in

სიჩქარე თუ სიფრთხილე: რა სჭირდება კომპანიას?

როცა Nvidia 2024 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა, მარტივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჯენსენ ჰუანგი AI ინდუსტრიის სისწრაფეს თავადაც მუდმივი აჩქარებით პასუხობდა. სინამდვილეში მისი მართვის სტილი თითქმის საპირისპირო იყო. ის წლების განმავლობაში ერთსა და იმავე რიტმს ინარჩუნებდა: პროდუქტების დეტალურ განხილვას, ხანგრძლივ გუნდურ მსჯელობას და გრძელვადიან ტექნოლოგიურ არქიტექტურაზე ფოკუსს ანიჭებდა უპირატესობას. სწორედ ეს თანმიმდევრული ტემპი იქცა Nvidia-ს ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობად.

კომპანიის ტემპი ხშირად შეუმჩნეველი მენეჯერული გადაწყვეტილებაა, თუმცა ის თითქმის ყველაფერზე მოქმედებს: რამდენად სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები, რამდენ ხანში ჩნდება ახალი პროდუქტი, როგორ რეაგირებს გუნდი პრობლემებზე და რა სიჩქარით იცვლება თავად ორგანიზაცია. სტრატეგია განსაზღვრავს, სად მიდის კომპანია, ტემპი კი იმას, როდის და როგორ მივა იქ. ზოგჯერ ხელმძღვანელები სწორედ იმიტომ ვერ აღწევენ შედეგს, რომ ცუდი მიმართულება კი არ აურჩევიათ, არამედ სწორი საქმე არასწორი სიჩქარით გააკეთეს.

ერთი უნივერსალური ტემპი არ არსებობს. კომპანია ვერ იმუშავებს მუდმივად მაქსიმალური სიჩქარით და ვერც ყველა გადაწყვეტილებას გაატარებს უსასრულო ანალიზში. ზედმეტად სწრაფი რიტმი გუნდს ღლის, შეცდომებს ზრდის და ორგანიზაციამ შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებსაც გადაასწროს. ზედმეტად ნელი რიტმი კი შესაძლებლობების დაკარგვას, ინერციას და ბაზრისგან ჩამორჩენას იწვევს. კარგი ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ იმის დანახვაა, როდის უნდა აჩქარდეს და როდის შენელდეს.

ჰარვარდის ბიზნესსკოლის წარმომადგენლის, ნიტინ ნორიას, დაკვირვებით, კომპანიების მართვაში ხუთი განსხვავებული ტემპი იკვეთება. თითოეული მათგანი კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ეფექტიანი იყოს, მაგრამ არასწორ გარემოში იმავე მიდგომამ სრულიად საპირისპირო შედეგიც გამოიწვიოს.

პირველი არის ექსპერიმენტული სისწრაფე, რომლის ყველაზე ცნობილი ფორმულაც Facebook-ის ადრეულ პერიოდთან დაკავშირებული „move fast and break things“ გახდა. აქ მთავარი მიზანია სწრაფად ცდა, შეცდომა და სწავლა. ასეთი ტემპი კარგად მუშაობს იქ, სადაც მომხმარებლის ქცევა სწრაფად იცვლება, პირველი მოთამაშის უპირატესობა მნიშვნელოვანია და უმოქმედობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არასრულყოფილი გადაწყვეტილება. მაგრამ თუ ეს მიდგომა ყველგან გამოიყენე, შეიძლება ბევრი მოძრაობა მიიღო რეალური პროგრესის გარეშე.

მეორე ტიპი მუდმივი წნეხია. ეს რიტმი ჯეკ უელჩის GE-სთან ხშირად ასოცირდება, სადაც ორგანიზაციას მუდმივად მაღალი შედეგის ზღვარზე ამუშავებდნენ. აქ ექსპერიმენტზე მეტად შესრულებაა მნიშვნელოვანი: მიმართულება მეტ-ნაკლებად ცნობილია და ხელმძღვანელი გუნდისგან მუდმივად მეტს მოითხოვს. ასეთმა კულტურამ შეიძლება ძალიან მაღალი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ხანგრძლივად შენარჩუნებული ინტენსივობა ადვილად გადაიზრდება გადაწვაში, მოკლევადიან აზროვნებასა და მუდმივ დევნაში იმისკენ, რაც სწრაფად ჩანს, ნაცვლად იმისა, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.

მესამე მოდელი უფრო დაბალანსებულია: იმოქმედე სწრაფად, მაგრამ ნუ იჩქარებ. აქ სიჩქარე და სიზუსტე ერთად უნდა მუშაობდეს. ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს აჩქარებს, თუმცა არა ქაოსის ფასად. ასეთი რიტმი განსაკუთრებით გამოსადეგია კომპანიის გარდაქმნის პერიოდში, როცა დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუფიქრებელი ნაბიჯიც ძვირი შეიძლება დაჯდეს. მთავარი საფრთხე ისაა, რომ ზედმეტი სიფრთხილე დროთა განმავლობაში ისევ ნელ ტემპად არ გადაიქცეს.

მეოთხე მიდგომა თავიდან ნელა მოძრაობას და შემდეგ სწრაფ შესრულებას გულისხმობს. ასეთ დროს ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებამდე დიდ დროს ხარჯავს ინფორმაციის შეგროვებაზე, შეთანხმებაზე და მომზადებაზე, მაგრამ როგორც კი მიმართულება გარკვეული ხდება, სწრაფად მოქმედებს. ეს კარგად მუშაობს რთულ და მაღალი რისკის გარემოში, სადაც საწყისი შეცდომის გამოსწორება შეიძლება ძალიან ძვირი იყოს. თუმცა აქაც არსებობს ზღვარი: თუ მომზადება ზედმეტად გაიწელა, ანალიზი თავად იქცევა მოქმედების შემაფერხებლად.

მეხუთე ტემპი კი მოთმინებასა და დაგროვებით შედეგზეა აგებული. უორენ ბაფეტის მართვის სტილი ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. აქ ყურადღება ნაკლებად არის მიპყრობილი კვარტალურ ეფექტზე და უფრო მეტად იმ ღირებულებაზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია იქ, სადაც კომპანიის მთავარი აქტივი შეიძლება იყოს კაპიტალი, ნდობა, ბრენდის ღირებულება ან სხვა რამ, რასაც დრო სჭირდება. თუმცა მოთმინება მარტივად შეიძლება უმოქმედობაშიც გადავიდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე კომპანია ელოდება.

ტემპი კომპანიის მდგომარეობას უნდა მოერგოს

ყველა ხელმძღვანელს ბუნებრივი რიტმი აქვს. ზოგი გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, ზოგს მეტი დრო სჭირდება. გამოცდილებასაც აქვს გავლენა: ოპერაციული გამოცდილების მქონე ლიდერები ხშირად უფრო სწრაფ, მაგრამ დისციპლინირებულ მოქმედებას ამჯობინებენ, მეცნიერები, ინჟინრები და დამფუძნებლები კი ექსპერიმენტულ ციკლებს უკეთ ეგუებიან. თუმცა კარგი ხელმძღვანელობა იმასაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარ ბუნებრივ რიტმს გასცდე. სწრაფ ადამიანს უნდა შეეძლოს მიზანმიმართულად შენელება, ფრთხილ ლიდერს კი საჭირო მომენტში აჩქარება.

იგივე ეხება კომპანიის ასაკსაც. სტარტაპისთვის სისწრაფე ხშირად გადარჩენის საკითხია. გადაწყვეტილებები არასრული ინფორმაციით მიიღება, პროდუქტები სწრაფად იცვლება და დაგვიანებამ შეიძლება ბაზრის დაკარგვა გამოიწვიოს. თუმცა ყველა საკითხში სისწრაფე აქაც არ გამოდგება. ჯეფ ბეზოსი, მაგალითად, Amazon-ის ადრეულ წლებში დაქირავებას განსაკუთრებით ფრთხილად უდგებოდა, რადგან არასწორ ადამიანებზე სწრაფად გაზრდილი გუნდი მოგვიანებით უფრო დიდი შეფერხების წყარო გახდებოდა.

ზრდის ეტაპზე კომპანიას უკვე მეტი სტრუქტურა სჭირდება. ახალი ბაზრები, გუნდები და მომხმარებელთა ჯგუფები იმდენ სირთულეს აჩენს, რომ მხოლოდ დამფუძნებლის ინტუიციაზე დაყრდნობა აღარ გამოდის. აქ მთავარი ამოცანა სიჩქარის შენარჩუნებაა ისე, რომ ორგანიზაცია ქაოსში არ გადავიდეს. მომწიფებულ კომპანიებში კი რიტმი ბუნებრივად ნელდება, მაგრამ ხელმძღვანელის საქმეა, ეს ნელი ტემპი ინერციად არ იქცეს.

ზოგჯერ კი სიტუაცია სწრაფ ცვლილებას პირდაპირ მოითხოვს. ტექნოლოგიური რღვევა, მომხმარებლის ქცევის ცვლილება ან კრიზისი კომპანიისთვის დროის ფასს მკვეთრად ზრდის. პანდემიის დროს კომპანიებს ერთდროულად უწევდათ მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა, თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა და გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მცირე ინფორმაციით. ასეთ მომენტში გადაწყვეტილების არმიღება ხშირად უფრო სახიფათოა, ვიდრე არასრულყოფილი ნაბიჯი.

თუმცა სწრაფი ცვლილება ყველგან სწორი პასუხი არ არის. უსაფრთხოების კულტურის შეცვლას, ანაზღაურების სისტემის გადაწყობას ან სხვა ღრმად გამჯდარი ორგანიზაციული წესების გარდაქმნას ხშირად დრო სჭირდება. ასეთ საკითხებში ზედმეტმა აჩქარებამ შეიძლება წინააღმდეგობა გააძლიეროს და ცვლილება ზედაპირული დატოვოს.

