სიღნაღი მე-18 საუკუნეში, ყიზილბაშებისა და ლეკებისგან თავდაცვის „თავშესაფრად“ თუ იწოდებოდა, დღეს, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხმრავლობის, უჰაერობის, ხმაურისა და გადაღლისგან თავდასაღწევი, ასევე, ადრენალინის მიღების კარგი ალტერნატივაა. თბილისიდან, დაახლოებით, 100 კილომეტრში, მხოლოდ ავტოსადგურზე ნახავთ სამარშრუტო ტაქსებსა თუ ტურისტულ ავტობუსებს. მოკირწყლულ ქუჩებზე კი, მხოლოდ ფეხითმოსიარულეებს, კვადროციკლსა თუ ბაგს და მსუბუქ ავტომობილებს, მცირე რაოდენობით, შეხვდებით. სხვადასხვა ისტორიულ წყაროში, სიღნაღი „თავშესაფრის“ გარდა, „აუღებლადაც“ მოიხსენიება, თუმცა დღეს, მასზე გალაშქრება ქალაქში შესვლისთანავე, ჰაერში გამოკიდებულსაც კი შეგიძლიათ, დაიწყოთ.
ადრენალინი #1
წელს, სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში, ექსტრემალური ატრაქციონი, 390 მ. სიგრძის ე.წ. ზიპლაინი გაიხსნა. ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორემდე დაშვება. 40 მეტრის სიმაღლიდან, ალაზნის ხედით ქვეშ, როგორც წესი, უსაფრთხოდ დაშვების შემთხვევაში კი, სვლა ფეხით უნდა განაგრძოთ. ქვაფენილიან აღმართებს აუყვეთ და აღმოაჩინოთ ქალაქი.
3-4 ათეული ნაბიჯი და ქალაქის ცენტრში ამოყოფთ თავს, სადაც ყურადღებას მიიპყრობს გასული ორი საუკუნის არქიტექტურაში განთავსებული ბანკი, აფთიაქი, ამჟამად, უკვე გაუქმებული კაზინო თუ ქალაქის მუნიციპალიტეტი. სავიზიტო ბარათი
თუმცა, პარიზის მსგავსად, „სიყვარულის ქალაქად“ წოდებული სიღნაღისთვის, ალბათ, ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ქორწინების სახლი მიიჩნევა, რომელიც ხელის მოწერისა და საქორწინო ცერემონიის გამართვის 24 საათიან შესაძლებლობას აძლევს მსურველებს – ისე, როგორც ლას ვეგასში და იმ შემთხვევაში, თუ თავადვე, ექსპრომტად, არ ისურვებთ ქორწინების რეგისტრაციას, სხვისი ბედნიერების გაზიარების შესაძლებლობა მაინც გექნებათ და უფრო მეტიც, მოულოდნელად, ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობაც შეიძლება დაგეკისროთ და მეჯვარედ ყოფნაზეც მოგიწიოთ თანხობა.აქვე, ქორწინების სახლის გაგრძელებაზე – Rolling Stones Bar – მოზრდილი სიღნაღელების ნაწილისთვის, ქალაქის კონტექსტიდან ამოვარდნილი ერთადერთი, მუსიკის ლეგენდების ბუდედ ქცეული პაბი აღმოვაჩინეთ, ხმის გამცემი კი, ვერავინ ვნახეთ, საღამომდე. თუმცა, ამაზე, მოგვიანებით.
გაცოცხლებული ისტორია #1
სიღნაღს, ასევე, მოიხსენიებენ „ქალაქ-მუზეუმად“, რადგან ის ყველაზე გამორჩეულია საქართველოს იმ ქალაქებს შორის, სადაც ცოცხლად არის დაცული უძველესი ძეგლები. ოცდასამი კოშკი და ექვსი ჭიშკარი ქმნის ქალაქის გალავანს, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით, 5 კილომეტრზე.
ძველი ცნობებით, ყველა კოშკს საკუთარი სახელი ჰქონია და მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთელი მოსახლეობა, სარჩო-საბადებლით, აქ აფარებდა თავს. დღეს, ციხე-კოშკები თუ წმ. გიორგის სახელობის ეკლესია – ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – პირდაპირი და უტყუარი გზაა, დროებით, წარსულში, მე-18 საუკუნის საქართველოში დასაბრუნებლად. მუზეუმის მუზეუმი – ნიკო ფიროსმანი და პიკასო
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველი თვითნასწავლი გენიოსი პრიმიტივისტი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის 16 ტილოა დაცული. ტურისტებთან კომუნიკაციის პროცესში კი, შესაძლოა, ისიც გამოგადგეთ, რომ 2009 წელს, აქ ესპანელი მხატვრის, პიკასოს ნამუშევრებიც იყო გამოფენილი..
სიღნაღის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ნიკო ფიროსმანის სურათების მიხედვით შექმნილი ქანდაკებებია, ძველი აგურითა და რიყის ქვით ნაშენი ფერადი, წითელკრამიტებიანი, 2 და 3-სართულიანი, ხის ორნამენტებიანი აივნებითა და მომრგვალებულ ფანჯრებიანი სახლების ფონზე. გაცოცხლებული ისტორია #2
ნიკო ფიროსმანი ერთადერთი ხელოვანი არაა, ვისზეც შეიძლება, სიღნაღი გაგახსენდეს. მუსიკოსი, ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის სახელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ატარებს – ვანო სარაჯიშვილი სიღნაღიდანაა. ერთ დროს, ქალაქში „ვანოობაც“ კი აღინიშნებოდა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონსერვატორიიდან ჩამოდიოდა კაპელა, ცხადდებოდა კონკურსი ვანოს რეპერტუარის შესრულებაზე და მოკლედ, დიდი სახალხო შეკრება იმართებოდა – ყველა ელოდა მაისის ბოლო კვირას. ვანო სარაჯიშვილის მუზეუმის გახსნასთან ერთად, იგეგმება ამ ტრადიციის აღდგენაც.სიღნაღის მოკირწყლული ქუჩები განაპირობებს კვადროციკლის – ამ ტრანსპორტის პოპულარობასაც ქალაქში. სკვერში, სოლომონ დოდაშვილის ქანდაკებისა თუ გმირთა მემორიალის ნახვის, სკამზე ჩამოჯდომისა და მინანქრის, სუვენირების, სათამაშოებისა და ა.შ. შეძენის გარდა, შესაძლებელია კვადროციკლის/ბაგის დაქირავება. ფასი დამოკიდებულია დროსა და თქვენს სურვილზე, რა მანძილის გავლა გსურთ. ამისთვის კი, სულ მცირე, 10 ლარის გადახდა მოგიწევთ.
სად გადავიღო ფოტო?!
კვადროციკლების უკან სასტუმრო „კაბადონია“, რომლის ცაში გამოკიდებული ტერასიდანაც აუცილებლად უნდა გადაიღოთ ფოტო. ჩრდილოეთით, ჰორიზონტზე მოჩანს კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით იშლება ალაზნის ველი. როგორც სასტუმროს მომსახურე პერსონალი გვიყვება, სპეციალურადაც კი დარჩენილან ღამის ცვლაში, რომ „კაბადონის“ ტერასიდან ენახათ განთიადი და დილის 6-მდე მოესწროთ მისი აღბეჭდვა.
„კაბადონს“ რაც შეეხება, ჩვენსავით შეიძლება გაგიმართლოთ და თუ ტურისტებთან ერთად იქნებით, შეიძლება სასტუმროს რესტორანშივე, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ მომღერლებს შეხვდეთ და ქართულ სუფრასთან ერთად, ხალხური მუსიკაც დააგემოვნებინოთ სტუმრებს.
ის, რაც ერთადერთია ქალაქში
ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა სიღნაღის ერთადერთი მუსიკალური ალტერნატივა არაა. როგორც შეგპირდით, Rolling Stones Bar-ზე, უფრო ვრცლად, ახლა გიამბობთ: ძმები – ლაშა და შალვა გოგინაშვილები თბილისიდან მშობლიურ სიღნაღში გადმოვიდნენ და 2017 წლის მიწურულს, საკუთარი ფინანსებით, მუსიკალური გამოცდილებითა და გემოვნებით ბარი გახსნეს. ლაშა 22 წლისაა, უკრავს გიტარაზე და მღერის. ყოველ საღამოს კი, შუა სიღნაღში, როკ ენ როლს, ბლუზს, ჯაზს… შთაბერავს ხოლმე სულს, ხანდახან, მოწვეული მუსიკოსი მეგობრების დახმარებითაც.
თუმცა, Rolling Stones Bar-ში ასეთებიც ხდება:
სად დავიძინო?!
სიღნაღში დარჩენა საოჯახო თუ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, რომელიც მრავლადაა ისედაც, შესაძლებელია, ბევრად იაფად, მილიონ ვარსკვლავიან სასტუმროშიც – საბანაკე ადგილას, კარავში, რომელიც გალავანთან მდებარეობს და უზრუნველყოფილია სასმელი წყლითა და სველი წერტილებით.
ადრენალინი #2
ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის სიღნაღს დამატებითი შემოთავაზება აქვს – პარაპლანით ფრენა. პარაპლანი თავისუფლად მფრენი აპარატია, რომლის აფრენა, ჰაერში მართვა და მიწაზე დასმა ადამიანის მიერ ხდება. ერთი ადამიანის ფასი, ვიდეოს გადაღებით, 60 ლარია, ვიდეოს გარეშე კი – 50 ლარი.
ის, რაც აქამდე არ იყო ქალაქში
როგორც ვახსენეთ, 5 ვარსკვლავიანი, აუზიანი სასტუმროები სიღნაღში არის, თუმცა, თუ უფრო იაფად გინდათ ამ სიამოვნების მიღებაც, 10:00-დან 22:00-მდე შეგიძლიათ ღია აუზით სარგებლობაც, რომლის ფასი უფროსებისთვის 10, ხოლო ბავშვებისთვის – 5 ლარით არის განსაზღვრული.ეთნოგრაფიული პარკი
ამჟამად, ქ. სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზისა და პარკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს და როგორც გვითხრეს, აგვისტოს ბოლოსკენ უნდა ველოდოთ განახლებულ, ტერასის ტიპის პარკის სასეირნო ბილიკს. ის, რაც ყოველთვის იყო ქალაქში
ქალაქი სიღნაღი ყოველთვის პოპულარული იყო ტრადიციული ხალხური ხელობებით: ტყავის წარმოება, ხეზე ჭრა, მჭედლობა, ხალიჩების ქსოვა და კერამიკული ნაკეთობების დამზადება. ხალიჩების, ნოხებისა და გობელენების დამზადება ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ აქტიურად მისდევენ აქ. ღვინო, ჩურჩხელები – მათ შორის, დიეტურიც. დიეტური იმიტომ, რომ თათარაა ნაკლებად ნადუღი.
ცოდნის კაფე
სიღნაღიდან 10 წუთის მოშორებით, წნორში, „ცოდნის კაფეა“: მულტიმედია ბიბლიოთეკით, ქართული სამზარეულოს ესპერიმენტებით, ადგილობრივი ღონისძიებებით, სხვადასხვა ასაკის ხალხისთვის. როგორც გვითხრეს, აქ, ყოველ კვირას, რაღაც ხდება.20 აგვისტოს, სიღნაღში ახალგაზრდული დღეებია დაგეგმილი, ოქტომბერში კი, როგორც წესი, ღვინის ფესტივალი იმართება ხოლმე – ეს ის დროა, როცა სიღნაღი კომფორტის ზონიდან გამოდის და ხდება ხმაურიანი.
სიღნაღი, პირველ რიგში, ციხე-ქალაქია, რომელიც ერთ დღეში საკუთარ თავს არ/ვერ გაგაცნობს. თითქოს ყველა მნიშვნელოვან ძეგლს, ადგილს ნახავ, თუმცა, გრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოაკლდი, რაღაც გამოგრჩა. სწორედ ამიტომ, მართლაც ასეა – გასული სამი საუკუნის იდუმალი ისტორიებით – სიღნაღი, დღემდე, უბატონო, აუღებელ ციხე-ქალაქად რჩება.