ინტერპერსონალური კომუნიკაციის დროს ლიდერები ყოველთვის სიკეთის მხარეს უნდა დადგნენ… ერთი შეხედვით, ეს მარტივი ჩანს, მაგრამ, რეალურად, საკმაო დიდ გამბედაობას საჭიროებს — განსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში. ჩვენ ხომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც უამრავი ფაქტორი გვიშლის ხელს კავშირების გასამყარებლად. მაგალითად, ბოლოს როდის გახვედით მეგობრების სანახავად ისე, რომ პარალელურად ტელეფონისკენ არ გაგპაროდათ თვალი და ერთი ან რამდენიმე ამოცანა არ შეგესრულებინათ? ანდაც ავიღოთ სიჩქარე: მუდმივად გავრბივართ და ერთიდან მეორეზე ისე გადაგვაქვს ყურადღება, ვერც კი ვაცნობიერებთ.
მსგავსი გამოწვევები კიდევ უფრო კომპლექსურ სახეს იღებს, თუ ადამიანებს „სიკეთის კვალი არ ეტყობათ“. განსხვავებული მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა და მიდგომების ფონზე, საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა „აზრობრივ დანაწევრებაზე“ დაყრდნობის ტენდენცია. თავის მხრივ, ამას ნეგატიური შედეგები მოაქვს, რადგან ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ სხვები არა მხოლოდ მათ მიმართ, არამედ ზოგადად სიკეთისგან არიან დაცლილები.
„მთავრობაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში მუშაობის ოთხი ათწლეულის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უმაღლეს კორპორატიულ დონეზე კომუნიკაციებში ლიდერობის მთავარი მიზანი ხალხთან ისეთი კავშირის დამყარებაა, რომელიც მათ დანახვისა და მოსმენის რეალურ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ეს ყველა იმ ტენდენციისა და იმპულსის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს, რომელიც განგვასხვავებს. ამის ნაცვლად, „გულმოწყალე კომუნიკაციაა“ საჭირო“, — ამბობს სალი სუსმანი არის Pfizer-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. ასეთი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიურ ურთიერთობებში, ისე დიდ და კომპლექსურ საუბრებში. სწორედ ასე შეძლებთ უფრო ძლიერი და პატივსაცემი ლიდერის წოდების მოპოვებას, რაც კრეატიულობით თუ გამძლეობით იქნება გაჯერებული.
სტატიაში იმ სამ გზას შემოგთავაზებთ, რომლებიც „გულმოწყალე კომუნიკაციის“ დამყარებაში დაგეხმარებათ.
დაანგრიეთ თავდაცვა სიკეთით
სალი სუსმანის რჩევას თუ დავეყრდნობით, ნებისმიერ შეხვედრაზე საუბარი მადლობის გადახდით უნდა დავიწყოთ. „მადლობის გადახდა და სიკეთის გამოვლენა ერთგვარი განიარაღების ტექნიკაა: ამსუბუქებს განწყობას და დამსწრეებიც მეტ მზაობას ავლენენ მოსასმენად. ამავდროულად, ამას გამბედაობა სჭირდება, რაც თქვენს სიმწიფეს უსვამს ხაზს. მთლიანობაში, პრობლემების უფრო კრეატიული, პროდუქტიული გადაჭრის საშუალებას იძლევა“.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზისთვის ადგილი არ რჩევა. თუ რაღაც არასწორად გააკეთეს თქვენთან მიმართებით, ბრაზი შესაბამისი პასუხია, მაგრამ არა ყველაზე ეფექტური გზა რაციონალური აზროვნების გასააქტიურებლად. გახსოვდეთ, ბრაზი ახშობს ადამიანების გონებას და მიმღებლობის უნარს, სიკეთე — პირიქით.
როგორც ლიდერს, სხვები ყოველთვის გაკვირდებიან და აანალიზებენ თქვენი კომუნიკაციის უნარებს — თუ ისეთი პიროვნების იმიჯს შეიქმნით, რომელიც ყველაფერზე მარტივად ბრაზდება, აუცილებლად დაგიმალავენ ნეგატიურ ამბებს. „გაბრაზებული“ ან არასტაბილური ორგანიზაციული კულტურა თანამშრომლებს მნიშვნელოვან რისკებსა და პრობლემებზე არ აალაპარაკებს, რაც კომპანიას კრიზისებისადმი მარტივად მოწყვლადს გახდის.
