თუ აქამდე Signal-ზე ვინმესთან გასაუბრება მხოლოდ ტელეფონის ნომრის გაზიარებით შეიძლებოდა, ახლა მას მომხმარებლის სახელები ემატება. გამოდის, უკვე შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური მომხმარებლის სახელი და იგი ნომრის ნაცვლად გამოიყენოთ. თუმცა რამდენიმე კვირა უნდა დაელოდოთ, რადგან ჯერ ბეტა რეჟიმშია და საჯაროდ ხელმისაწვდომი სულ მალე გახდება. ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც გეტყვით — მიუხედავად სახელების შემოღებისა, აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის ტელეფონის ნომერი მაინც კვლავ დაგჭირდებათ.
თუმცა Signal ისევ გამოირჩევა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ძლიერი ფუნქციებით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ ტელეფონის ნომერი კი არ შეინარჩუნოს კონფიდენციალურად, არამედ ჰაკერსაც უბლოკავს წვდომას მის შეტყობინებებზე. ამ მხრივ ახალი ფუნქციაც ემატება — თუ აქამდე ყველას, ვისაც თქვენი ნომერი ჰქონდა, შეეძლო დაემატებინეთ, ახლა შეგიძლიათ ეს ჩამონათვალი შეზღუდოთ. ამისთვის პარამეტრებში შედით და Who can find me by my number-ზე გადადით, შემდგომ კი Nobody მიუთითეთ. ხოლო თუ Everybody-ის აირჩევთ, ყველაფერი ძველებურად იქნება.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელების შემოღება აქ ისეთი არ იქნება, როგორც ჩვენთვის ნაცნობ სოციალურ მედია პლატფორმებზე. ეს არ იქნება სახელი, რომლითაც აპლიკაციაში ყველა გიცნობთ, უბრალოდ სხვასთან მარტივად დაკავშირების საშუალებას მოგცემთ. ამგვარად, თქვენი პროფილის სურათი მაინც ისეთი იქნება, როგორიც თავიდანვე დააყენეთ და იგი არ აჩვენებს თქვენს სახელს. ვერც სხვა ადამიანები დაინახავენ ან იპოვიან მას მანამ, სანამ არ გაუზიარებთ. ანალოგიურად, თქვენთვის სასურველ ადამიანს შეგიძლიათ QR კოდი ან ლინკი გაუზიაროთ.
ხოლო როგორც კი ამ სახელს შექმნით, თქვენი ნომერი აპლიკაციის უახლეს ვერსიაში აღარავისთან გამოჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ აქვთ კონტაქტებში შენახული. თუ მოგინდებათ, რომ მათ თქვენი ნომერი აჩვენოთ, ამის გააქტიურებას კვლავ პარამეტრებიდან მოახერხებთ…