სპორტი – ამ ყველაფერს ნახავთ ჩვენს არხზე. გვინდა, რომ ყველა გადაცემა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც შინაარსობრივი, ისე „პროდაქშენის“ კუთხით. 12 გადაცემის იდეა უკვე გვაქვს. ახლა ვარჩევთ სახელს, მერე ბრენდინგს გავაკეთებთ და რამდენიმე გადაცემის „პილოტსაც“ ჩავწერთ. დაახლოებით, 2 თვეში უკვე მზად ვიქნებით მის „ჩასაშვებად“. ვთვლით, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი პროდუქტი არ არის“, – ამბობს გეგა ხმალაძე.

ინტერნეტტელევიზიის „გაშვებამდე“, Sibler Films-ის გუნდს უკვე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან „10:45“-ზე და იმ სრულმეტრაჟიან ფილმებზე ვესაუბრეთ, რომელთა გადაღებაც რამდენიმე თვეში დაიწყება.

გიორგი გოგიჩაიშვილი: ფილმი „10:45“ ჩვენი მეგობრების დახმარებით გამოვიდა. ტექნიკით „მეტრო პროდაქშენი“ დაგვეხმარა. ხმის მონტაჟი და საბოლოო „ედითინგი“ სტუდია „პოსტრედს“ ეკუთნის. მხატვარი, კომპოზიტორი, რეჟისორი ფაქტობრივად, უსასყიდლოდ დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე. რაღაცნაირად, ყველას ძალიან უნდოდა ამ პროექტში ჩართვა. პანდემიის პერიოდი, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ორი რამისთვის გამოვიყენეთ: მოვემზადეთ სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის [„ინგა“, „ანატორი“]. ასევე გადავიღეთ მოკლემეტრაჟიანი სურათი. დროც გვქონდა, სურვილიც და ვიფიქრეთ, რატომაც არა?! გადაღებები დაახლოებით, 3 დღეს გაგრძელდა. ამ ძალიან რთულ პერიოდში „10:45“-ის სახით, ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ფილმი, სრულად, დაახლოებით, 2 კვირაში იქნება მზად.

გიორგი გოგიჩაიშვილი, „10:45“-ის სცენარის ავტორი და რეჟისორი

ფილმის იდეაზე რას გვეტყვი? 

პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ძალიან მკაცრი შეზღუდვები იყო, მე, მარიამმა [მარიამ კვიტაიშვილი, „10:45“-ის მსახიობი] და ჩემმა შვილმა გადავიღეთ პატარა ფილმი, ჩვენ ვთამაშობდით, მარიამი იყო ოპერატორი. ამან ერთგვარი ბიძგი მომცა და ვიფიქრე, გადამეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ოღონდ უფრო სერიოზულად. იდეა გეგას [გეგა ხმალაძე], გიორგის [გიორგი ქორიძე, ფილმის ოპერატორი] და  მარიამს გავანდე. ძალიან მოეწონათ და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო და კინოპროდუქტად იქცა, რომელზეც, საბოლოოდ, დიდმა გუნდმა იმუშავა. გვქონდა რეპეტიციები. ფილმს მხოლოდ ერთი პერსონაჟი ჰყავს. კადრში მუდმივად ერთი მსახიობის თამაში და გადაღება ნამდვილად არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროექტში მართლა ყველაფერი ჩავდეთ. ჩავთვალეთ, რომ თუ ვაკეთებთ და გვინდა, ფილმს დასაწყისში Sibler Films ეწეროს, განსაკუთრებით 8 წუთის შემდეგ, ძალიან სერიოზულად უნდა მივდგომოდით საქმეს და ასეც მოვიქეცით.

სამუშაო პროცესზეც რომ გვიამბოთ . . . 

მარიამ კვიტაიშვილი: სანამ სცენარს წავიკითხავდი იდეის შესახებ უკვე ვიცოდი. სცენარი რომ წავიკითხე აბსოლუტურად ყველანაირი ემოცია ერთად გამიჩნდა, რაც კი შეიძლებოდა, ამ პატარა, რამდენიმე ფურცელს გამოეწვია. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, ასეთი დიდი პროექტი რომ მანდო „პროდაქშენმა“. კადრში მარტო მე ვარ და ძალიან უნდა გავამართლო იმედები, რომ ფილმმა იმ ყველაფერს მიაღწიოს, რაც ჩაფიქრებულია. ძალიან რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი. უდიდესი გამოცდილება მივიღე, ჩემთვის ეს იყო პირველი კინო-როლი [მარიამ კვიტაიშვილი რუსთავის თეატრის მსახიობია], ჩემი დებიუტია. მგონია, რომ ერთი დიდი სკოლა გავიარე.

მარიამ კვიტაიშვილი, „10:45“-ის მსახიობი

გიორგი გოგიჩაიშვილი: მთავარი პერსონაჟი არის უბრალო და ძალიან საყვარელი გოგო. მარიამისთვის შეიქმნა ეს როლი და მაქსიმალურად ვეცადე, მომერგო მისთვის. მგონი გამოგვივიდა. ზოგადად ფილმს რაც ეხება, შავი მონტაჟით უკვე ვხვდები, რომ სწორი გზით მივდივართ.