ისტორიაში ორივე ტიპის შეცდომის მაგალითია. Theranos-ში სწრაფი შედეგის ჩვენების წნეხმა კომპანიას პროდუქტების გამოცხადებისა და მასშტაბირებისკენ უბიძგა მანამდე, სანამ ტექნოლოგია მზად იყო. BlackBerry-მ კი საპირისპირო შეცდომა დაუშვა: ძალიან გვიან აღიარა, რომ iPhone-მა სმარტფონების ბაზრის წესები შეცვალა და ფიზიკურ კლავიატურას ზედმეტად დიდხანს მიეჯაჭვა. ორივე შემთხვევაში პრობლემა ნაწილობრივ სწორედ მომენტის ტემპის არასწორად წაკითხვა იყო.

რამდენად სწრაფად შეუძლია კომპანიას მოძრაობა?

ხელმძღვანელის სურვილი ერთია, ორგანიზაციის შესაძლებლობა კი მეორე. შეიძლება CEO-ს სწრაფი ტრანსფორმაცია უნდოდეს, მაგრამ გუნდი, სისტემები ან რესურსები ამისთვის მზად არ იყოს. ასეთ შემთხვევაში ცვლილების სიჩქარე თვითონ ხდება პრობლემის წყარო.

ორგანიზაციები განსხვავებულად რეაგირებენ წნეხზეც. ერთი გუნდი მკაცრ ვადებზე უკეთ მუშაობს, მეორეში იგივე მიდგომა წინააღმდეგობასა და დაბნეულობას იწვევს. ამიტომ ხელმძღვანელმა საკუთარი ამბიცია კი არ უნდა გაზომოს, არამედ კომპანიის რეალური გამტარუნარიანობა: რამდენ ცვლილებას იტანს სისტემა ერთდროულად, რამდენად სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს გუნდები და სად ჩნდება შეფერხება.

ამ ყველაფერს გარე გარემოც ემატება. სწრაფად ცვალებად ბაზარზე მომხმარებლები ახალ პროდუქტებსა და ფუნქციებს ხშირ განახლებას ელიან, მაგრამ ჯანდაცვაში, ენერგეტიკასა თუ ფინანსურ სექტორში იგივე სისწრაფე შეიძლება რეგულაციებთან და უსაფრთხოებასთან პირდაპირ კონფლიქტში შევიდეს. ერთ ინდუსტრიაში პროდუქტის ციკლი დღეებია, მეორეში კი ათწლეული. ამიტომ, კარგი ტემპი მხოლოდ კომპანიის შიგნიდან ვერ განისაზღვრება.

საბოლოოდ, ტემპის მართვა თანდაყოლილი ინსტინქტი არ არის. ეს უნარია, რომელიც გამოცდილებით და ორგანიზაციის დაკვირვებით ვითარდება. ხელმძღვანელმა უნდა შეამჩნიოს, როდის იწყებს გუნდი გადაღლას, სად იკარგება ენერგია, როდის ჭიანურდება გადაწყვეტილებები და რა მომენტში გადაიქცა სიფრთხილე ინერციად. ამისთვის მხოლოდ ცხრილები და ანგარიშები არ კმარა. ხშირად საჭიროა უშუალოდ ადამიანებთან საუბარი, მათი ტონის, ყოყმანისა და ენერგიის შემჩნევაც.

ტემპის შეცვლაც ისეთივე ფრთხილად უნდა მოხდეს, როგორც მისი არჩევა. კომპანიას ვერ ეტყვი უბრალოდ, რომ ხვალიდან ორჯერ სწრაფად უნდა იმუშაოს. თუ ხელმძღვანელი აჩქარებას ითხოვს, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რატომ გახდა ეს საჭირო, რა შეიცვლება მათ ყოველდღიურ მუშაობაში და რომელი საქმეები უნდა გახდეს პრიორიტეტული.

ამიტომ, კარგი ლიდერობა მხოლოდ სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ნიშნავს. არც ნელა და ფრთხილად მოქმედებაა თავისთავად სიბრძნე. მთავარი უნარი იმის დანახვაა, რა სიჩქარე სჭირდება კომპანიას კონკრეტულ მომენტში და რამდენად შეუძლია თავად ორგანიზაციას ამ რიტმის ატანა.

ზოგჯერ კონკურენტული უპირატესობა სხვებზე სწრაფ მოძრაობაშია. ზოგჯერ კი იმაში, რომ მაშინ არ აჩქარდე, როცა ყველა დანარჩენი გარბის.

წყარო: HBR



აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის „მეტროპოლის“ ოფისი ბრუკლინში გაიხსნა

„ვახტანგური“ – 33-წლიანი ისტორია, რომელიც დღესაც გრძელდება