in

ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე – შეხვდით AI-ის Signify-ზე

ყოველდღიურად ბიზნესში ათასობით ხელშეკრულება ფორმდება. ეს დოკუმენტები, როგორც წესი, ბიზნეს კრიტიკულ ინფორმაციას შეიცავს, რაც ხშირად არქივში, pdf ფაილებში იკარგება. ამ პრობლემის გადასაჭრელად ქართულმა სტარტაპმა Signify-მ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტი დანერგა. AI დოკუმენტებიდან წამებში ამოკრეფს კომპანიისთვის მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიცაა, მაგალითად, ვადები, კონტრაქტის ღირებულება, და მათ სტრუქტურიზებულ, მართვად მონაცემებად აქცევს.

იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის და როგორ მუშაობს ეს განახლება პრაქტიკაში, Signify-ის Product Owner-ს, თამარ გორგოძეს ვესაუბრეთ.

M: Signify-ის თავდაპირველი მიზანი დოკუმენტების გაციფრება იყო. როგორ განვითარდა სტარტაპი დღემდე და რამ მოგცათ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ბიძგი?

Signify კონტრაქტების გაფორმების პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა. თუ ადრე ხელშეკრულების გაფორმება: ბეჭდვა, მიმღებებთან გადაგზავნა, კალმით ხელმოწერა და სკანირება – რამდენიმედღიანი ერთგვარი „რიტუალი“ იყო, Signify-მ ამ ყველაფრის გაციფრულებით პროცესი წუთებზე დაიყვანა.

თუმცა, კონტრაქტების მენეჯმენტში ხელმოწერით პროცესი არ სრულდება. პირიქით, ეს ახალი ბიზნეს ურთიერთობის დასაწყისია, რომელსაც თან უამრავი პირობა და ვალდებულება მოჰყვება. ხშირად ეს კრიტიკული ინფორმაცია PDF ფაილებშია ჩაკარგული, მათი ხელით მოძიება კი დიდ რესურსს მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, პლატფორმაზე AI ფუნქციონალი დავამატეთ. ხელოვნური ინტელექტი დოკუმენტებში მიმოფანტულ საკვანძო მონაცემებს, მაგალითად, ვადებს, ღირებულებას, მხარეებსა და სხვა საჭირო დეტალებს ამოკრეფს და მათ სტრუქტურიზებულ ფილტრებად გარდაქმნის.

M: რეალურად, რა დანაკარგებს იწვევს ბიზნესისთვის ასე „PDF ფაილებში ჩაკარგული“ ინფორმაცია?

ბიზნესისთვის ეს დანაკარგი ხშირად შეუმჩნევლად მატერიალიზდება. მაგალითად,  წარმოიდგინეთ გაყიდვების გუნდი, რომელსაც 200 აქტიური კონტრაქტი აქვს და ვადების კონტროლისთვის თითოეულ ფაილს Google Drive-ზე ამოწმებს ან ექსელში ხელით აღრიცხავს. მეორე მხარეს კი წარმოიდგინეთ გუნდი, რომელიც კონტრაქტის გაგზავნისთანავე ხედავს AI-ის მიერ ამოკრებილ საკვანძო დეტალებს დეშბორდზე. რთული მისახვედრი არაა, რომელ გუნდს აქვს უფრო მეტი დრო ბიზნესის განვითარებაზე ფიქრისთვის.

ზოგჯერ ეს ყველაფერი პირდაპირ ფინანსურ ზარალთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, ხელშეკრულებაში შეიძლება იდოს პირობა, რომელიც სერვისის მიწოდების თუნდაც 1 დღით დაგვიანებაზე ჯარიმას ითვალისწინებს. თუკი PDF-ის მე-10 პუნქტში მიმალული ეს პირობა არავის ახსოვს, დიდი ალბათობით, ეს „უხილავი“ მონაცემი ხელშესახებ ჯარიმად გარდაიქმნება.

M: Signify 2.0-ის AI უკვე მარტივად ამოიცნობს ვადებს, თანხებსა და მხარეებს. რამდენად რთული იყო ხელოვნური ინტელექტის ქართულენოვან იურიდიულ ტექსტებზე მორგება და რამდენად მაღალია მისი სიზუსტე?

