in

როგორ იქცნენ გერმანელი ძმები სიმენსები XIX საუკუნის ტფილისის „სოლოლაკელ ბიჭებად“

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ეპოქას და არსებობენ ისინიც, ვინც საკუთარი ინიციატივით, უანგაროდ იღებენ პასუხისმგებლობას, შეისწავლონ და ზედაპირზე ამოატივტივონ ასეთი ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა. თავის მხრივ კი, ვარსებობთ ჩვენც, ის ადამიანები, რომელთა ინტერესის საგანსაც ზემოჩამოთვლილი ადამიანთა ტიპების საზოგადოებისთვის შეხსენება თუ გაცნობა, მათს წვლილსა და დამსახურებებზე საუბარი წარმოადგენს.

ამიტომაც, ამ უკანასკნელ როლს მოვირგებთ და შევეცდებით, მოვყვეთ ამბავს გერმანელი ძმები სიმენსების მოღვაწეობაზე საქართველოში იმისთვის, რომ ვიცოდეთ, როგორი იყო, მე-19 საუკუნეში ქართულ-ევროპული, ქართულ-გერმანული ურთიერთობები. როგორ აღმოჩნდა რუსეთის იმპერიაში მყოფი საქართველო ტექნოლოგიური პროცესების ცენტრში, როგორ აუწყო ფეხი XIX საუკუნის მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში არნახულ მიღწევებს, ინდუსტრიალიზაციას და როგორ იქცა მაშინდელი ტფილისი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ქალაქად.

ამაზე საუბრის შესაძლებლობას კი, ინჟინერ ანდრე კარბელაშვილის ნაშრომები გვაძლევს, რომელიც პირველი იყო, ვინც ძმები სიმენსების საქართველოში მოღვაწეობით დაინტერესდა და ბნელ 90-იანებში წიგნიც კი გამოუშვა გერმანულად. და ასევე, ისტორიკოსი, მანანა ნიქაბაძე, რომელიც 2009 წლიდან ცდილობს ძმები სიმენსების, როგორც თავად ეძახის, „სოლოლაკელი ბიჭების“ შესახებ ზუსტი ცნობების მოპოვებასა და გავრცელებას – ხან მათი ცხოვრების ეკრანიზაციის იდეით, ხან სიმენსების უფროსი წარმომადგენლის, ვერნერ ფონ სიმენსის „მოგონებების“ ქართულად თარგმნისა და გამოცემის ინიციატივით, მათი რელიგიური იდენტობისა და ამის საფუძველზე მათი ნამდვილი საფლავების კვლევა-ძიებით და ა.შ.

მანანა ნიქაბაძე

მანანა ნიქაბაძე: „2008 წელს, გერმანიაში ყოფნისას, გალერისტ ანილი ჰილმერთან ერთად, ბერლინიდან რომ გავდიოდით, უზარმაზარ ტერიტორიაზე ვნახეთ სიმენსების ქარხნები, მიწები, დიდი გალავნები და ანილიმ საუბარს მოაყოლა, იცი, რომ საქართველოში ცხოვრობდნენ სიმენსები?! რომელიღაც ძმა იქ, თქვენთან, თბილისშია დასაფლავებულიო. მე მალევე, ახლობლების დახმარებით, მივაკვლიე მეცნიერ ანდრე კარბელაშვილს, რომელსაც დავურეკე და მითხრა: „იმდენი მასალა მაქვს შეგროვებული, წლები ვმუშაობდი ამაზე, ჩამოდი და ყველაფერს მოგცემ“.

სიმენსების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ ცნობებს Siemens&Halke-(დღეს, Siemens) დამფუძნებლის, ბიზნესმენის, გამომგონებლის, ინჟინრის, მეცნიერის, მწერლის ვერნერ ფონ სიმენსის ავტობიოგრაფიული წიგნი „მოგონებები“ გვაწვდის, რომელიც გერმანიაში 21-ჯერ გამოიცა.

სწორედ აქედან ვიგებთ, რომ ვერნერი საქართველოში 3-ჯერ ჩამოსულა და მოხიბლულა ჩვენი ქვეყნითა და ხალხით, ბუნებით, წყლით, სამზარეულოთი და ა.შ. „მოგონებებში“ იგი აღწერს თბილისს, მის თავისებურებებს და მასაზიურ პარიზსუწოდებსის აღფრთოვანებულია ქვეყნით და ამბობს, რომ ეს იყო უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი პოტენციალით როგორც ნავთობის, ისე სპილენძისა თუ ოქროს მოპოვების თვალსაზრისით: „კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი“, – ვერნერ ფონ სიმენსი.

ფოტოკრედიტი: ვერნერ ფონ სიმენსი, ტფილისის ხედი
ვერნერ და კარლ სიმენსები კავკასიაში, დათვზე სანადიროდ, 1890 წ.

„კაცობრიობის კულტურის აკვანში“ კი, პროგრესული მოვლენების შემოტანა, რაც მე-19 საუკუნის მსოფლიოს ახლდა თან, ძმებ სიმენსების სახელთან არის დაკავშირებული. 14 შვილიანი ოჯახიდან საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მხრივ, ვერნერის ძმებს: ვალტერსა და ოტო სიმენსებს მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი.

ვერნერ ფონ სიმენსი, ვალტერ ფონ სიმენსი, ოტო ფონ სიმენსი

ვალტერ სიმენსი (1833-1868) და ტელეგრაფის პირველი ხაზი კავკასიაში
მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა, რომ სატელეგრაფო ხაზი მასაც სჭირდებოდა, ვერნერ ფონ სიმენსისა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კავკასიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, ქართველი პოეტისა და კავკასიის ჯარების სარდალ გრიგოლ ორბელიანის მოლაპარაკებების შედეგად, გაიყვანეს პირველი სატელეგრაფო ხაზი თბილისსა და კოჯორს შორის, 1858 წელს. 2 წლის შემდეგ კი, აუცილებლობის გამო, თბილისი-ფოთის სატელეგრაფო ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით, თბილისში გაიხსნა „სიმენსი და ჰალსკეს“ წარმომადგენლობა, სადაც ვერნერმა ყველაზე საყვარელი ძმა, ვალტერი გამოგზავნა ხელმძღვანელად. ამავე წლის 5 ოქტომბერს, ფოთიდან თბილისში გადაიცა პირველი დეპეშები, ასევე, თბილისს, ბორჯომსა და გორს შორის. 1862 წელს, გრიგოლ ორბელიანის ნებართვით, ვალტერ სიმენსთან ერთად, თბილისსა და სტავროპოლს შორის, ტელეგრაფის ხაზის მშენებლობაზე დაიდო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ეს ხაზი გაივლიდა ვლადიკავკაზზე, ნალჩიკსა და პიატიგორსკზე. ამგვარად, თბილისში, ოპერატიულად მიიღებდნენ ყველა მნიშვნელოვან ახალ ამბავს საზღვარგარეთიდან.

ამ პერიოდში, „კავკასიის ტელეგრაფის მამად“ წოდებული ვალტერ სიმენსი, 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, სოლოლაკში, კავკასიის ცენტრში.მანანა ნიქაბაძე: „სოლოლაკში თავს იყრიდნენ წარმატებული ადამიანები, ბიზნსმენები. იქ ცხოვრობდნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები. ეჭვი მაქვს, რომ ძმები სიმენსები პეტერბურგიდან იცნობდნენ სმირნოვებს, რომელთა სახლიც კავკასიელი მწერლებისა და პოეტების თავშეყრის ადგილი იყო და მათ სტუმრობდნენ ხოლმე: ორბელიანები, ბარათაშვილები, ჭავჭავაძეები, ნიკოლაძეები დ ა.შ. შესაბამისად, სიმენსებსაც მათთან ახლოს უნდოდათ თბილისში ბინის დადება“.

1868 წელს, 35 წლის ასაკში, საზეიმო ვახშამზე მიმავალ ვალტერ სიმენსს ცხენმა სასიკვდილო ტრავმა მიაყენა და ტრაგიკულად დაიღუპა. ქართველმა ხალხმა მის მიმართ დიდი სიყვარულის გამო, დამსახურებულად დაიტირა.

დღეს, ანდრე კარბელაშვილის გამოკვლევების შედეგად, ვალტერ სიმენსის საცხოვრებლად მიჩნეულ სახლზე, თბილისში, ყოფილი ფ.ენგელსის ქუჩაზე, დღეს, ლ. ასათიანის N30-ში, არსებობს მისი მემორიალური დაფა, რომელიც გაკეთდა ანდრე კარბელაშვილის ინიციატივით, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ.

ოტო სიმენსი (1836-1871) და ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზი
ვალტერ სიმენსის გარდაცვალების შემდეგ, „სიმენსი და ჰალსკეს“ წარმომადგენელი კავკასიაში გახდა მისი ძმა, რომელიც, ასევე, სოლოლაკში დასახლდა. 1870 წლის 17 მაისს თბილისში, ანეტე ფონ კრემერზე იქორწინა და ქართველ მეცენატებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი. ოტოს ხელმძღვანელობის დროს გაიარა თბილისზე ინდოევროპულმა სატელეგრაფო ხაზმა.თბილისის კომუნიკაცია რუსეთის იმპერიის საზღვრებს გაცდა და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქის სტატუსით, თითქმის მთელს მსოფლიოს დაუკავშირდა. მისი ეს ფუნქცია კი ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის მშენებლობას უკავშირდება. ტელეგრაფის ხაზი, რომლის სიგრძეც 11 000 კილომეტრია, გადიოდა მარშრუტით: ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-ქერჩი-თბილისი-თეირანი-ყარაჩი-კალკუტა. ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის გაყვანა კომპანია „სიმენსი და ჰალსკეს“ ინგლისის მთავრობამ დაუკვეთა იმ მიზნით, რომ უდიდეს კოლონია ინდოეთთან კომუნიკაცია სწრაფად დაემყარებინა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გაიარა. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1870 წლის იანვარში გაიხსნა და 60 წლის განმავლობაში, 1870-დან 1931 წლამდე, თბილისი საერთაშორისო კავშირის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

ინდოევროპული ტელეგრაფის რუკის ასლი – ავტორი: მხატვარი ქეთევან დავლიანიძე

კავკასიაში ფირმა „სიმენსის“ საქმეებში კარლი და ასევე, უილიამ სიმენსიც აქტიურად მონაწილეობდნენ. უილიამმა, ლონდონიდან სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფისთვის სპეციალური კაბელი ჩამოიტანა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. გარდა ამისა, მან ლონდონში დაამზადა, ასევე, მიწისქვეშა კაბელი სატელეგრაფო ხაზისთვის მოსკოვი-თბილისი. ეს ხაზი ხშირად ზიანდებოდა კობი-გუდაურის მონაკვეთზე თოვლის ზვავების გამო. ამიტომ, 1879 წელს, ამ მონაკვეთზე სატელეგრაფო ხაზი მიწისქვეშ გაიყვანეს.

პირველი ტრამვაი, რომელიც 1904 წლიდან კონკის ნაცვლად, ახალ ტრანსპორტად იქცა და თბილისის ქუჩებში საუკუნესა და 2 წელიწადს იარსება, ასევე ლიფტი და ასფალტის შემოტანა ძმებ სიმენსებს, უფრო კონკრეტულად, ოტო სიმენსის სახელს უკავშირდება. ოტო სიმენსი ჩაბმული იყო კახეთში ნავთობის მოპოვების საქმეში, შეიმუშავა სხვადასხვა წინადადება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ასფალტის მიღება-გამოყენების, თბილისის წყლით მომარაგებისა და ქუჩების განათების შესახებ. სწორედ მან მოიფიქრა ნავთობის ნარჩენებისგან ბუნებრივი ასფალტის გამოყვანა.ჭაბურღილების ბურღვის მეთოდის ავტორიც ოტო სიმენსია, რომელმაც მანამდე არსებული რუტინული ხერხი შეცვალა, როდესაც ნავთობის მოსაპოვებლად ჭებს თხრიდნენ. წარმატებით უხელმძღვანელა დალიარ-კელბეკის ნავთობსადენის პროექტს, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნავთობსადენის აშენება ბაქოდან ბათუმამდე.

ვალტერის მსგავსად, ოტოც 35 წლის ასაკში, სავარაუდოდ, ქოლერას მიზეზით გარდაიცვალა. „სოლოლაკელი ძმები“ ვალტერ და ოტო სიმენსები, ანდრე კარბელაშვილის ვერსიით, ვერის ბაღში დაასაფლავეს, თუმცა, ამჟამად, უცნობია, მათი საფლავების ადგილმდებარეობა.

მანანა ნიქაბაძე:
„მე დღემდე მინდა, მოვძებნო, სად დაასაფლავეს ეს ძმები. ანდრე ფიქრობდა, რომ რადგან ვერის სასაფლაოზე იყო თავადაზნაურობას განსასვენებელი, ძმები სიმენსებიც აქ უნდა დაესაფლავებინათ. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი უნდა დაეკრძალათ კათოლიკური ან ლუთერანული წესის მიხედვით, ამიტომ ეს თემაც ძიების პროცესშია“.თბილისი პირველად ძმებმა სიმენსებმა გაანათეს
„სიმენსებმა“ მსოფლიოსკენ გარღვეული საზღვრები არ აკმარეს ქვეყანას და 1887 წელს, მათ მიერ თბილისი პირველად განათდა. ანათებდნენ მაშინ, როდესაც მთვარის განათება არ იყო საკმარისი – სექტემბრიდან მაისის ჩათვლით. ძირითადად, ცნობილ შენობებს: თეატრს, სათავადაზნაურო ბანკს და ა.შ. მაშინდელ თბილისში ელექტროსადენებისა და ელექტრომოწყობილობების მთავარი მიმწოდებელი ორი კომპანია იყო: „სიმენსი და ჰალსკე“ და „შუკერტი და კომპანია“, თუმცა, „სიმენსი“ პირველი იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ რუსეთის იმპერიაშიც.

ძმები სიმენსები და ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა
სიმენსებმა კავკასიის სამთო ნაწილის სამმართველოს მეშვეობით, კახეთში, კერძოდ კი, წითელწყაროსა და მირზაანში ნავთობის მცირე საბადოების შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია. 1912 წლისთვის სიმენსებმა ბათუმის მხარეში 105 300 ფუთი სპილენძის მადანი მოიპოვეს. კომპანიას სთავაზობდნენ ვერცხლისა და მადნის საბადოების შესყიდვას წებელდაში, აფხაზეთში, თუმცა რთული რელიეფის გამო იქ სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდა. 1930 წელს, სიმენსისპროექტით დაიწყო ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მშენებლობა, ხოლო 2 წლის შემდეგ, ქარხნის ელექტროღუმელები სიმენსის წარმომადგენელთა უშუალო ხელმძღვანელობით დამონტაჟდა.

ძმები სიმენსები და მიხეილ ყაუხჩიშვილი

ანდრე კარბელაშვილი

გერმანული ფირმა „სიმენსის“ ისტორიას შემორჩა დიდი ქართველი ინჟინრის, მიხეილ ყაუხჩიშვილის სახელიც, რომელიც იტალიაში „სიმენსის“ ფილიალის გენერალური დირექტორი გამხდარა. ვერნერ სიმენსის შვილს, კარლ-ფრიდრიხს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ მეცნიერთან, მიხეილ ყაუხჩიშვილთან. იცოდა მისი გამჭრიახობის შესახებ – ტექნიკურ-სამეცნიერო პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი უნარი რომ გააჩნდა. გულთბილი საუბრის მერე სიმენსმა შესთავაზა ყაუხჩიშვილს, დაეკავებინა იტალიაში „სიმენსის“ ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობა, რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ხსენებული ფირმის საქმიანობის შემდგომი გაფართოების თავკაცობა“, – ანდრე კარბელაშვილი ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ძმები სიმენსები ქართულ ლიტერატურაში
დათო ტურაშვილის რომანში „ჩაძირული ქალაქი“, რომელიც მკითხველს ძველ თბილისში, „ამიერკავკასიის პარიზად“ წოდებულ ქალაქში ამოგზაურებს, ნახსენებია ძმები სიმენსები და მათზე შეყვარებული მკვლევარი, ჩვენი რესპონდენტი მანანა ნიქაბაძე, როგორც მათი ეპოქის წარმომადგენელი:„პატრიკ ო’ლირი ისეთი ყურადღებით უსმენდა მანანა ნიქაბაძეს, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროდ ჩათვალა, ირლანდიელისთვის ისიც ეთქვა, რომ თუ ვასილ ამაშუკელს დაითანხმებდა, აუცილებლად დადგამდა (ანუ გადაიღებდა) სურათს (ანუ ფილმს) სიმენსების მოღვაწეობის შესახებ საქართველოსა და კავკასიაში. იქვე მანანა ნიქაბაძემ ისიც უთხრა პატრიკს, რომ თუ კინოკაცი ვასილ ამაშუკელი ამას არ გააკეთებდა, მაშინ თვითონ შეისწავლიდა კინოსაქმეს, სიმენსებზე ფილმს გადაიღებდა (სურათს დადგამდა ანუ) და ის იქნებოდა პირველი კინოქალი მსოფლიო სინემატოგრაფში“.

ძმები სიმენსები დღეს
2017 წლის 24 ნოემბერს, მანანა ნიქაბაძის ინიციატივით, ალეკო ელისაშვილისა და ია მაქაცარიას დახმარებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ძმები სიმენსები საქართველოში“, სადაც გამოფენილი იყო ევროპელის თვალით დანახული XIX საუკუნის თბილისი და სიმენსების საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათი ტრამვაის მაკეტი, ინდოევროპული ტელეგრაფის რუკის ასლი, რომლის ავტორიც მხატვარი ქეთევან დავლიანიძეა და სხვ.2018 წლის ნოემბერში, მანანა ნიქაბაძის ინიციატივით, მაია ბადრიძის თარგმანით, ქართულად გამოიცემა ვერნერ ფონ სიმენსის „მოგონებები“.
გარდა ამისა: „ჩვენ გვინდა, რომ „სიმენსის“ ტელეგრაფის ბოძები, როგორც ევროპული პროგრესის სიმბოლო ძველ საქართველოში, დაიდგას თბილისსა და ყველა იმ ქალაქში, სადაც გადიოდა ინდოევროპული ტელეგრაფის ხაზი, რაც არა მარტო ქართველებისთვის იქნება საინტერესო, არამედ უცხოელებისთვისაც მიმზიდველი გახდება“, – მანანა ნიქაბაძე.

საქართველომ „სიმენსის“ მრავალი ტექნიკური მიღწევა გამოსცადა საკუთარ თავზე. სიმენსების დახმარებით, ქვეყანამ აითვისა ბუნებრივი რესურსები, აიმაღლა ინდუსტრიული შესაძლებლობები, განსაზღვრა ფოთისა და ბათუმის პორტების სტრატეგიული პოტენციალი, რაც შემდგომში, წარმატებული საექსპორტო ურთიერთობების საწინდარი აღმოჩნდა.

იმიტომ, რომ გამომწვევად ეცვა! – PAVE-ის ვიდეორგოლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ბულინგი მცენარეზე! – IKEA-ს სასკოლო ექსპერიმენტი