სულ ორიოდ დღის წინ ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Loyal-მა განაცხადა, რომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და მალე ძაღლებისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებელ წამალს გამოუშვებს.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვეტერინარული მედიცინის ცენტრმა დაადასტურა, რომ Loyal-ის მონაცემები ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს დაჩქარებული გზით დასამტკიცებლად. პირველადი დამტკიცების შემთხვევაში, წამლის გაყიდვა ნებადართული გახდება. კომპანიის ცნობით კი, LOY-001 2026 წელს ჩაეშვება გაყიდვაში.
„Loyal დაარსდა ამბიციური მიზნით, შეგვექმნა პირველი წამალი, რომელიც ძაღლებს ჯანსაღ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. ეს ყველაფერი წლების შრომის შედეგია. ახლა კი კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას და FDA-ის საბოლო დასტურს ველით“, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
დიდ და გიგანტურ ძაღლების, როგორებიც არიან ოქროსფერი რეტრივერი, გერმანული დოგი და ნიუფაუნდლენდი, სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა — დაახლოებით 8-დან 10 წლამდე. ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამის მიზეზი დიდი ძაღლების შერჩევითი მოშენების შედეგია. სხვა სიტყვებით, მსგავსმა შერჩევამ ძაღლები ზომაში გაზარდა, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა.
ზემოხსენებული პრეპარატის მთავარი სამიზნეც ზრდის ჰორმონი IGF-1-ია. ვინაიდან სწორედ ეს ჰორმონი შეინიშნება ძაღლების გარკვეულ ჯიშებში ჭარბად, მედიკამენტი მის შემცირებაზე იზრუნებს. ინიექცია ექვსი თვის განმავლობაში ჩატარდება. „ეს ნამდვილად არ არის უკვდავების წამალი, მაგრამ ძაღლების სიცოცხლის გახანგრძლივებას შევძლებთ“, — განმარტავენ კომპანიაში.
მხოლოდ დრო და კვლევა გვიჩვენებს, გაგრძელდება თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივებული წამლების შემუშავება; საბოლოოდ კი, რამდენად ჩაეშვება მოხმარებაში.