სიმართლე გითხრათ, ქართული სამართლებრივი ენის რთულ ქვეწყობილ წინადადებებთან შეჭიდება ხელოვნურ ინტელექტს დიდად არ გასჭირვებია. პირველივე ვერსიაში უკვე მაღალი სიზუსტით აბრუნებდა პასუხებს.

ბუნებრივია, მომხმარებელს ყოველთვის უჩნდება სურვილი, ამ სიზუსტეში თავად დარწმუნდეს. სწორედ ამიტომ დავამატეთ „კონტექსტში ჩვენების“ ფუნქციონალი. მაგალითად, თუ გაინტერესებთ, საიდან მოიტანა AI-მ კონტრაქტის კონკრეტული ღირებულება, სისტემა ავტომატურად გადაგიყვანთ და გაგიფერადებთ დოკუმენტის ზუსტად იმ პარაგრაფს, საიდანაც ეს მონაცემი ამოიღო.

M: გლობალურ ბაზარზე ისეთ კომპანიებს უწევთ კონკურენციას, როგორებიცაა DocuSign და PandaDoc. კონკრეტულად რით გამოგარჩევთ ახალი, AI-First მიდგომა ასეთი საერთაშორისო გიგანტების ფონზე?

„საერთაშორისო გიგანტი“ საინტერესოდ შერჩეული ტერმინია, რადგან მასშტაბის პარალელურად ამ კომპანიების მთავარ სისუსტესაც აღწერს. Docusign ელექტრონული ხელმოწერის პიონერი იყო, რის გამოც ახლა ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული, მაგრამ ამავდროულად ისტორიული ინფრასტრუქტურის გამო ტლანქი, ნელა მოძრავი გიგანტია. ძველი მრავალსართულიანი შენობა, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილება გაცილებით უფრო ძვირი შეიძლება დაგიჯდეს, ვიდრე მისი ხელახლა აშენება.
Signify ამ მხრივ გაცილებით უფრო მოქნილია, ბაზარზე მოგვიანებით შესვლამ საჭიროებებზე სხარტად რეაგირების კონკურენტული უპირატესობა მოგვცა. შესაბამისად, გიგანტებისგან განსხვავებით, სადაც AI ფუნქციონალი უბრალო მიშენებაა, ჩვენს შემთხვევაში, სისტემის ცენტრალური ნაწილი ხდება.

M: როგორია პროდუქტის განვითარების გეგმა და კიდევ რა ახალ ფუნქციებს უნდა ელოდოს ბიზნესი უახლოეს მომავალში?

Signify-ის ბოლო განახლება და პლატფორმაზე AI-ის ინტეგრაცია მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი გეგმაა, მომხმარებელს ყველა ის სიკეთე შევთავაზოთ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა კონტრაქტების მართვის კუთხით შეიძლება მოიტანოს. თანაც, არა მხოლოდ მათთვის, ვინც დოკუმენტებს აგზავნის, არამედ ჩვეულებრივი ხელმომწერისთვის, რომელსაც Signify-ზე საერთოდ არ აქვს ანგარიში.

წარმოიდგინეთ, იღებთ ხელმოსაწერად რთულ იურიდიულ დოკუმენტს და ნაცვლად იმისა, რომ გაურკვეველ ტერმინებში „დაიკარგოთ“, იქვე ჩაშენებული AI ასისტენტი მარტივად გიხსნით, რაზე აწერთ ხელს და გიჯამებთ ყველა კრიტიკულ პუნქტს.

საბოლოოდ Signify-ს ვხედავთ, როგორც „გონიერ სივრცეს“, სადაც ხელმომწერი ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ გადაწყვეტილებაში, ხოლო ბიზნესისთვის კონტრაქტი იქცევა აქტიური, ცოცხალი მონაცემი, რომელიც კომპანიის წარმატებისთვის მუშაობს.

[R]

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

ანა ახალაიას ნამუშევრები საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარზე