in

მკვლევართა თქმით, მზის სისტემის გარეთ სიცოცხლეს 25 წელში ვიპოვით!

მართალია, მარსზე სიცოცხლე ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ ასტროფიზიკოს საშა კუანცს სჯერა, რომ მომდევნო 25 წელში მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტებზე გარკვეული მტკიცებულებების აღმოჩენას შევძლებთ. მან დეტალურად აღწერა მიმდინარე ტექნოლოგიური პროექტები, რომლებიც მეცნიერებს პასუხს აპოვნინებს კითხვაზე — ვართ თუ არა სამყაროში მარტო. 

M2
M2

„1995 წელს ჩემმა კოლეგამ დიდიეი ქუელომ ჩვენი მზის სისტემის გარეთ პირველი პლანეტა აღმოაჩინა. დღეს უკვე 5000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა ცნობილი და ჩვენ მათ თითქმის ყოველდღიურად ვპოულობთ, — ამბობს კუანცი.

დიახ, მეცნიერები კიდევ უფრო მეტი პლანეტის აღმოჩენას ელიან, რადგან, თვლიან, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკაში 100 მილიარდზე მეტ ვარსკვლავს მინიმუმ ერთი კომპანიონი პლანეტა ჰყავს. ეს ეგზოპლანეტების უზარმაზარ რაოდენობას ქმნის, რომელთაგანაც ბევრი, კუანცის თქმით, დედამიწის მსგავსია. ამასთან, მათი მასპინძელი ვარსკვლავებიდან სწორ მანძილზე იმყოფება, რათა სიცოცხლისთვის საჭირო ისეთი პირობები უზრუნველყოს, როგორიცაა, მაგალითად, თხევადი წყლის არსებობა.

„ჩვენ არ ვიცით, როგორია დედამიწის მსგავსი პლანეტების ატმოსფერო ან რისგან შედგება იგი. ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ და ისეთი მიდგომა ვიპოვოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, ამ პლანეტებს სურათები გადავუღოთ, — განმარტავს კუანცი. 

ალბათ, ფიქრობთ, რომ აქ კვლავ ჯეიმს ვების სამომავლო კვლევები უნდა ვახსენოთ, მაგრამ საშა კუანცის აზრით, იგი არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დედამიწის მსგავსი პატარა პლანეტები დაინახოს. საინტერესოა ისიც, რომ მკვლევართა გუნდი უკვე მუშაობს საშუალო ინფრაწითელი ELT გამოსახულებისა და სპექტროგრაფის შემუშავებაზე, ეს პირველი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც Extremely Large Telescope (ELT)-ის ნაწილი გახდება. ე. წ. LIFE-ის მისია კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ უკვე განიხილება — თუ კუანცის გუნდს დავუჯერებთ, მან სიცოცხლის ქიმიის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს და გვითხრას, როგორ მოქმედებს ის პლანეტების ატმოსფეროსა თუ გარემოზე. 

დიახ, ასტროფიზიკოსის განცხადება, რომ იგი მომდევნო 25 წელში მზის სისტემის გარეთ ახალ სიცოცხლეს აღმოაჩენს ამბიციურად და არარეალურად ჟღერს, ამას თვითონაც კი აღიარებს, მაგრამ მაინც იმედოვნებს, რომ LIFE-ის მისიით ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს. 

მოდი, გავეცნოთ Ad Black Sea-ს ჟიურის წევრებს! ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს ფესტივალის დასასრულს

როგორი იქნება სოციალური მედია მომავალში? — აი, რას გვთავაზობს მონაცემები