გიორგი ქორიძე: პირველად რომ „8 წუთი“ვნახე, მაშინვე ვთქვი, აუცილებლად უნდა გადავიღო ამ გუნდთან რამე-მეთქი. ცოტა ხნის წინ გიორგი გოგიჩაიშვილმა დამირეკე და მკითხა, ხომ არ გაქვს სურვილი, ერთად ვიმუშაოთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩემთვის ეს პირველი კინოპროექტი იყო. რაც ვიცოდი, 2 იმდენი ვისწავლე „10:45“-ის გადაღებებზე, უფრო შემიყვარდა ჩემი პროფესია. აქამდე მხოლოდ რეკლამებსა და სერიალებზე ვმუშაობდი. ფილმზე მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა. ამ პროექტზე მუშაობისას, მომეცა საშუალება, თეორია პრაქტიკაში გადმომეტანა. მიხვდი, რომ ეს არის საქმე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. აქამდე პროფესიულად ვიყავი ბავშვი და ახლა ძალიან გავიზარდე.

რას ელოდებით ამ ფილმისგან? 

გიორგი გოგიჩაიშვილი: ყოველ წუთს, ჩვენს თავს რაღაც საფრთხე არსებობს. აბსოლუტურად ყოველ წამს, რაღაც საფრთხის ქვეშ ვართ. ხანდახან არის მომენტები, რაც სასაცილოს ხდის ამ საფრთხეებს. გვინდა, მაყურებელს ვუთხრათ, არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ საფრთხეების ზუსტად შენნაირად ეშინოდა, მაგრამ გადალახა და შენც ნუღარ მიაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი ტრაგედიები არსებობს.

გიორგი ქორიძე: მგონია, რომ აბსოლუტურად თითოეულ ადამიანში ისეთ გრძნობას გამოიწვევს, რომ ყველას გულთან ახლოს მივა ეს ფილმი.

გიორგი ქორიძე, „10:45“-ის ოპერატორი

მარიამ კვიტაიშვილი: მინდა, მაყურებელსაც ის რეაქცია ჰქონდეს, რაც მე მქონდა. სცენარი რომ წავიკითხე, როგორც მე გამეღიმა და ცრემლი მომაწვა, მინდა მათაც იგივე განიცადონ. თუ ამას შევძლებ, გამოვიწვევთ ე.ი. ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.

ფილმის წარდგენას სხვადასხვა ფესტივალზე აპირებთ . . . 

გეგა ხმალაძე: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს მიზანი გვაქვს, A კლასის ყველა კინოფესტივალზე ვაპირებთ მის გაგზავნას. „10:45“-ს ძალიან დიდი და საინტერესო საფესტივალო ცხოვრება ელოდება. ამის შემდეგ კი, ბუნებრივია, მას ქართველი მაყურებელიც იხილავს.

რაც შეეხება თქვენს სრულმეტრაჟიან ფილმებს . . .

გიორგი გოგიჩაიშვილი: „ინგა“ ყველასთვის ცნობილი პროექტია. გადაღებებს შემოდგომაზე დავიწყებთ. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა გოგოა, რომელსაც საკუთარი თანხმობის გარეშე, ათხოვებენ და მისი ქმარი აღმოჩნდება აუტისტური სპექტრის მქონე. ფილმი არის იმაზე, როგორ იწყებენ ისინი თანაცხოვრებას და როგორ ვითარდება შემდეგ მოვლენები.

გეგა ხმალაძე: ეს ფილმი ლუქსემბურგის, ლიტვასა და გერმანიის კო-პროდუქციაა. ევროპაში ძალიან ცნობილი პროექტია. რაც შეეხება მეორე სურათს, ეს არის „ანატორი“. აქ ვყვებით ამბავს, რომელიც მე-16 ან მე-18 საუკუნეში საქართველოში მოხდა (ზუსტად არ არის ცნობილი) – პირიქითა ხევსურეთში, სოფელში ანატორი გაჩნდა ჭირი. მოსახლეობამ გადაწყვიტა, აკლდამები აეშენებინათ და სოფელი ჩაეკეტათ, თავად დახოცილიყვნენ, ოღონდ კი დაავადება სოფლიდან არ გასულიყო და არ გავრცელებულიყო. დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა. „ინგას“ შემდეგ სწორედ ამ ფილმზე დავიწყებთ მუშაობას.

„10:45“ Credits:

Agency: Sibler Films, Metro Production

Director: Giorgi Gogichaishvil

Executive Producer: Gega Khmaladze

Producer: Magda Datuashvili

Cast : Mariam Kvitaishvili

DOP : Giorgi Koridze

Production Designer: Bacho Makharadze

Screenplay: Giorgi Gogichaishvili

Sound: Chapo , Lasha Pochkhua

Music Composer: Zura Vachnadze

Focus Puller: Giorgi Medulashvili

First Assistant Camera: Rati Gogatishvili

Gaffer: Shota Khjakadze

Lighting: Dato Eremadze, Lasha Shakashvili

Clap Continued: Giorgi Kvaratskhelia

Makeup Artist: Irma Datuashvili

Production Manager: Giorgi Tsiklauri, Giorgi Verulashvili, Shota Basharuli

Cattering: Tea Darjania

Post Production

Editor: Giorgi Gogichaishvili

Visual Effects: Giorgi Soziashvili

Sound: Postred Audio, Beso Katcharava.

Audi-მ წარადგინა ახალი მანქანა Porsche-ს ძრავით

Spotify ახალ ფუნქციას ტესტავს – მალე სიმღერების ტექსტების წაკითხვასაც შეძლებთ!