21
Sep
2018

„სილქნეტის“ განახლებული ლოგო! როგორ იცვლება ბრენდი „ჯეოსელთან“ გაერთიანების შედეგად

21 Sep 2018

რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით საქართველოს ისტორიაში უდიდესი ბიზნეს გარიგების – „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანების შესახებ, დღეს კი, ამ ერთიანი ძალის განცხადებით, „დადგა დრო, როდესაც მობილური კავშირგაბმულობა და დანარჩენი ტექნოლოგიური ინოვაციები ერთი ორგანიზმი უნდა გახდეს და ისე ემსახურებოდეს ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებს“. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერთ ორგანიზმად ქცეული ორი ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზეც აისახა. მასზე გია ბოხუამ იმუშავა, რაც შეეხება განახლებული და გაერთიანებული ბრენდის არქიტექტურას – სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდი იქნება, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

განახლებული ბრენდარქიტექტურა

ალბათ, მომხმარებელს კარგად ახსოვს იასამნისფერი ქვა „ჯეოსელის“ ლოგოზე და ადვილად შესამჩნევია, რომ ის ახალ ვიზუალზე აღარ გვხვდება. კომპანიის განცხადებით, ეს ქვა Telia Company-ის ბრენდს აღნიშნავს, რომლის ჯგუფის წევრიც იყო „ჯეოსელი“. მას შემდეგ კი, რაც „ჯეოსელი“ „სილქნეტმა“ შეიძინა, რა თქმა უნდა, ის აღარ არის ამ ჯგუფის ნაწილი. თუმცა, სანამ ახალგაერთიანებული კომპანია ბრენდის სახეცვლილებზე მუშაობდა, იასამნისფერი ქვა დროებით ისევ რჩებოდა ჯეოსელის ბრენდის იდენტობის სიმბოლოდ. ბრენდის ვიზუალურ, თუ არქიტექტურულ სახეცვლილებებთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად, „სილქნეტის“ კომერციულ დირექტორ – ბაჩო ჩინჩალაძესთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:

M: როგორ მიმდინარეობდა განახლებულ ბრენდზე მუშაობა?
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ნათლად გამოიკვეთა „ჯეოსელის“ ბრენდის მაღალი ცნობადობა და ის საყოველთაო ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა „ჯეოსელი“. ბრენდის ასეთი პოზიციონირება ისედაც ნათლად ჩანდა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ კვლევების შედეგებმაც ეს გვაჩვენა. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფასეულობა, რამაც განაპირობა, წლების განმავლობაში, „ჯეოსელის“ ასეთი სახით პოზიციონირება და გადავწყვიტეთ, რომ გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მობილური მიმართულება „ჯეოსელის“ სახელით გააგრძელებს არსებობას. მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი და საგულისხმო ფაქტორის გათვალისწინებას, როგორც „სილქნეტის“, ასევე „ჯეოსელის“ ბრენდის შემთხვევაში და სწორედ, ამაზე დაყრდნობით მოხდა ბრენდის სახეცვლილება. ვიზუალური ნაწილის განახლების მიმართულებით კი გია ბოხუა მოვიწვიეთ.

„სილქნეტის“ ლოგო ადრე და ახლა

M: რა იცვლება მომხმარებლისთვის?
მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურად მის მოთხოვნებზე მორგებულ, სრული სატელეკომუნიკაციო სპექტრის მომსახურებას: ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონისა და მობილური სერვისების ერთობლიობას, რაც გაუმარტივებს ყოველდღიურობას და მისცემს უსაზღვრო შესაძლებლობებს. სწორედ ეს ყველაფერია გაერთიანებულია ერთი ბრენდის ქვეშ. 21 სექტემბრიდან, კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა სახეცვლილი ბრენდი და ეს ცვლილებები გაერთიანებული კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხში აისახა. ასევე, დაიწყო მაღაზიების გარეთა ფასადების ცვლილება. მალე, მაღაზიები და მომსახურების ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი  იქნება განახლებული სახით. სამომავლოდ, შეიცვლება მომსახურების სივრცეებიც. ეს იქნება ადგილი უსაზღვრო შესაძლებლობებით, უნიკალური შეთავაზებებით, კომფორტითა და რა თქმა უნდა, განახლებული ბრენდით.

რაც შეეხება განახლებულ ლოგოზე მუშაობის სპეციფიკასა და პროცესს, ამ საკითხებზე მარკეტერი „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანებული ბრენდის ლოგოს ავტორს – გია ბოხუას ესაუბრა:

ჩემი დავალება მარტივი არ გამოდგა. უნდა შექმნილიყო ახალი ლოგო, რომელიც ორი ისტორიული ბრენდის გაერთიანებას ასახავდა. ძალიან მაღალია ორივე ბრენდის ცნობადობა. სილქნეტი არის მთავარი ბრენდი, ამიტომ გადაწყდა მისი გამარტივება და გათანამედროვება. ვფიქრობ ეს შევძელი”.

განხილვა