როდესაც ამა თუ იმ მასალის შექმნაზე მუშაობენ, ყველაზე რთული გამოწვევა ელასტიურობისა და მდგრადობის ერთდროულად მიღწევაა. რამდენიმე დღის წინ კი, აალტოს უნივერსიტეტის ტექნიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის ავტორებიც ამ გამოწვევის დაძლევას ბუნებით შთაგონებული გზით აპირებენ. კერძოდ, ფინელი მეცნიერების თქმით, ეს შესაძლებელია ობობას ქსელში არსებული აბრეშუმის ცილისა და ცელულოზას ბოჭკოების შერევით. ცელულოზა მცენარეული უჯრედის გარსის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელიც სიმტკიცესა და ელასტიკურობას სძენს მცენარის ქსოვილებს. ის ყველაზე გავრცელებული პოლიმერია და ობობის ქსელთან შერწყმის შემდეგ, შესაძლოა პლასტმასას ჩანაცვლებაც შეძლოს. უფრო კონკრეტულად, იქცეს ახალ გამძლე, ბიოდეგრადირებად და მოქნილ მასალად, რომელსაც პროდუქტების შეფუთვებში, ტექსტილის ინდუსტრიაში, ყოველდღიურობასა თუ სამედიცინო სფეროში, პლასტმასას ნაცვლად გამოვიყენებთ.
აბრეშუმი ნატურალური ცილაა. პროტეინი, რომელსაც მარტივად გამოყოფენ აბრეშუმის ჭიები და ის მრავლადაა ობობის ქსელშიც. აღსანიშნავია, რომ კვლევაში გამოყენებული ცილა ობობის ქსელისგან არ მიუღიათ, ის სპეციალური დნმ-ის ნიმუშისგან შექმნეს, რომელიც ობობას ქსელის იდენტური იყო. ჯერჯერობით, უცნობია, რა გავლენას მოახდენს მსგავსი კვლევა მასალების წარმოებაზე. უცნობია ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, თუნდაც, მასობრივი წარმოების პროდუქტებისთვის ამ მასალის შეფუთვების დამზადება. თუმცა ცხადია, მსგავსი კვლევები სულ უფრო ახალ შესაძლებლობას გვაჩვენებს. სულ უფრო ახალ გზას, თუ როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს პლასტმასა და იმას, თუ როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ეკოლოგიურ კატასტროფას.
სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში.