უკვე დიდი ხანია, მეცნიერები სიგარეტის მოწევასა და მენტალურ დაავადებებს შორის არსებული კავშირის განსაზღვრაზე ფიქრობენ. ამჯერად, 350 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემების გამოყენებით, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს იმისა, რომ სიგარეტის მოწევას ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია.
აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა: ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიგარეტი მენტალურ დაავადებებს იწვევს; ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ თავად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან მოწევისკენ მიდრეკილნი.
გაერთიანებული სამეფოს მონაცემების გამოყენებით, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, მკვლევრებმა ადამიანების ჯანმრთელობა შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ ვინც სიგარეტის მოწევა გვიანი თინეიჯერობის ასაკში დაიწყო, მენტალური პრობლემების მიზეზით საავადმყოფოში 30 წლამდე ხშირად ხვდებოდა.
ერთი შეხედვით, ეს ჰიპოთეზის ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ მოწევა იწვევს ფსიქიკურ სირთულეებს და არა პირიქით. „ციფრები თავისთავად საუბრობენ. მოწევა ფსიქიკურ დაავადებებს იწვევს“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც დადგინდა, მწეველთა უმეტესობას გენეტიკური მარკერები ჰქონდა — ე. წ. „მოწევასთან დაკავშირებული გენები“, რომლებიც განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს მოწევისკენ მიდრეკილი და ვინ შეიძლება იყოს მგრძნობიარე მენტალური დაავადების მიმართ
„მონაცემთა კომპლექტში შემავალ ადამიანებს, რომლებსაც მოწევასთან დაკავშირებული გენები ჰქონდათ, მაგრამ არ ეწეოდნენ, ნაკლებად ჰქონდათ ფსიქიკური აშლილობის განვითარების ალბათობა. კვლევით ვადასტურებთ, რომ მოწევის დაწყება მენტალური პრობლემების განვითარების რისკს ზრდის“. ამჟამად მკვლევრების ძირითად ორიენტირს ბიოლოგიური მექანიზმის პოვნა წარმოადგენს, რომელიც მოწევისას ფსიქიკურ სირთულეებს იწვევს — მაგალითად, ერთი თეორიის მიხედვით, ნიკოტინი სეროტონინის გამომუშავებას აფერხებს; ასევე, მეორე თეორიის თანახმად, მოწევა თავის ტვინში ანთებას იწვევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მენტალურ პრობლემებს აჩენს.