კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) მრავალგზის გამოცდილი პრაქტიკაა მათთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავს და რაიმე ქცევის/ჩვევის შეცვლას ცდილობს. CBT-ის საშუალებით, შეგიძლიათ დაისახოთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდეთ შედეგამდე. როგორც წესი, ეს პროცესი სპეციალიზებული თერაპევტის უშუალო დახმარებით მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა ამჯერად, გიამბობთ აპლიკაციაზე, რომელშიც CBT ტექნიკები გაციფრულებული და ავტომატიზებულია. Sidekick არ არის მხოლოდ გიდირებული სავარჯიშოების ერთობლიობა, ეს გახლავთ აპლიკაცია რომელიც თამაშის პრინციპს ეფუძნება, ერთნაირი მიზნის მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა დაბრკოლებები ერთად უფრო მარტივად გადალახონ და ამგვარად ყველასთვის ნაცნობ თვითრეალიზაციის პროცესს სახალისო თავგადასავლად აქცევს. CBT გაციფრულებით, მომხმარებელი ტექნოლოგიებს პიროვნული ზრდის ხელსაწყოდ იყენებს. აპლიკაციაში, პერსონალიზებული რჩევებისა და ქცევითი ექსპერტების მიერ შემუშავებული მეთოდებით, შეგიძლიათ დაისახოთ კონკრეტული მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდეთ შედეგამდე.
სტარტაპიდეა ანა გიგაშვილმა და ლევან ხომერიკმა მოიფიქრეს. ერთმანეთი Web3 სტარტაპში გაიცნეს, დამეგობრდნენ და საკუთარი ძალები ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართეს. Sidekick-მა თავისი მიდგომის გამო არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, მათ შორის, გაიმარჯვა Visa-ს და Usaid-ის კონკურსში. სულ მალე, თანადამფუძნებელი ანა გიგაშვილი ამერიკის ელჩ რობინ დანიგანთან და დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაემგზავრება და აპლიკაციას ინვესტორებს წარუდგენს. მანამდე კი, Sidekick-ის შესახებ გვიყვება.
M: როგორ გიბიძგათ მომხმარებლის საჭიროებებმა საკუთარი აპლიკაციის ჩამოყალიბებისკენ და როგორ დააკავშირეთ ტექნოლოგიური სფერო CBT-თან?
ინტერნეტში უამრავი რესურსია – ბლოგები, რჩევები, აპლიკაციები, ზღვა სამოტივაციო მასალა. კონტენტის სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელი ნავიგაციას ვერ ახერხებს და ყოველივე ეს უფუნქციოდ რჩება. სწორედ აქედან დაიბადა Sidekick-ის იდეა, რომლის შემუშავებაზეც ძალიან დიდხანს და გულდასმით ვიმუშავეთ.
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდეს გამოწვევად იქცა, ამიტომაც ინოვაციური მიდგომების დანერგვის აუცილებლობას ვხედავთ. ამ გამოწვევების ფონზე, Sidekick მიზნად ისახავს, ფსევდოქოუჩინგის ნაცვლად, რეალური და მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტური მეთოდების შეთავაზებას. ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს ჰოლისტიკური მეთოდებით დავეხმაროთ სასარგებლო რჩევების შეძენასა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. გვინდა, ჩვენი აპლიკაციის საშუალებით ადამიანს ეპოვა გამოსავალი და ეს მარტოს არ გაეკეთებინა. ამიტომ, გარდა საჭირო მეთოდიკისა, აპლიკაცია ვაქციეთ ინტერაქციულ გარემოდ და ადამიანები ერთმანეთს დავაკავშირეთ.
ამ ყველაფრის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა CBT – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ჩვენთვის, და ჩვენი მეგობრებისთვისაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ბიძგად იქცა. ჩვენზე იმდენად დადებითად იმოქმედა ამ პრაქტიკამ, ვირწმუნეთ, რომ სხვებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო აპლიკაციაში CBT ტექნიკების იმგვარად ინტეგრირება, რაც ადამიანებს პროცესს გაუმარტივებს და გაუხალისებდა. ამასთან, ჩვენ CBT სპეციალისტები არ ვართ, ამიტომ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი დავიმეგობრეთ, რომელიც აშშ-ში მუშაობს და თავად თერაპიის პრინციპის სწორად დანერგვაში გვეხმარება.
M: რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ აპლიკაციას სოციალური ქსელის ფუნქციაც ჰქონოდა?
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ თუკი რაიმე პრობლემასთან მარტო ვრჩებით ან რაიმე ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი, დიდი ალბათობით, ვეცდებით დავაიგნოროთ. მსგავს მომენტებში ვეძებთ პრაქტიკულ საშუალებას, რომელიც ნამდვილად დაგვეხმარება. რეალურ ცხოვრებაში, ასეთ დროს გვეიმედება ახლობელი ადამიანები, მეგობრები, თერაპევტები, თუმცა ისეც ხდება, რომ მათი შეწუხება გვერიდება ყოველ ჯერზე, როდესაც ემოციური მხარდაჭერა დაგვჭირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს სხვა ადამიანებთან შეხების საშუალება ჰქონდეს. ჩვენი აპლიკაციის მნიშვნელოვანი ფუნქციაა „ციფრული ხელის ჩამორთმევა“, რითაც მომხმარებლები ერთმანეთს ეხმარებიან კონკრეტული გამოწვევების დაძლევაში. თითოეული მომხმარებელი დღეს იწყებს ამ Digital Handshake-ით. ესაა ციფრული კავშირი, რისი საშუალებითაც მომხმარებლები ერთმანეთს ამხნევებენ და მხარდაჭერას უცხადებენ. შესაბამისად, ადამიანი თავის გამოწვევასთან თავს მარტოდ აღარ გრძნობს და მათი გადალახვა ბევრად უადვილდება. გამომდინარე იქიდან, რომ Sidekick გლობალურ ბაზარზე აპირებს გასვლას, აპლიკაციაში გათვალისწინებულია დროის ზონები, ამიტომ სხვების მხარდაჭერის იმედი დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გქონდეთ.
M: როგორია Sidekick-ის მუშაობის პრინციპი?
აპლიკაციაში შემოსვლისთანავე, ადამიანი ირჩევს თავის მიზნებს, რომლების მიღწევაც სურს: იოგა, სტრესი, დღიურის წერა… თუკი თქვენი მიზანი ჩამონათვალში არ არის, შეგიძლიათ დაამატოთ და ჩვენ დავამუშავებთ ამ მიმართულებას. მიზნის შესაბამისად, ალგორითმი თქვენთვის არჩევს ანონიმურ პარტნიორს, სხვა მომხმარებელს, რომელსაც ანალოგიური ამოცანები აქვს და გაკავშირებთ. სწორედ ამ მომენტიდან ხდება პირველად „ხელის ჩამორთმევა“. დაკავშირების შემდეგ, იწყება თქვენი თავგადასავალი. CBT-ის პლუსი ის გახლავთ, რომ ზუსტად იცით, რა დროში რა პროგრესი გექნებათ. ეს კონკრეტიკა ძალიან დადებითად მოქმედებს, რადგან მომხმარებელმა იცის, რა გზას გაივლის და რა დრო დასჭირდება ამ პროცესს.

ასევე, აპლიკაციაში იქნება ჯგუფური პრაქტიკაც, რაც მომხმარებელს კომუნის ნაწილად აგრძნობინებს თავს. მაგალითად, შეგიძლიათ შეუერთდეთ ჯგუფურ მედიტაციას და თან გეცოდინებათ, რომ ამას ამ მომენტში სხვა 500 ადამიანი აკეთებს. კომუნის შეგრძნება აპლიკაციის ძალიან ღირებული ნაწილი გვგონია – ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ითხოვოთ და მიიღოთ მხარდაჭერა, სრულიად უცხო ადამიანებისგან. ეს უსაფრთხოების შეგრძნებას აძლიერებს. „ხელის ჩამორთმევის“ ფუნქციაც სიმბოლურია და იმავე დატვირთვას ატარებს, როგორსაც მაგალითად, მხარზე ხელის დადება მეგობრის გასამხნევებლად. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აპლიკაციის გამოცდილებას ასე აცოცხლებს.
Sidekick-ში საკმაოდ ბევრი რამ იქნება უფასო, თუმცა მიზნების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგეძლებათ პრემიუმ ვერსიით სარგებლობაც. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბაზრისთვის ასეთი სერვისი და თავად CBT საკმაოდ ახალი სფეროა, აპლიკაცია პირველი სამი თვე სრულიად უფასო უფასო იქნება.
M: Sidekick-ს დასაწყისიდანვე გლობალური ბაზრისკენ აქვს გეზი აღებული. საინტერესოა, რა განასხვავებს აპლიკაციას მსგავსი ალტერნატივებისგან?
გლობალურ ბაზარზე არაერთი აპლიკაცია არსებობს (როგორიცაა: Calm, Habitica), რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრაქტიკას სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, „უსულო“ აპლიკაცია ნაკლებად ეფექტურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთულ ემოციურ მდგომარეობაშია ადამიანი, აპლიკაციების საკომუნიკაციო სტილი უფრო ჭკუის დარიგებას ჰგავს, ვიდრე რეალურ დახმარებას. მიზანი უნდა იყოს რეალური დახმარების გაწევა და არა დიდაქტიკური მიდგომა. Sidekick-ის მიზანია მომხმარებლებს შეუქმნას განცდა, რომ აქ არიან რეალური ადამიანები, პროცესი მიმდინარეობს ცოცხალ რეჟიმში და გელით ნებისმიერ დროს, იმ ხანგრძლივობით, რაც თქვენთვისაა კომფორტული.
M: რა ფორმით არის გამოყენებული გემიფიკაცია Sidekick-ში?
აპლიკაცია თამაშის პრინციპს ეფუძნება, ადამიანები ირჩევენ ავატარსა და სასურველ მიზანს, მაგალითად, ჩვევას, რომლის მოშორებაც სურთ. ამის შემდეგ აპლიკაცია ერთნაირი მიზნის მქონე მომხმარებელებს აწყვილებს, რადგან მეწყვილის ყოლა აორმაგებს მიზნის მიღწევის შანსს. მიზნისკენ მიმავალ გზაზე მომხმარებელი იღებს პატარ-პატარა ჯილდოებს. პარალელურად, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ჯილდოების მონეტიზაცია მომხმარებელმა რეალურ ობიექტებში შეძლოს და საკუთარ თავზე ზრუნვა კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესად აქციოს.
M: თქვენთვის რას ნიშნავს Sidekick?
საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს. დიდი ხნის მეგობრები ვართ და ერთად უამრავი რამ გამოგვივლია. აზრი, რომ შეგვიძლია უამრავ ადამიანს დავეხმაროთ თავიანთი პრობლემების გადაჭრაში, სწორი მექანიზმის შემუშავებით, გვანთებს და შთაგვაგონებს. ყველაზე მთავარი ალბათ სწორედ ესაა – რამდენად უყვართ დამფუძნებლებს თავიანთი იდეა და საკუთარ მისიას როგორ ხედავენ. რაც უნდა საინტერესო და ორიგინალური მეთოდებით მუშაობდეს სტარტაპი, ყველაზე მთავარი სწორედ ესაა – რამდენად დიდ სიყვარულს დებენ საქმეში მისი შემქმნელები.
M: როგორია აპლიკაციის განვითარების გეგმა?
Sidekick-მა დიდი ინტერესი გამოიწვია და ინვესტიციების მოზიდვის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მივიღეთ Visa-ს და Usaid-ის პრესტიჟული ჯილდო, ასევე, მალე, აშშ-ში გავემგზავრები საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რობინ დინიგანთან ერთად და და სტარტაპს წარვადგენ.
ასევე, ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს არამხოლოდ აპლიკაციის პოპულარიზაციის, არამედ თავად ფსიქიკური ჯანმრთელობისა და CBT-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ადამიანებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, მეტი განათლება ამ საკითხებზე. შესაბამისად, ვგეგმავთ აქტიურად ვესაუბროთ ადამიანებს და დავეხმაროთ იმ მიზნების მიღწევაში, რისთვისაც ისინი აქტიურად ეძებენ პასუხებს სხვადასხვა საშუალებით.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი