9
აგვ
2018

სიღნაღი – განტვირთვის შანსი აგვისტოში სამსახურშიშემორჩენილთა და შვებულებაშიჯერვერგასულთათვის

9 აგვ 2018

თუ ყველა გაგებით ცხელი სამუშაო კვირის შემდეგ, ჩემსავით, ბუნებაში გადაწყვეტთ თავის შეფარებას და რაც მთავარია, საამისო დროსაც გამონახავთ, სიღნაღი, ნამდვილად, კარგი ვარიანტია: თბილისიდან, დაახლოებით, 100 კილომეტრში, მაქსიმუმ, 2 საათის სავალზეა. არც გზაა დამღლელი და ალაზნის ველის, კავკასიონისა და მიმდებარე დაბა – ქალაქების ხედები, პირდაპირ, მისწრებაა აგვისტოს პაპანაქებაში სამსახურშიშემორჩენილთა და შვებულებაშიჯერვერგასულთათვის.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

ქალაქის ხედი სასტუმრო „კაბადონიდან“

სიღნაღში მოხვედრა რთული არ არის. თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე სადგურიდან, 6 ლარად, „ტრამპა – ცუმპა“ მუსიკის გარეშე, იუმორისტული გადაძახილებისა და ატეხილ ხარხარზე ტურისტების შეკითხვის – „What did she say?“ – ფონზე მშვიდად ჩახვალთ დანიშნულების ადგილზე. მშვიდად იმიტომ, რომ ჩემი დაკვირვებით, კახეთის „მარშუტკის“ მძღოლები „ლიხაჩები“ არ არიან – ზოლიდან ზოლში არ დაჰქრიან და 10 წუთის გამო, 3 მანქანას ერთად არ უსწრებენ, თანაც – უწყვეტ ხაზზე. არ ვიცი, 100%-ით უტყუარია თუ არა, ჩემი დაკვირვება, მაგრამ ახლაც და კახეთში წინა რამდენიმე წასვლაზეც ერთნაირად კარგად ვიმგზავრე.

ასე ჩავედი, როგორც „ვიკიპედიაშია“ განმარტებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, რეალურად კი პატარა, მშვიდ, მწვანე, ტურისტულ და ბოლოს და ბოლოს „სიყვარულის ქალაქ“ სიღნაღში.

სასტუმრო „კაბადონში“ გავჩერდი. ესეც ნანატრი სიწყნარე, სიმშვიდე და სილამაზე. ამ ადგილზე, ადრე, სიღნაღი – წნორის დამაკავშირებელი საბაგირო ყოფილა. ბევრი წლის წინ, დიდი ზარ-ზეიმით გაუხსნია შევარდნაძეს, მაგრამ, ადგილობრივებმა, სულ რამდენიმე წელი იმუშავა, მერე მუზეუმისთვის დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, საბოლოოდ, მუზეუმი იქვე, ახლოს მდებარე შენობაში გაკეთდაო.

წიგნების კუთხე „კაბადონში“. განთავსებულია ქართული თემატური თუ მხატვრული ლიტერატურა, ორიგინალები და თარგმანები: „ფიროსმანი“, „მასპინძელია საქართველო“, ო. ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და ა.შ.

კაბადონი“ 2013 წელს გახსნილა. მგონია, რომ ეს სასტუმრო, თავის დროზე, უფრო ტურისტებისთვის ჩაიფიქრეს. „რესეფშენშივე“ იგრძნობა. თუმცა, უცხოელი სტუმრების გარდა, არც ქართველ დამსვენებლების, წყვილების, ოჯახების რაოდენობას უჩივის. ტერასა, რესტორანი, ლაუნჯი, სპა ცენტრი – ჯერ არაფერი არ მაინტერესებს. ნომერშიც არ შევსულვარ.

ერთადერთი, რაც მინდა, ყავაა. ეს წმინდათაწმინდა თემაა და მით უმეტეს, როცა ნამგზავრი ვარ. მეუბნებიან, რომ აქვთ ორი ტიპის ყავა: „ბლენდი“, ანუ ესპრესოს ტიპის და ფილტრის ყავა.

