მოწევა რომ მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამას დღეს არც თქმა სჭირდება, თუმცა ადრე მეტად საინტერესო მოსაზრებები ჟღერდებოდა — ზოგი ფიქრობდა მოწევა სასარგებლოაო, ზოგს პირიდან კვამლის გამოშვება სატანისტური ეგონა, ზოგან აკრძალეს, ზოგან კი მოდად იქცა… ამგვარად, თამბაქოს მეტად კომპლექსური ისტორია აქვს, საინტერესო ფაქტებითა და ადამიანებით. შესაბამისად, ისტორიაში სულ პირველ სიგარეტის ბრენდზე პასუხის პოვნა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა და ამისთვის მოგვიწია, თამბაქოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის გადაგვეხედა.
მნიშვნელოვანი ფაქტები თამბაქოს ისტორიიდან
სიგარეტის მოწევა სულ პირველად მაიას ტომში დაიწყეს, რასაც შემდგომში აცტეკები მოჰყვნენ, შემდგომ მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა… ისინი თამბაქოს გამშრალ ფურცლებს სიმინდის ფოთოლში ახვევდნენ ან ამ მიზნით სხვა ბოსტნეულსაც მიმართავდნენ. თუმცა მაშინ მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს ეწეოდნენ… 1492 წელს კი ევროპაში თამბაქოს ფოთლები და თესლი კოლუმბისთვის უჩუქებიათ და როცა მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა როდრიგო დე ხერესმა მოწევა გადაწყვიტა, ინკვიზიცია მიუსაჯეს — მართალია, დღეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მაშინ სწამდათ, რომ იგი ეშმაკმა შეიპყრო…
ხოლო მე-16 საუკუნის დასაწყისში სევილიაში ადამიანებმა, რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ, სიგარეტის გადაგდებული ნამწვების აკრეფა დაიწყეს. შემდგომ აქუცმაცებდნენ და მოსაწევად ვარგისი რომ გამხდარიყო, ქაღალდის ფურცლებშიც ახვევდნენ — დიახ, სიმინდის ფურცლის არ იყოს, ესეც თავისუფლად შეგვიძლია თანამედროვე სიგარეტის კონცეფციად ჩავთვალოთ. საინტერესოა, რომ ამ ღარიბი ადამიანების მოსაწევს ესპანურად cigarrillos-ს ეძახდნენ, რაც პატარა სიგარებს ნიშნავდა. უკვე მე-18 საუკუნის ბოლოსკენ კი მათ პატივისცემაც მოიპოვეს და ქაღალდში გახვეული „სიგარილოები“ იტალიას, პორტუგალიას და შემდგომში მრავალ სხვა ქვეყანას გააცნეს. სიგარეტად კი მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა 1830-იან წლებში საფრანგეთამდე მიაღწია…
თავდაპირველად ყველა სიგარეტი ხელით მზადდებოდა მწეველის ან ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ქარხნებში, ხოლო სპეციალური დანადგარი ამისთვის ბაზარზე მხოლოდ 1880 წელს გამოჩნდა, როცა ჯეიმს ბონსაკმა ამერიკისგან შესაბამისი დანადგარის წარმოების ნებართვა მიიღო.
მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო, ეს მოსაზრებაც სიგარეტის გამოჩენიდან მალევე გაჩნდა საზოგადოებაში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი სიგარეტს უკვე coffin nails-ს უწოდებდნენ, რათა ფილტვის კიბოსთან კავშირი აღეწერათ. თუმცა ეს ფაქტი მეცნიერებმა მეოცე საუკუნემდე ვერ დაადასტურეს…
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით თამბაქოს ისტორიიდან და შემდგომ უშუალოდ ისტორიაში სიგარეტის პირველი ბრენდისკენ გადავინაცვლოთ. ადრე ქალებისთვის მოწევა შეუფერებელი იყო, თუმცა პირველი ასეთი შემთხვევა 1840-იან წლებში მოხდა, როცა ფრანგი ფრედერიკ შოპენის საყვარელმა, პარიზში, საჯარო სივრცეში მოწია.
სიგარეტის პირველი ბრენდი ისტორიაში
ზემოთ აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სიგარეტის ბრენდის ამბავი და არცერთია იმათგან, რაც მოგიყევით, რადგან ბრენდს თანამედროვე გაგებით ვერცერთს ვუწოდებთ…
ამიტომ, ახლა 1821 წელს შექმნილ Muratti-ზე უნდა გიამბოთ — ერთ-ერთი უძველესი ბრენდია მსოფლიოში, რომლის ყიდვას დღესაც კი შეძლებთ. ამ სიგარეტის ისტორია სტამბულში დაიწყო ბერძენი ბიზნესმენის ბეიზილ მურათოღლუს მიერ, რომელსაც 1880-იან წლებში მოუწია, ბიზნესი დასავლეთ ევროპაში გადაეტანა, რადგან ოსმალეთის იმპერია თამბაქოს ინდუსტრიის მონოპოლისტად მოევლინა. ჯერ გერმანიაში დაიდო ბინა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთისკენ მოუწია გეზის აღება… რაღაც პერიოდის მანძილზე Philip Morris International აწარმოებდა, 1960-იანი წლიდან კი British American Tobacco-ს საკუთრება გახდა.
რაც შეეხება ბრენდინგს, თავდაპირველი ამბები, სახელის წარმოშობა და სხვა დეტალები ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ არსებული წყაროების მიხედვით, Muratti Ambassador Cigarettes-ის ავტორი არც მეტი, არც ნაკლები ენდი უორჰოლი გახლდათ, რომელიც კარიერის ადრეულ პერიოდში ჩვეულებრივ პროდუქტებს ხელოვნების ნიმუშად აქცევდა:
ბრენდის ისტორიაში საკმაოდ ბევრი სარეკლამო მასალაც გვხვდება პოსტერების, ბილბორდებისა და გაზეთების რეკლამების სახით, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე, ისე მის შემდეგ. ქვემოთ კი რამდენიმე მაგალითს გაჩვენებთ:
1935 წელს, ანუ იმ დროს, როცა სარეკლამო რეგულაციებიც არ არსებობდა, ანიმაციური რეკლამაც შესთავაზეს მომხმარებლებს:
ასე კი აშკარა ხდება, რომ Muratti-ის იმ პერიოდისთვის მარკეტინგის კარგი გუნდი ჰყავდა და, ალბათ, კარგ საწყისებს უნდა მივაწეროთ ისიც, რომ 1821 წელს შექმნილი ბრენდი დღეს კვლავ გვხვდება ბაზარზე…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი