Signify-ს ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი კომპანია და სტარტაპი იცნობს. 2021 წლიდან მოყოლებული, ამ პლატფორმამ ქაღალდის დოკუმენტებიდან ნელ-ნელა გადაგვიყვანა ციფრულ ხელმოწერებსა და დოკუმენტების მენეჯმენტზე. თუმცა მისი, როგორც ბიზნესის მიზანი, თავიდანვე მასშტაბების გაფართოება და საერთაშორისო არეალზე გასვლა იყო. შესაძლოა, ბევრისთვის ერთი ქართული სტარტაპის ეს ამბიცია თავიდან დაუჯერებელიც ჩანდა, თუმცა რეალობა ისაა, რომ დღეს Signify-ს 45-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ და უკვე 200-ზე მეტი უცხოელი მომხმარებელი ჰყავს, რაც გუნდისთვის ახალ გამოწვევად და დაკვირვების საგნად იქცა.
გლობალურ ბაზარზე „ფურცლებთან ბრძოლა” არ უწევთ, მაგრამ ახალ მომხმარებელს მოთხოვნებიც თავისებური აქვს და თუ როგორ ართმევს თავს ამ ყველაფერს Signify, ამაზე ნინუნა უნგიაძესა და ელენე თანდაშვილს, მარკეტინგის უფროსსა და მომხმარებლის მოზიდვის სპეციალისტს გავესაუბრეთ.
M: Signify უკვე 45-ზე მეტი ქვეყნიდან აერთიანებს მომხმარებლებს. როგორ დაიწყო პლატფორმის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესი და რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი სტრატეგიული მიზეზი?
ნინუნა უნგიაძე:
Signify თავიდანვე იმ იდეით შეიქმნა, რომ საქართველო მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა და პროდუქტის პოტენციალი გლობალურ ბაზარზეც უნდა გამოგვეცადა. ქართულ ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს – აქ ჩვენი მთავარი კონკურენტი სხვა ტექნოლოგიური პლატფორმები კი არა, ისევ პრინტერი, ქაღალდი და დოკუმენტებთან მუშაობის ტრადიციული, მოძველებული მეთოდებია.
საერთაშორისო ბაზარი კი სრულიად განსხვავებულია. იქ უკვე არსებობენ როგორც დიდი გლობალური მოთამაშეები, ასევე მცირე, მაგრამ საკუთარ რეგიონებში კარგად დამკვიდრებული ლოკალური კომპანიები.
ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი სწორედ ამ ბაზრებზე საკუთარი თავის გამოცდა იყო – რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებოდა პლატფორმა გარემოში, სადაც ძლიერი SaaS მოთამაშეები ოპერირებენ. საერთაშორისო გაფართოებას უფრო პროდუქტის, ფასის, მესიჯებისა და სამიზნე აუდიტორიების ვალიდაციის ეტაპად ვუყურებდით.
M: როდესაც ქართულ ბაზარს გასცდით, რა იყო პირველი, რაც გლობალურ მომხმარებელთან მუშაობისას დაგხვდათ განსხვავებული: მოთხოვნები, კონკურენცია თუ პროდუქტის მიმართ მოლოდინი?
ელენე თანდაშვილი:
მთავარი განსხვავება ისაა, რომ გლობალურ ბაზარზე „ფურცლომანიასთან“ ბრძოლა აღარ გიწევს. საქართველოში ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იმაზე მიდის, რომ ბიზნესს დოკუმენტების გაციფრულების უპირატესობები დავანახოთ და შევცვალოთ ჩვევა, რომელსაც „შეჩვეულ ჭირს“, პრინტერსა და ქაღალდს ვუწოდებთ.
საერთაშორისო ბაზარზე კი ეს ეტაპი უკვე გავლილია. მომხმარებლისთვის ელექტრონული ხელმოწერა სტანდარტია და არა სიახლე, რადგან წლებია გლობალურ SaaS გიგანტებს იყენებენ და მოლოდინიც შესაბამისად მაღალია.
ამ გამოცდილებამ კიდევ ერთი გამოწვევა დაგვანახა – ლოკალიზაცია. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ინგლისური ენა საკმარისი არ არის. მომხმარებლები პლატფორმას მშობლიურ ენაზე ითხოვენ, ესპანურიდან და იტალიურიდან დაწყებული, ვიეტნამურით დამთავრებული. ამან დაგვანახა, რომ პროდუქტის გამოყენების მზაობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად ახლობელი და ადაპტირებულია ის მომხმარებლის ენობრივ გარემოსთან.
M: Signify თავდაპირველად პოზიციონირდებოდა, როგორც ელექტრონული ხელმოწერის გადაწყვეტა, თუმცა დღეს უკვე დოკუმენტმენეჯმენტის სრულ პლატფორმად ყალიბდება. როგორ განვითარდა პროდუქტი ამ ოთხი წლის განმავლობაში?
ნინუნა:
Signify პანდემიის პერიოდში დაარსდა, როცა ბიზნესებისთვის დისტანციურად ხელმოწერის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა დოკუმენტებთან მუშაობა მხოლოდ ხელმოწერით არ შემოიფარგლება, ამიტომ ჩვენი ფუნქციონალიც დროთა განმავლობაში გაფართოვდა.
დღეს ელექტრონული ხელმოწერა Signify-სთვის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქციაა. პლატფორმა უკვე სრულად ფარავს დოკუმენტების მენეჯმენტს – დოკუმენტების შექმნასა და გაგზავნას, ავტომატიზაციებსა და ავთენტიფიკაციის ხელსაწყოებს, ჭკვიან არქივს და AI data extraction-საც. ეს ბოლო ფუნქციონალი აპრილში გამოვა.
M: Signify მოხვდა G2 Best Software – Top 25 Rookies of the Year სიაში და მე-15 ადგილი დაიკავა. რას ნიშნავს ეს აღიარება კომპანიისთვის და როგორ აისახება ის გლობალურ პოზიციონირებაზე?
ელენე:
G2-ის ეს აღიარება პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში ნამდვილ „ოსკარს“ ჰგავს. პატარა ქვეყნიდან გლობალურ ასპარეზზე ასეთი განაცხადის გაკეთება ჩვენთვის, პირველ რიგში, დიდი ემოციური მუხტია.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში ნდობის მოპოვება ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. რთულია დაარწმუნო ადამიანი სხვა ქვეყნიდან, რომ თავისი დოკუმენტები განდოს და Signify მისი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი გახდეს.
G2-ის სიაში მოხვედრა და შესაბამისი ბეიჯები ჩვენთვის ერთგვარი „გამცილებელია“. როდესაც მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ჩვენს რეიტინგს ხედავს, ეს მისთვის ხარისხის ძლიერი დადასტურებაა. ეს აღიარება გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ბაზარზე, ძლიერი SaaS მოთამაშეების გვერდით, უფრო თამამად დავიკავოთ ადგილი.

M: დღეს, როცა პლატფორმას უკვე ათეულობით ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებლები, როგორ ხედავთ Signify-ს შემდეგ ეტაპს გლობალურ ბაზარზე?
ნინუნა:
შემდეგ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი კონკრეტულ ბაზრებზე უფრო მიზანმიმართული მუშაობაა. განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, სადაც გლობალურ კონკურენტებს ჯერ კიდევ არ აქვთ ძლიერი პოზიციები, ხოლო ადგილობრივ მოთამაშეებთან შედარებით, ჩვენ პროდუქტული უპირატესობა გვაქვს.
ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არამედ ადგილობრივი ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობა, პარტნიორების მოძიება და პროდუქტის ადაპტაცია კონკრეტული ბაზრების საჭიროებებზე.
სწორედ ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ პლატფორმის ლოკალიზაციაზე, ადგილობრივი ხელმოწერის ხელსაწყოების ინტეგრაციებზე და იმ ფუნქციონალის დამატებაზე, რომელიც ამ ქვეყნების ბიზნესპროცესებს უკეთ მოერგება.
[R]











