in

კვლევა – სიბრძნის კბილის ამოღება დეგუსტაციის უნარს აუმჯობესებს!

კვლევის ფარგლებში 1 255 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს

Penn Medicine-ის ახალი კვლევის თანახმად, პაციენტებს, რომლებსაც სიბრძნის კბილები ჰქონდათ ამოღებული, ოპერაციის გაკეთებიდან ათწლეულების შემდეგ დეგუსტაციის უნარი გაუმჯობესებული აღმოაჩნდათ. შესაბამისად, დასკვნები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ სიბრძნის კბილების ამოღებას მხოლოდ პოტენციურად ნეგატიური გავლენა აქვს დაგემოვნების ფაქტორებზე.

“ადრე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ნეგატიურ გავლენაზე მიუთითებდა, თუმცა ამასთან, მიიჩნეოდა, რომ ეს ეფექტი დროთა განმავლობაში ქრება. ახალი კვლევა კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ დასადგენია, რატომ უმჯობესდება დეგუსტაციის უნარი და რას ნიშნავს ეს კლინიკურად” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი რიჩარდ დოტი.

დოტიმ და კვლევის თანაავტორმა, დეინ კიმმა (პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური განყოფილების მესამე კურსის სტუდენტმა) 1 255 პაციენტის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებიც 20 წლის განმავლობაში Penn Smell And Taste Center-ში ქიმიოსენსორულ შეფასებას გადიოდა. ამ ჯგუფში 891 პაციენტს ჰქონდა სიბრძნის კბილი ამოღებული, 364-ს კი – არა.

“მთლიანი პირის იდენტიფიკაციის” ტესტი ხუთ სხვადასხვა ტესტს მოიცავს – საქაროზას, ნატრიუმის ქლორიდს, ლიმონმჟავას და კოფეინს. მონაწილეები თითოეულ ხსნარს რამდენიმე წამის განმავლობაში იჩერებდნენ პირში, შემდეგ აფურთხებდნენ და ამბობდნენ, როგორი გემო ჰქონდა მას – ტკბილი, მჟავე, მწარე თუ მარილიანი?

როგორც შედეგებმა აჩვენა, სიბრძნის კბილის არმქონე პაციენტები უკეთ ართმევდნენ თავს ზუსტ დეგუსტაციას. კვლევის თანახმად, მათ 3-დან 10%-მდე უფრო განვითარებული დაგემოვნების უნარები აქვთ. ამასთან, ყველა შემთხვევაში ქალები მამაკაცებზე სწორად იცნობდნენ ხსნარის გემოს.

ავტორების თქმით, ეს გაუმჯობესება ორი გზით შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში, ნერვების დაზიანებას, რომლებიც პირის წინა ნაწილში გემოვნების რეცეპტორებს ააგზნებს, შეუძლია პირის უკანა რეცეპტორების ამგზნები ნერვები შეასუსტოს – შედეგად, იზრდება მთლიანი პირის მგრძნობელობა.

მეორე – ქირურგიული ჩარევისა და პერიფერიული ნერვის დაზიანების შემდეგ წარმოქმნილი ჰიპერმგრძნობელობა. მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებიდან ჩანს, რომ განმეორებადი მსუბუქი შეხება თანდათან ამძაფრებს გაღიზიანებული ქსოვილის ნერვულ რეაქციებს, რამაც, შესაძლოა, პროგრესირებადი ტაქტილური ჰიპერმგრძნობელობა გამოიწვიოს.

მიუხედავად ასეთი ცხადი შედეგებისა, მკვლევრები დამატებითი ექსპერიმენტების საჭიროებაზე საუბრობენ, რათა დადგინდეს მექანიზმი ან მექანიზმები, რომლებიც დეგუსტაციის ფუნქციის გაძლიერებას განაპირობებს.

„გალერია თბილისმა“ უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

„ფეხბურთი ყველასთვისაა“ – ეროვნული საფეხბურთო ლიგის კამპანია