წაახალისეთ მაშინ, როცა ეს საჭირო არაა
ადამიანებს მოსწონთ დანახვა და დაფასება. მათი აღიარება, ვინც ამას იმსახურებს, იწვევს ენთუზიაზმს, შრომისმოყვარეობას, ნდობას და ერთგულებას. სუსმანის თქმით, მათ თითოეული მადლობის ბარათი ახსოვს, რომლებსაც წლების განმავლობაში იღებდა უფროსებისგან. ამით გამხნევებული კი თავის გუნდსაც უზიარებდა მადლიერების მომენტებს.
„მადლიერების პრაქტიკა მეტად ასტიმულირებს კრეატიულობას. თუ ადამიანი მსგავს კომუნიკაციას ამყარებს ჩემთან, გონება ავტომატურად იწყებს მასთან პოტენციური გადაკვეთის გზებზე ფიქრს — მიჩნდება სურვილი, ჩვენი ურთიერთობა შევანელო, რათა ამ მონაკვეთში შემოქმედებითი იდეები გამიჩნდეს“, — ამბობს სუსმანი.
აღიარება ისეთივე ძლიერია თქვენი თანატოლებისთვის, როგორც მათთვის, ვისაც ხელმძღვანელობთ. „ყოველთვის ხაზს ვუსვამ სხვების მიღწევებს თუ შესაძლებლობებს, რადგან გულწრფელად ვამაყობ მათით და მინდა, ყველამ გაიგოს, რამდენად ყოჩაღები არიან. ასევე, სხვისი წარმატების აღიარება საკუთარ სიმწიფესა და თავდაჯერებულობასაც გამოკვეთს“.
დაფიქრდით, რამდენი ღამე გაათენა თანამშრომელმა იმისთვის, რომ სრულყოფილი შედეგები მიეღო — ალბათ, ამის ფონზე, ყველაზე მეტად ელიან სხვებისგან დაფასებას. აღიარების მოთხოვნის სურვილი შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს, თუ კოლეგამ ახლახან მიიღო რაღაც „ჯილდო“.
„პანდემიის დროს მე და ჩემმა უფროსმა, სხვა მსხვილ ფარმაცევტულ ფირმებთან ერთად, შევქმენით იდეა, რომ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს დავიცავდით. 2022 წლის კონფერენციაზე კი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მთელ კრედიტებს საკუთარ თავზე იწერდა… თმა ყალყზე დამიდგა, ხელები ამიკანკალდა და ვფიქრობდი, მისთვის საუბარი უნდა შემეწყვეტინებინა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. მივხვდი, რომ თუ საკუთარი ღვაწლის ხაზგასმას მოვითხოვდი, მიზანმიმართულად სხვას შევარცხვენდი საჯაროდ. ამიტომაც ვამჯობინე ჩუმად ყოფნა“.
რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როდესაც ხელი უნდა აწიოთ და ყველაფერი ხმამაღლა თქვათ, მაგრამ ზოგჯერ სხვებისთვის მეტი დაფასების მიცემა უფრო რაციონალურია.
უზრუნველყავით სივრცე და სიცხადე
არ აქვს მნიშვნელობა, რაზე აპირებთ თანამშრომელთან საუბარს — ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარ ჰკითხეთ, არის თუ არა მოცემულ მომენტში შესაბამისი დრო და რამდენად მოახერხებს ლაპარაკს. ასე მიეცემა შესაძლებლობა, ნებისმიერი სიურპრიზისთვის ან მძიმე სიახლისთვის სათანადოდ მოემზადოთ.
საუბრისთვის გარკვეული ემოციური კონტექსტის მიცემა კარგი ჟესტია, რადგან სხვადასხვაგვარი აღქმებისა და ორაზროვნებისგან მარტივად დაიცავთ თავს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გექნებათ დრო მოსამზადებლად, მაგრამ მაინც არსებობს საჭირო სივრცის გამოყოფის გზები — თუ მშვიდ საუბარში მოულოდნელად ცუდი ამბების მიწოდების აუცილებლობა წამოიჭრება, შეგიძლიათ უთხრათ: მოდით, აქ გავჩერდეთ… მაგრამ თუ გუნდური შეხვედრაა და ერთ-ერთი კოლეგა რაიმე შეურაცხმყოფელს იტყვის. საჯაროდ ნუ დაიწყებთ ამის განხილვას — უმჯობესია, მოგვიანებით ცალკე გაესაუბროთ.
როგორი ტაქტიკაც უნდა აირჩიოთ, მთავარია, საკუთარი თავის ნაცვლად, სხვებზე ორიენტირდეთ.
წყარო: HBR