„Blend Coffee-იდან გვაქვს ცხელი – espresso, latte , macchiato, ცივი – espresso freddo, cappuccino. ჩვენ რომ აპარატს ვხმარობთ,  ერთადერთია საქართველოში და ამის მსგავსით ტარდება მსოფლიო კონკურსი ბარისტებს შორის. ფილტრის ყავებიდან გვაქვს V60, „ქემექსი“ („Chemex“) და „აეროპრესი“. ყავის მარცვლები ბრაზილიაში იკრიფება, ლონდონში, „კატალისტში“ (ყავის მოსახალი სახლი) იხალება და ისე ჩამოდის საქართველოში “.

V60- ვირჩევ. თურმე, ეს ადგილზე, შენ თვალწინ მზადდება.

აშკარად განსხვავებული გემო აქვს. ძალიან მწარეც არ არის, მაგრამ არც „ლაითია“. მეუბნებიან, რომ ამის მიზეზი სპეციალური, „მედიუმ მოხალვაა“. თანაც, თურმე, სადაც ეს მარცვლები მოჰყავთ, გარშემო ციტრუსის პლანტაციებია და, რაღაცნაირად, იგრძნობა ციტრუსის ბუნებრივი არომატი.

აი, ამის შემდეგ შევდივარ ნომერში, მაინტერესებს სპა ცენტრი, რომელიც, სხვათაშორის, ღიაა. ანუ, ამ სასტუმროში რომც არ ისვენებდეთ, სურვილის შემთხვევაშის, დღიური აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ. ღიაა „კაბადონის“ რესტორანიც ღვინის დიდი არჩევანითა და  ქართული – ევროპული კერძებით, რომლებიც, როგორც მითხრეს, მხოლოდ ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტით მზადდება. სასტუმროში ლაუნჯი და ტერასაცაა,  სადაც, თურმე, ხშირად, კერძო და კიდევ უფრო ხშირად, საქორწილო წვეულებები იმართება, სიღნაღი ხომ „სიყვარული ქალაქია“.

ნამდვილად კარგი დასვენება გამომდის. სასტუმროშივე მშვენივრად განვიტვირთები, გარეთ სულ რომ არ გავიდე. მაგრამ საღამოს ფეხით გავლას რა ჯობია?! ალბათ, ერთი დღე დაგჭირდება მთელი ქალაქის მოსავლელად.

სასტუმროში საღამოს ვბრუნდები. თამარი გავიცანი, „კაბადონის“ გენერალური მენეჯერია. თბილისიდან გადმოვედი და აქ ვცხოვრობო. რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით, „სტაფში“, ძირითადად, აქაურები გვყავს. გვინდა რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მარტო კი არ დავასაქმოთ, სხვადასხვა პროფესიებიც შევასწავლოთ, რომ რაც შეიძლება მეტად განვითარდნენო.

„ჩვენი სასტუმრო Preferred Hotels & Resorts-ის წევრია. მათი სტანდარტებით, მონიჭებული გვაქვს 4 ვარსკვლავი. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ბუტიკ სასტუმროები და კურორტები მსოფლიოს მასშტაბით და აქვთ საერთო საკომუნიკაციო კამპანია მარკეტინგის მიმართულებით. მუდმივად მოწმდება მომსახურება და გვაქვს უამრავი „გაიდლაინი“, რომლითაც უკვე დადგენილ სტანდარტებს ვინარჩუნებთ. წელს, „კაბადონი“ ოფიციალურად წარდგენილია 2018 წლის World Luxury hotel awards-ის დაჯილდოებაზე. 1-ელიდან 31 აგვისტომდე  ხმის მიცემა შესაძლებელია ნომინაციებში: Luxury Banquet/Event Hotel; Luxury Romantic“.

გვიანია. არ მინდა დავიძინო და ძ​ილში დავკარგო დრო, მით უმეტეს, როცა ღამის ქალაქიც ასეთი ლამაზია.

თბილისში დილით ვბრუნდები. პირდაპირ სამსახურში.

არა, თუ გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, ბუნებაში თავის შეფარებას გადაწყვეტთ, სიღნაღი, აშკარად ძალიან კარგი ვარიანტია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა